„ბავშვობაში არაფერზე მიოცნებია“, – მითხრა ნინომ, პირველ შეკითხვას სანამ დავუსვამდი. რესპონდენტის გახსნა, მორბილება და საუბრის ტალღაზე დაყენება, როგორც წესი, ინტერვიუს ყველაზე რთული ნაწილია, რომელზეც, ამ შემთხვევაში, საერთოდ არ მიფიქრია. ჩვენი ერთსაათიანი საუბარი ნინოს კარნახით წარიმართა, რაშიც უცნაური არაფერია, რადგან მასზე უკეთესად, მის ცხოვრებაზე ვერავინ მოჰყვებოდა. როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინე, გაბედულობა, ინიციატივის საკუთარ თავზე აღების სურვილი, პროაქტიულობა და ენერგიულობა სწორედ ისაა, რამაც ნინო წარმატებამდე მიიყვანა – ჯერ, როგორც ფინანსისტი, მაგრამ შემდეგ, როგორც ტექნოლოგიური ინდუსტრიის მაღალი რგოლის მენეჯერი და დედა. სწორედ დედობაა ის ქვაკუთხედი, რომელზეც ნინოს ცხოვრება დგას, რადგან, როგორც საუბრისას მივხვდი, ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, საბოლოო ჯამში, ერთი მიზანი აქვს – მისი შვილისთვის და ზოგადად, მომავალი თაობისთვის უკეთესი მომავლის შექმნა.
ცხოვრებისა და კარიერის მიმართ პრაგმატული და მიწიერად ამბიციური მიდგომა, ნინოს ახალგაზრდობიდან ჰქონდა, რის გამოც სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაიფიქრა და იმ დროს შედარებით ახალი მიმართულების – ბიზნესის სწავლა გადაწყვიტა. აი, ასე აღმოჩნდა „კავკასიის ბიზნეს სკოლაში“, ფინანსების ფაკულტეტზე – წამყვანი ქართული უნივერსიტეტის ყველაზე რთულ პროგრამაზე, რომლის გახსენებაზე, იმ დროს, სტუდენტებს ტანში ჟრუანტელი უვლიდათ ხოლმე. „CSB-ი დრაკონების სკოლად ითვლებოდა, ხოლო ჩვენ, ფინანსების სტუდენტებს, Super Mario Bros-ის ბოლო დრაკონს გვადარებდნენ“, – ჰყვება ნინო და დასძენს, რომ უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ, რეალობისთვის თვალის გასწორება მოუხდა. „ძალიან გამიმართლა, რომ ერთ-ერთ ლექტორად, პირველივე კურსზე კახა შენგელია შემხვდა, რომელმაც ეს ახალი სამყარო გამაცნო, რომელშიც, თურმე, არავის აინტერესებდა, ვინ ვიყავი და რა წარსული მქონდა – პირიქით, ვალდებული ვიყავი, ჩემი განსაკუთრებულობა საქმით დამემტკიცებინა“.
„კავკასიის ბიზნეს სკოლას“ და ზოგადად, საუნივერსიტეტო განათლებას, ნინო ლორთქიფანიძის ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც თვითონ ამბობს, სწორედ უნივერსიტეტმა ასწავლა, რომ არ არსებობს გარემოება, რომელსაც ის ასი პროცენტით გააკონტროლებს. უნივერსიტეტმა ასწავლა ისიც, რომ არ არსებობს ჩიხი, რომლიდანაც გამოსავლის პოვნა არ შეიძლება. ცხოვრებისადმი ამგვარი მიდგომა, რომელსაც ადამიანები, ხშირად, სიტყვის მასალად იყენებენ, ნინომ ყოველდღიურობად აქცია და ფილოსოფია – საქმით ჩაანაცვლა. როგორც თავად ამბობს, მუშაობა მესამე კურსიდან დაიწყო, მაგრამ მოტივატორად არა ფული, არამედ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა ჰქონდა, რადგან საუნივერსიტეტო ცხოვრების შემდეგ, საკუთარი ადგილის პოვნა რეალურ ცხოვრებაში სურდა.
საყვარელი საქმე, როგორც იმ დროს ეგონა, მალევე იპოვა და ოცდაორი წლის ასაკში, პირველად გახდა ფინანსური დირექტორი. ორი წლის შემდეგ, დიდ კომპანიაში გადაბარგდა, კიდევ ორ წელიწადში კი, თავი საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში – ISET-ში ამოყო, ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. როგორც თვითონ ამბობს, იყო მომენტები, როცა ასაკის გამო ამ პოზიციისთვის თავს შეუფერებლად გრძნობდა, მაგრამ სწორედ ეს შეგრძნება ავალდებულებდა, განვითარებაზე ხელი არ აეღო. „თუ ვხვდები, რომ საკმარისი ცოდნა არ მაქვს, ვსწავლობ. თუ სხვა მეცადინეობაზე ერთ საათს ხარჯავს, მე საკითხს ოთხ საათს ვუთმობ, რადგან მინდა, საუკეთესო ვიყო. თუმცა, საუკეთესო არა სხვებთან შედარებით, არამედ საკუთარ თავთან – მინდა, რასაც ვაკეთებ, კარგად გავაკეთო. ვფიქრობ, დღევანდელობამდე სწორედ ამ თვისებამ მომიყვანა“, – ამბობს ნინო და დასძენს, რომ ადამიანზე მის მიერ შესრულებული საქმე უნდა ლაპარაკობდეს.
როგორც აღმოჩნდა, საქმის მიმართ უდრეკობა და ახალი ცოდნის მიღების დაუცხრომელი სურვილი, ნინოსთვის იმდენადვე დადებითი აღმოჩნდა, რამდენადაც უარყოფითი. კარიერულ კიბეზე სწრაფმა აღმასვლამ, ახალგაზრდა ქალი შემოქმედებით კრიზისამდე მიიყვანა და ფინანსებზე ხელი ააღებინა. ფინანსებიდან გასვლის შემდეგ, ნინომ კაიზენის მართვის ფილოსოფია“ შეისწავლა და რამდენიმე წელი სტრატეგიული და საოპერაციო მენეჯმენტის კუთხით ვითარდებოდა. ამ გამოცდილებამ კი, ცხადია, მის საწყისთან, ფინანსებთან ერთად, ტექნოლოგიურ ინდუსტრიამდე მიიყვანა, რომლის შესახებ, როგორც თვითონ ამბობს, არაფერი იცოდა. „ტექნოლოგიებზე რომ მელაპარაკებოდნენ, ვამბობდი, ტელევიზორის პულტს რომ ვიღებ, დენი მარტყამს-მეთქი“, – მიყვება ნინო, რომელსაც, როგორც ჩანს, წლებთან ერთად, დენის მიმართ რეზისტენტულობა განუვითარდა.
ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში თამამად და საბოლოოდ გადმოსვლის შემდეგ, ნინო ლორთქიფანიძე არაერთ საერთაშორისო და ლოკალური პროექტს ჩაუდგა სათავეში. პირველ რიგში, SoftBank Robotics-თან პარტნიორობას იხსენებს, რომელმაც შესაძლებლობა მისცა, GiS-ის გუნდთან რობოტებისთვის ქართული ენა ესწავლებინა. იმ დროს, როცა მსოფლიოში ავადსახსენებელი პანდემია მძვინვარებდა, ნინომ და მისმა მეგობარმა და კოლეგამ დრო იხელთეს, მენეჯმენტში, ფინანსებსა და ტექნოლოგიებში მათი გამოცდილება გააერთიანეს და ქართული სტარტაპ-ეკოსისტემისთვის პლატფორმა, The Crossroads-ი შექმნეს. „ღონისძიების ჩატარება გვინდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, სტარტაპერებისა და ინვესტორებს შორის ხიდი ავაგეთ. ამ ეკოსისტემაში ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც, ერთი მხრივ, სტარტაპერების ენა და საჭიროებები ესმის, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორების მოლოდინების განსაზღვრა და შეფასება შეუძლია. ჩვენთვის, The Crossroads-ი არის არა ბიზნესი, არამედ გზა, რომლითაც ეკოსისტემას ვაძლიერებთ“.
კიდევ ერთი საქმე, რომლითაც ნინო ლორთქიფანიძე ეკოსისტემას, კერძოდ კი ამ ტექნოლოგიური ინდუსტრიით დაინტერესებულ ქალებს ეხმარება, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის, Women in Tech-ის ამბასადორობაა. დღეს, ამ ორგანიზაციაში ოცდაათ ქვეყანაში მცხოვრები სამასი ათასი ქალი არის გაწევრიანებული და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამ რიცხვის ხუთ მილიონამდე გაზრდა იგეგმება. ამ ზრდაში, ცხადია, განსაკუთრებულ როლს საქართველოც შეიტანს, როგორც კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოწინავე ჩეპტერი. ქალების გაძლიერებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის ამბასადორობის ფარგლებში შესრულებულ განსაკუთრებულ პროექტებს შორის, ნინო „კავკასიის უნივერსიტეტთან“ და „სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასთან“ და GIZ-თან თანამშრომლობით შექმნილ კურსს ასახელებს, რომელმაც ქალებს საშუალება მისცა, შეღწევადობის ტესტირების პირველ და ფუნდამენტურ საფეხურზე სრულიად უფასოდ გადამზადებულიყვნენ. პარალელურად ამისა კი, ნინო არ ჩერდება და მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობებისა და ცოდნის ჰაბების შექმნის თაობაზე მოლაპარაკებებსა და განათლების მიღებას აგრძელებს.
ისე გამოვიდა, რომ განათლება ჩვენი საუბრის ერთ-ერთ მთავარ შინაარსობრივ ღერძად იქცა, რომელსაც ინტერვიუს მსვლელობისას არაერთხელ მოვუბრუნდით. როგორც ნინო ამბობს, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ფორმალური განათლება, ასევე საკუთარ თავზე მუშაობა. ფორმალური განათლება, ნინოს აზრით, მნიშვნელოვანია ფართო სურათის დასანახად, რაც, თავის წილ, ადამიანს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ამასთან, ნინოს თქმით, მნიშვნელოვანია თვითგანათლებაც, რადგან სამყაროში, სადაც ინფორმაცია უფასო და ყველგანმყოფია, როგორც ბიბლიოთეკაში, ასევე ინტერნეტში, პირველ პლანზე ცოდნის მარტივად პოვნისა და გათავისების უნარი ინაცვლებს. „პროფესიული რეზიუმე რომ მქონდეს, აუცილებლად ჩავწერდი, რომ „დაგუგლვა“ – ჩემი სუპერძალაა“.
ასეთ ფრაზებს, ადამიანები, როგორც წესი, მარტივად არ ამბობენ, რადგან ცხოვრება პროფესიული რეზიუმეს, ანუ CV-ის გარეშე, ერთეულების ხვედრია. შეკითხვაზე, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც რეზიუმე არ აქვს, ნინომ საუბრის დასაწყისში დამაბრუნა, როცა შემოქმედებით კრიზისზე მიყვებოდა. „მრგვალ ბაღში, მეგობართან ერთად ვიჯექი და ვუყვებოდი, რომ მინდოდა ცხოვრება, რომელიც ხან მილანში ამომაყოფინებდა თავს საქმიანი ვიზიტით, ხანაც სხვაგან. მინდოდა ისე მეცხოვრა, თვითმფრინავიდან რომ არ ჩამოვსულიყავი“, – ერთგვარი სევდანარევი ხმით ამბობს ნინო, რადგან, როგორც ჩანს, ცხოვრებამ მას ეს ჩანაფიქრი აღუსრულა. როგორც თავად ამბობს, დღეს, ნახევარ წელიწადს თვითმფრინავში ატარებს, რის გამოც, ხშირად, საყვარელი ადამიანების ნახვასაც ვერ ახერხებს.
„ცხოვრებაში დათმობაზე წასვლა გვიწევს, მაგრამ ის, თუ რა ფასს ვიხდით ცხოვრების ასეთ სტილში, ფასადზე თითქმის არასდროს ჩანს. სულ ვამბობ, რომ ქალებმა, რომლებიც ჟურნალის ყდიდან წარმატებაზე გვესაუბრებიან, ისიც უნდა გვითხრან, წარმატების სანაცვლოდ რა „გადაიხადეს“. მე ზუსტად ვიცი, რაც გადავიხადე. ყოველ საათს ვითვლი, რომელსაც ჩემს შვილთან არ ვატარებ. ყველა მეგობრის დაბადების დღე მახსოვს, რომელიც გამოვტოვე. ყველა ის შემთხვევა მახსოვს, როცა ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ყოფა შეუმსუბუქდებოდათ, მათ გვერდში რომ ვყოფილიყავი. ყველაფერი ეს, თმაში თითო ჭაღარას აჩენს, რომელსაც ან იღებავ და მის შესახებ შენს გარდა არავის უყვები ან იტოვებ და ამბობ, რომ ეს ჭაღარა თმა არის ის, რამაც დღევანდელი „მე“ შექმნა და არა ის, რომ ბიზნესსკოლა დავამთავრე და ბევრჯერ დირექტორი ვიყავი. ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი საუკეთესოდაა და თავს იდეალურად გრძნობ, მაგრამ ეს ასე არ არის. მქონია ეპიზოდები, როცა ჩემს შვილს უთქვამს: „დედა, აღარ ჩამოხვალო?“. ჟურნალის გარეკანზე, როგორც წესი, ეს ყველაფერი არ ჩანს“, – ამბობს ნინო.
შეკითხვაზე, თუ რამდენად დიდ დათმობაზე უწევს წასვლა, ნინო წამიერად ჩაფიქრდა და მითხრა, რომ მისთვის, ამ ფასის გადახდა აუცილებელია. „ვფიქრობ, როცა უნარი შეგწევს და მას არ იყენებ, დამნაშავე ხარ – პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე. ზოგიერთი ადამიანი მარტივად და კომფორტულად ცხოვრობს – ეს, ალბათ, პრიორიტეტებისა და ღირებულებების ამბავია. ჩემთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული. მნიშვნელოვანია დაფიქრდე, რა შეგიძლია და ნაბიჯი გადადგა, რადგან შეიძლება, ამით ნაბიჯი სხვასაც გადაადგმევინო“, – ჰყვება ნინო, მე კი ვფიქრობ, რომ წესით, ადამიანი, რომელიც ასე ცხოვრობს, ბევრი ჩვენგანისთვის სამაგალითოდ შეიძლება ჩაითვალოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამაში საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდებით.
ასეთი დინამიკური ცხოვრების ფონზე, ცხადია, ჩნდება ბევრი სირთულე, რომელთა გადალახვას, თავისებური უნარები სჭირდება. ნინო ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ცხოვრებისეულ პრობლემებს, რეალურად, არასწორი მოლოდინები წარმოშობს. „ვიღაცისთვის სამაგალითო ადამიანად ყოფნა, ანუ როულ-მოდელობა, დიდი პასუხისმგებლობაა. თუ გვინდა ჯანსაღი მომავალი თაობა აღვზარდოთ, განსაკუთრებით ქალებში, მნიშვნელოვანია, ჟურნალის ბრჭყვიალა გარეკანების მიღმა გავიხედოთ და ვიფიქროთ ამ წარმატების პირველწყაროზე. ქალს სურს საუკეთესო და ძალიან ლამაზი იყოს, არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდეს და თან, ისეთ ხაჭაპურსაც აცხობდეს, რომელიც გარშემო ყველას გააბედნიერებს. ცხოვრება ასე არ მუშაობს. შეგიძლია იყო ყველაფერში საუკეთესო, მაგრამ არა – ერთდროულად. მნიშვნელოვანია, ბალანსირება ისწავლო. ყველაფერს აქვს „ფასი“, მთავარია ცვლადების ისეთი პროპორცია შეარჩიო, რომელიც შენთვის ყველაზე მისაღები და კომფორტულია“.
კითხვაზე, თუ რატომ არ ირჩევს მარტივ და კომფორტულ ცხოვრებას, ნინო ალალად მეუბნება, რომ არ შეუძლია. „სულ ვამბობ, ამ პროექტს დავხურავ და ახალს აღარ ავიღებ-მეთქი, მაგრამ არ გამომდის. ჩემი „დრაივი“ – ჩემი სამუშაო ცხოვრებაა. სამაგიეროდ, ძილის წინ რომ ვფიქრობ, დღეს ვის რა ვარგე, სულ მცირე ერთი პუნქტი მონიშნული მაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეორე დილით ადგომის ძალასაც ეს მაძლევს. მერე კი ვდგები და ისევ თექვსმეტი საათი ვმუშაობ“, – ამბობს ნინო, რომელსაც ეტყობა, რომ ყველაფერი, რასაც ამბობს, გულწრფელი და სიღრმისეულია.