ფოტოხელოვანმა ირმა შარიქაძემ აჭარული ნაქარგობა პირველად თბილისში ნახა, მოგვიანებით – აჭარლების ზაფხულის იალაღებზე. 2019 წელს კი აჭარული ნაქარგების კვალდაკვალ პირველ ექსპედიციაში სოფელ ინწკირვეთში მოხვდა. იქ, სადაც, მისი სიტყვებით, „იისფერი სახლები დგას და ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ“, გაიცნო იამზე, სენე, ნაზი, ჟუჟუნა-ევა და სხვები.
მთიან აჭარაში ქალებს სამზითვო ქსოვილების ქარგვასა და ხელსაქმეს ბავშვობიდან, დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ასწავლიდნენ. ნაქარგობა მზითვის აუცილებელი ელემენტი იყო. სამზითვოდ ნაქარგ ტილოებს ხელნაქნარებს უწოდებდნენ. მათ თავად პატარძლები ამზადებდნენ და გათხოვების შემდეგ ნაქარგობებით მეუღლის სახლს რთავდნენ.
დაახლოებით 20-30 წელია, პატარძლები მთიან აჭარაში სამზითვოდ აღარაფერს ქარგავენ. შესაბამისად, ქარგვის ტრადიციაც მივიწყებას ეძლევა, თუმცა მისი გადარჩენის იმედი არსებობს – 2020 წლის 2 ნოემბერს ქარგვის ტრადიციას მთიან აჭარაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ირმა შარიქაძე დოკუმენტურ ფილმში – „აჭარული მზითვის ფერი“ – გვაცნობს ქალებს, რომლებმაც ნაქარგობის ტრადიცია ბებიებისგან და დედებისგან გადაიბარეს და რომლებიც ამბობენ, რომ ამ საქმეს სიხარული მოაქვს.
ირმა შარიქაძე, ფოტოხელოვანი, დიზაინერი, ვიზუალური არტისტი:
„მაღალმთიანი აჭარა და მისი განსაკუთრებული კულტურა საქართველოს საგანძურია. აჭარული ნაქარგობა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც დაკარგვის საფრთხის წინაშეა.
პროექტის უპირველესი მიზანი გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი აჭარული ნაქარგობის ტრადიციის შენარჩუნება და თანამედროვეობაში დამკვიდრებაა. პროცესში მივხვდი, რომ ფოტოები არ იყო საკმარისი და საჭირო იყო ფილმის გადაღება, რადგან კინემატოგრაფის ვიზუალური ენა, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია და შორს ისმის.
ფილმის – „აჭარული მზითვის ფერი“ – გადაღება თიბისის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. შენარჩუნებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ექსპედიციების გაგრძელება, ტრადიციული აჭარული ნაქარგობის საფუძვლიანი შესწავლა, აღწერა და კატალოგიზაცია. აქვე უნდა ვახსენოთ შემონახული ნაქარგობის ნიმუშების მხატვრული და სიუჟეტური კვლევის საჭიროებაც.
იგეგმება ფილმის ფესტივალებზე გაგზავნა. აჭარელი ქალის სამზითვო ნაქარგობა წარმოადგენს ხელოვნების ისეთ ფორმას, რომლითაც თავისუფლად შეიძლება საქართველოს წარმოჩენა უკვე სრულიად ახალი რაკურსით მსოფლიო კულტურის წინაშე“.
რატომ დაინტერესდით ამ თემით?
„ჩემს შემოქმედებაში ქალის ხაზი ყოველთვის მთავარი იყო – კვლევის ძირითადი საგანი. ჩემი ხედვა ფოტოგრაფიაშიც და დიზაინშიც ქალის სამყაროს ხედვით არის შთაგონებული.
ფილმი „აჭარული მზითვის ფერი“ წარმოადგენს ქალების ერთგვარ მანიფესტს, მაღალმთიანი აჭარის მცხოვრები ქალების ხმას, ვინაიდან ნაქარგობის შექმნის ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა სწორედ ქალის ხაზით. დღეს განსაკუთრებით ცხადია, რომ ეს ხმა უნდა ისმოდეს მკაფიოდ და ხმამაღლა“.
რა არის თქვენი ფილმის მთავარი გმირებისთვის ხელსაქმე – ერთგვარი თავშესაფარი? თერაპია?
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ქარგვა იყო ქალისთვის ხელმისაწვდომი სახვითი ხელოვნების ერთადერთი სახეობა, სადაც ქალს შეეძლო სამყაროს საკუთარი ხედვა და შემოქმედებითი საწყისი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სამეტყველო ენით შეექმნა და ყოფაში გადმოეტანა.
ისტორიკოსი თემურ ტუნაძე წერს: „აჭარაში ქალის ხელსაქმეს ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა და ძალიან აფასებდნენ. გასათხოვარ ქალს აუცილებლად უნდა სცოდნოდა რთვა, ქსოვა და ქარგვა. ნაქარგობა და ნაქსოვი წინდები გასათხოვარი ქალის – პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა, მათ შორის იყო მრავალფერად მოქარგული კედლის ტილოები, ნაქსოვი ქისები, თავსაკრავები, თავსაბურავები და სხვა. ამ ნივთებიდან ნაწილი ახალი ოჯახის წევრებისათვის სასაჩუქრედ იყო განკუთვნილი, ხოლო ნაქარგობები სახლის სხვადასხვა ოთახის მოსართავად გამოიყენებოდა. განსაკუთრებულად ირთვებოდა პატარძლის საკუთარი ოთახი – „რძლის ოდა“, სადაც ახალი წყვილი აგრძელებდა ცხოვრებას. ხალხური გადმოცემებით თავმომწონე პატარძალს მინიმუმ 20-30 ცალი ნაქარგი უნდა ჰქონოდა მზითვში“.
აჭარულმა ნაქარგობამ, როგორც აჭარელი ქალის ყოველდღიურობის განუყოფელმა ნაწილმა, თავისი მნიშვნელობა დაახლოებით 30 წელია, დაკარგა. დღეს აჭარაში ვეღარ შეხვდებით ახალგაზრდა ქალს, რომელიც ნაქარგობას ქმნის და, ამდენად, ქარგვის ტრადიცია, მთელი თავისი უნიკალური მცენარეული და გეომეტრიული მოტივებით, ზოომორფული და ანთროპომორფული სახეებით, ნაყოფიერების არქაულ კულტთან დაკავშირებული სიცოცხლის ხისა და მისი მცველების სიმბოლიკით, ვეფხისტყაოსანის სიუჟეტებით, დავიწყებას ეძლევა…
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ Irma de Flore-ის დიზაინერული ქალის სამოსის ხაზი, სახლის დეკორისა და აქსესუარების კოლექცია და აჭარელი მქარგავი ქალების კოლაბორაცია მოტივაცია გახდება ახალი თაობისთვის ნაქარგობის შესწავლისა და აჭარული ნაქარგობის ტრადიციის გადარჩენისთვის, რაც ქართული კულტურის ნიშნების თანამედროვე დიზაინ ელემენტებად გარდაქმნას შეუწყობს ხელს“.
რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ქალები ზემო აჭარაში?
„ფილმში ოთხი გმირი ქალია, თითოეულის ამბავი ძალიან საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამ ხარისხის ადამიანურობა გულწრფელობა და სტუმრის პატივისცემა არსად მინახავს. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა მეჩეთში დიდი სიამოვნებით შემიშვეს და გადამაღებინეს. ღორჯომის ხის მეჩეთი, ანუ ჯამე გამორჩეულად ლამაზია.
მიუხედავად იმისა, რომ ქალებს აჭარის მთაში ბევრი პრობლემა აქვთ, ძალიან დიდი ყოველდღიური ფიზიკური შრომა, ამას ემატება სოფელში სამუშაო ადგილების, კარგი განათლების მიღების სირთულე ან შეუძლებლობა, ეს ყველაფერი არ განსაზღვრავს მათ თვითშეფასებას. ჩემი ფილმის ყველა გმირი ბედნიერია“.
აჭარული ნაქარგობის პროექტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტმა რამდენიმე კომპონენტი გააერთიანა: ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი „აჭარული მზითვის ფერი“, რომელიც თიბისის მხარდაჭერითაა გადაღებული; აჭარული ნაქარგობის თემაზე ირმა შარიქაძის ფოტონამუშევრების გამოფენა და პანელური დისკუსიები, რომელთა მთავარი თემები იყო ქალთა გაძლიერება რეგიონში და ქართული ნაქარგობა როგორც ხელოვნება.
მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი:
„ქართული მემკვიდრეობის გადარჩენა სხვადასხვა ინოვაციური გზით ძალიან მნიშვნელოვანია. მეწარმეობა სწორედ ერთ-ერთ ინოვაციას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ყველანაირი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. მეორე ფაქტორი, რითაც ეს პროექტი ძალიან ახლოს მოდის ჩემთან, ქალების ისტორიებია. ჩვენ შეიძლება ზოგადი წარმოდგენა გვქონდეს აჭარელ ქალზე, მაგრამ აქ ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებსაც ინდივიდუალური ისტორია აქვთ და ამ ისტორიას ნაქარგების საშუალებით ჰყვებიან. ესაა მათი ემოციის გადმოცემის შესაძლებლობა, რაც ძალიან ამაღელვებელია და, ამავე დროს, გარწმუნებს იმაში, რომ რასაც აკეთებ და როგორც აკეთებ თუნდაც ქალთა გაძლიერების მიმართულებით, ნამდვილად ღირებულია.
ესა არაა კონკრეტული პროექტის მხარდაჭერა, ესაა ქართული კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერა და მუშაობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მომავალ თაობას გადაეცეს. ამ ორ ნაწილს შორის ხიდის პოვნის მცდელობაა.
ხშირად ვრწმუნდები, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებს დავანახოთ მათივე შესაძლებლობები, ავუხსნათ, რომ რასაც აკეთებენ, ეს ჩვეულებრივი ამბავი სულაც არ არის. ძალიან ხშირად ქალებს ასეთი საქმეების კეთება ბუნებრივი და თავისთავადი ჰგონიათ, თითქოს ამას ყველა აკეთებდეს. არადა, უზარმაზარი ნიჭიერება დევს ამ შემოქმედებაში, ხელოვნების ნიმუშები იქმნება. იგივე შეიძლება ითქვას კულინარიაზეც და ბევრ სხვა რამეზე, რაც ქალმა შეიძლება თავისი გაძლიერებისთვის გამოიყენოს. საგულისხმოა, რომ ქალებს ხშირად არ შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი ნაშრომის ღირებულება, იმიტომ, რომ მათ არ იციან, რომ ეს შრომაა. ამას, სავარაუდოდ, აკეთებენ მაშინ, როცა თავისუფალი დრო აქვთ და ეს თავისუფალი დრო მათთვის შრომასთან არ ასოცირდება“.