15 ივნისიდან ქვიშხეთში ეკო სასტუმრო “მწერლები” გაიხსნება

ფოტოზე სასტუმრო “მწერლებია” აღბეჭდილი, რომელიც ხაშურის ცენტრიდან 10 კილომეტრში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, ყოფილი მთის კურორტ “მწერლების” ადგილას აშენდა.

სასტუმრო 15 ივნისიდან სტუმრებს სრული დატვირთვით უმასპინძლებს. წიწვოვანი ტყის ძირში ორ ჰექტარ ფართობზე გაშლილი სასტუმროს კომპლექსი უნიკალური იმითაა, რომ კლიმატოთერაპიაა სასუნთქი სისტემის, ბრონქებისა და ფილტვებისთვის, რასაც შავი ზღვის თბილი და ნოტიო ჰაერის მასების მთის ჰავასთან შერწყმით მიღებული ჟანგბადის მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს.

ჯანსაღი გარემოს შექმნა კომპლექსის მშენებლობისას მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. სასტუმროს გენერალური მენეჯერის, ნანუკა თევზაძის, განმარტებით, სასტუმრო, ძირითადად, საოჯახო ტიპის დასვენებაზეა გათვლილი, თუმცა, ასევე, გათვალისწინებულია უქმეების გატარების მსურველთა და კორპორატიული სეგმენტის ინტერესებიც.

“მწერლები” აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზით, ღია და დახურული საბავშვო სივრცეებით, აუზებითა და ღია ვერანდით. ასევე, გათვალისწინებულია ცალკე სივრცე მათთვის, ვისაც ხმაური, ცეკვა, სიმღერა და კარაოკე უყვარს, რომელიც კომპლექსის ძირითადი ნაწილისგან მოშორებით, იზოლირებულად დგას.

სასტუმრო მომხმარებელს 15 ივნისიდან უმასპინძლებს და სტანდარტული ორკაციანი ნომრის ღირებულება 120 დოლარის ექვივალენტი ლარში იქნება.

უახლოეს მომავალში სასტუმრო ოფიციალურ სერთიფიკატს მიიღებს, რითაც მას ეკო-სასტუმროს სტატუსი მიენიჭება.