კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, 2021 წლიდან მომხმარებელს მობილურ მომსახურებას ვირტუალური ოპერატორები გაუწევენ. კომუნიკაციების ბაზარზე ახალი მოთამაშის გაჩენას ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად, სხვა შედეგებიც მოჰყვება: მრავალფეროვანი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და კონკურენტული გარემო.
კომპანიები მომხმარებელს ,,მაგთიკომის,“ ,,სილქნეტისა“ და ,,ბილაინის“ ქსელის გამოყენებით მოემსახურებიან. ვინაიდან, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებს, იგივე MVNO-ებს, არ გააჩნიათ საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა. ისინი მომხმარებლებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით ემსახურებიან.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, MVNO ეფექტური საშუალებაა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის. ვირტუალური კომპანიები მარტივად ერგებიან აბონენტების მუდმივად ცვლად მოთხოვნებს. ვირტუალურ ოპერატორებს კი საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ აბონენტის კმაყოფილების ხარისხის ყველა პარამეტრით.
MVNO-ები მსოფლიოს 80-ამდე ქვეყანაში ოპერირებენ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და იაპონიაში. მათი რაოდენობა 1300-ს აღემატება და ყველაზე მეტი, 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია. აბონენტების საერთო რაოდენობა 220 მილიონს აჭარბებს.