ილონ მასკი: საჭიროების შემთხვევაში სუნთქვის აპარატების წარმოებას დავიწყებთ

Tesla-სა და Space-X-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი საწარმოები დამატებითი სუნთქვის აპარატების დასამზადებლად გადაეწყობა. ამის შესახებ მასკმა განცხადება Twitter-ზე გააკეთა ოთხშაბათ საღამოს რაჯა აბბას პოსტის საპასუხოდ:

„გთხოვთ რაც შეიძლება მალე გადააკეთოთ ქარხნები სუნთქვის აპარატების დასამზადებლად. მე Tesla-ს მფლობელი ვარ და მიყვარს კომპანია. ეს მასობრივი კატასტროფაა. ჰკითხეთ ექიმებს, რომლებიც მუშაობენ.“ -დაწერა აბბამ Twitter-ზე.

როგორც მასკი აღნიშნავს, Tesla და Space-X მაღალტექნოლოგიურ საწარმოებს ფლობენ და სამედიცინო რესპირატორების დამზადება მათთვის რთული გამოწვევა არ იქნება, თუმცა ქარხნების გადაწყობას ახალი მიზნისათვის გარკვეული დრო დასჭირდება.

სუნთქვის აპარატები აუცილებელი კომპონენტია კორონა ვირუსის მკურნალობისთვის. ექსპერტები ჯერ კიდევ თებერვალში გამოთქვამდნენ შიშს, რომ კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების შემთხვევაში ამერიკაში სამედიცინო რესპირატორებზე დეფიციტი მოსალოდნელი იყო. როგორც ამერიკის მთავრობა აცხადებს, პანდემია ამერიკაში შესაძლოა კიდევ 18 თვის განმავლობაში გაგრძელდეს და რამდენიმე ტალღად განმეორდეს, რის გამოც სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობა მოსალოდნელია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მსხვილმა ამერიკულმა საწარმომ, როგორებიცაა General Motors და Ford, უკვე დაიწყეს თეთრ სახლთან მოლაპარაკებები სამედიცინო აღწურვილობის დეფიციტის შემთხვევაში თანამშრომლობის ფორმატზე.