ეპილეფსია თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებაა, რომლითაც მსოფლიოში, საშუალოდ, 50 მილიონი ადამიანია დიაგნოზირებული. თავის ტვინში ნერვული უჯრედების აქტივობის დარღვევა იწვევს ხანმოკლე შეტევებს, ანუ გულყრას. სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება თანამედროვე ანტიეპილეფსიური მედიკამენტები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გულყრების შეწყვეტის საშუალებას იძლევა. თუმცა პაციენტთა, დაახლოებით, 30%-ისთვის მედიკამენტოზური მკურნალობა უშედეგოა და ვერ ამცირებს შეტევათა სიხშირეს.
photo – Markus Gjengaar
კრემბილის ნევროლოგიის ცენტრის ექიმების, მარჯან რაფისა და ტაუფიკ ვალიანტეს, ახალმა კლინიკურმა კვლევამ მეტად საინტერესო შედეგი აჩვენა. აღმოჩნდა, რომ მოცარტის შემოქმედებას ეპილეფსიური შეტევების სიხშირის შემცირება შეუძლია.
დაკვირვება 13 პაციენტზე ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. მათი ნახევარი პირველი სამი თვის მანძილზე უსმენდა სონატა K.448-ის ორიგინალ ვერსიას, მომდევნო სამი თვის მანძილზე კი ამავე სონატის არანჟირებულ ვერსიას, რომელსაც აკლდა რიტმულობა. მეორე ჯგუფმა კი ექსპერიმენტი არანჟირებული ვერსიით დაიწყო და შემდეგ იგი ორიგინალი ვერსიით ჩაანაცვლა. პაციენტები კვლევის განმავლობაში დღიურში აღნიშნავდნენ შეტევათა სიხშირეს. მედიკამენტოზური მკურნალობა ამ დროის მანძილზე უცვლელი რჩებოდა.
“ჩვენმა შედეგებმა აჩვენა, რომ მოცარტის სონატა K.448-ის ორიგინალი ვერსიის მოსმენა, ასოცირებული იყო ზრდასრულებში ეპილეპსიური შეტევების სიხშირის შემცირებასთან,“ – აღნიშნა ექიმმა რაფიმ.
მისი დაკვირვებით, ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ შეტევათა სიხშირის შემცირების მიზნით, მოცარტის მოსმენა შეიძლება მივიჩნიოთ ეფექტურ თერაპიულ ალტერნატივად.
დოქტორ ვალიანტემ აღნიშნა, რომ ის ეპილეპსიით დაავადებულ პაციენტებს ხშირად უკეთებს ქირურგიულ ოპერაციას და, მისი კარიერის მანძილზე, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეუცვლია უკეთესობისკენ. მიუხედავად ამისა, ექიმი არ უარყოფს, რომ ზოგი პაციენტისთვის ოპერაციაული ჩარევა არ განიხილება მკურნალობის ალტერნატივად და რიგ შემთხვევებში უშედეგოდაც დამთავრებულა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი ძიება დაავადებასთან გასამკლავებელი ალტერნატიული გზებისა. უახლოეს მომავალში იგეგმება კვლევის ხელახალი ჩატარება უფრო დიდ საკვლევ ჯგუფზე, შედარებით ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.