ADEPT – მიღწევა, როგორც პროფესიული ისტორიის ნაწილი | ინტერვიუ თინათინ მუშკუდიანთან

„არავინ უნდა მოკვდეს კბილებით, რომელიც წყლით სავსე ჭიქაშია“, – ეს სიტყვები ექიმ პიერ-ინგვარ ბრანემარკს ეკუთვნის, რომელმაც 1951 წელს პირველად დაიწყო იმპლანტებისათვის ტიტანის გამოყენება შვედეთში, ჰეოტებორგის უნივერსიტეტში. დენტალური იმპლანტაცია სტომატოლოგიის შედარებით ახალი დარგია, რომელიც მუდმივად ვითარდება და იხვეწება. დღეს, პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა, დაკარგული კბილი აღიდგინოს მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

სტომატოლოგი თინათინ მუშკუდიანი წლებია დენტალურ იმპლანტაციას აკეთებს და მსოფლიო ცნობილ იმპლანტოლოგებთან ერთად, ექიმებს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცოდნას უზიარებს. IFZI GmbH-ის ერთადერთი ქართველი ტრენერი ქალი, ამიერკავკასიაში ცნობილი ბრენდის პლანმეკას წარმომადგენელია. მისი წარმატება დაუღალავი შრომის და სწავლის შედეგია, რომელმაც დღეს დენტალური იმპლანტაციის სამყაროში თავისი წილი სიტყვა ათქმევინა.

მისი პროფესიული ზრდა და პირადი ცხოვრება ერთმანეთის პარალელურად, სრულიად პატარა ასაკში იწყებდა განვითარებას. მაშინ 90-იანები იდგა. იმ პერიოდის რთულ ყოფას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის ამბავი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ორი შვილით მარტო ღია ცის ქვეშ, ერთი ბორმანქანის იმედად დარჩა. ერთი იცოდა – ბევრი უნდა ემუშავა, რადგან პროფესიული ზრდის პარალელურად, ორი შვილი და ბინის ქირა უნდა ეხადა. შრომისგან ბევრი შემოთენებული დღე, მისი წარმატების ანგარიშზე ირიცხებოდა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ მისი კეთილისმსურველებიც და ადამიანებიც, რომლებსაც მისი ახალი ნაბიჯების ნაკლებად სჯეროდათ. თუმცა მან იცოდა, რომ მის დასახულ გეგმას უნდა მიჰყოლოდა და დანარჩენებთან მხოლოდ მისი სავიზიტო ღიმილით შემოფარგლულიყო. არ უოცნებია, რომ წარმატების ამ წერტილამდე მივიდოდა, თუმცა მისი ყოველი ახალი ნაბიჯი, სამყაროს უკეთესობის შეცვლისკენ იყო მიმართული.

Forbes Woman-ი ქსელური სტომატოლოგიური კლინიკის „დენტ ადეპტის“ დამფუძნებელს, ექიმ თინათინ მუშკუდიანს გაგაცნობთ, რომელიც დასახული მიზნისთვის ყველა დაბრკოლებას უმკლავდებოდა. მთელი მისი პროფესიული სიყვარული გარდაცვლილ სტომატოლოგ მამას მიუძღვნა, რომელიც მისი კარიერული წარმატების მთავარი ინსპირაცია იყო და არის.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ვინ იყო თქვენი ინსპირაცია, რომელმაც თქვენი სამომავლო პროფესია განსაზღვრა?

მე ჩემი პროფესია ბავშვობიდან არჩეული მქონდა, რაც გამომდინარეობდა მამისადმი განსაკუთრებული სიყვარულისგან, რომელიც ასევე სტომატოლოგი იყო. სამწუხაროდ, მამა ადრეულ ასაკში დავკარგე, რამაც კიდევ უფრო გამიმძაფრა სურვილი მამის პროფესიას გავყოლოდი. მას შემდეგ, რაც დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი, რეზიდენტურა უნიდენტში, მარინა მამალაძესთან გავიარე. ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ მარინას, რადგან მაშინ ფინანსური პრობლემების გამო, მან მომცა უდიდესი შანსი, რომ მის ბაზაზე გამევლო რეზიდენტურა. ეს ჩემთვის პირველი კარიერული მიღწევა იყო, რადგან ჩემი პოტენციალი პირველად ისეთმა სტომატოლოგმა დაინახა, როგორიც ქალბატონი მარინა არის.

განვითარების მიღმა რა გამოწვევების წინაშე იდექით?

პროფესიული ზრდის გარდა ცხოვრებაში, როგორც ყველას, სხვა ტიპის გამოწვევებიც მქონდა. ორი შვილით, ახლადგანქორწილებული ნაქირავებ ბინაში აღმოვჩნდი და იმ დროისთვის ერთადერთი ბორმანქანა გამაჩნდა, რომელიც ვარკეთილში იყო. 14 წლის წინ, განქორწინების შემდეგ, ინტენსიურად დავიწყე მუშაობა. დაუღალავმა შრომამ და პროფესიონალიზმმა ძალიან კარგი შედეგი მომცა. პაციენტების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ შანსი მომეცა გამეხსნა ახალი ფილიალი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში უნდა ყოფილიყო, რადგან პაციენტების გარკვეულ ნაწილს უჭირდათ ვარკეთილის ფილიალში სიარული. კლინიკის განვითარებისთვის მეორე ფილიალი აბაშიძეზე ქირით გავხსენი. აბაშიძის ფილიალის წარმატების შემდეგ, გადავწყვიტე, იჯარა, „საქართველოს ბანკის“ დახმარებით, საკუთარი ფართით ჩამენაცვლებინა და ასე გავხსენი ახალი ფილიალი საბურთალოზე. ჩემი საკუთარი სახლის არქონის გამო კლინიკის უკანა ნაწილი საცხოვრებლად მოვაწყვე. აქვე ვცხოვრობდი და აქვე ვმუშაობდი 24 საათიან გრაფიკში. 2 წლის შემდეგ მომეცა საშუალება საკუთარი სახლი მქონოდა და კლინიკა სრულად გამეფართოებინა. თითქმის ყველა საფეხური გავიარე წარმატების მისაღწევად. თავიდან, როცა ამ საქმეს ვიწყებდი, არ მქონდა იმის საშუალება, რომ ყველა მიმართულების თანამშრომელი მყოლოდა. ამიტომაც, უკვე თერაპევტმა გავიარე ქირურგიული სტომატოლოგიის კურსი, შემდეგ იმპლანტაცია და ორთოდონტია შევისწავლე. ჩემს გამოცდილებას ჩემი კლინიკის ექიმებს ვუზიარებდი, რომლებიც მას ფართოდ იყენებდნენ.

კლინიკის სახელწოდება „დენტ ადეპტი“, რომელიც მიღწევას ნიშნავს, ესეც თქვენი მიზნების ნაწილი იყო?

სიმართლე რომ გითხრათ, ასე ღრმად არ მიფიქრია ამ საკითხზე. სრულიად შემთხვევით, უცხო სიტყვათა ლექსიკონში ლათინურად ამოკითხული სიტყვა „ედებთ“, რომელიც როგორც აღნიშნეთ მიღწევას ნიშნავს, მომეწონა და ასე დავარქვი კლინიკას – „დენტ ადეპტი“. მიუხედავად იმისა, რომ არ არის მარტივად გამოსათქმელი სახელი, არასდროს არ ვუღალატებ ამ სახელს, რომელიც ჩემი პროფესიული ისტორიის ძირითადი ნაწილია.

გარდა იმისა, რომ კლინიკის წარმატებული მუშაობისთვის დიდ შრომას დებდით, რა გზას გადიოდით ამის პარალელურად,რომ თქვენი ცოდნა კონკრეტულ მიმართულებებში გაღრმავებულიყო?

ჩემი პაციენტები მაქსიმალურად მინდოდა ამერიდებინა ხელოვნურ ჩარევებს და შესაბამისად, წავედი თერაპიული თვალსაზრისით, მხატვრულ რესტავრაციებში. იმ პერიოდში კბილთა მხატვრული რესტავრაცია სიახლე იყო თერაპიულ სტომატოლოგიაში, ერთერთი პირველი ვიყავი საქართველოდან ვინც ეს კურსი საზღვარგარეთ გაიარა. მე ვიცოდი ჩემი საქმე და მივყვებოდი ჩემს გეგმას. ჩემი ამბიცია იყო ის, რომ ყველაფერი მესწავლა პირველი ხელიდან და ასეც მოხდა ინპლანტაციის შემთხვევაშიც. ბიჰელიქსის მიმართულებით საქართველოში ნამდვილად ნოვატორი ვარ. ეს არის ჯონ მიუს ბრიტანელი მეცნიერის აპარატი, რომელიც ვიწრო სასას ისე აფარტოვებს, რომ ქირურგიული ჩარევა გვერდით რჩება. ეს ჩემთვის, როგორც ორთოდონტისთვის დიდი შესაძლებლობების მომცემია. ცხადია სწავლას არასდროს ვწყვეტდი. აღმოვჩნდი გერმანელი იმპლანტოლოგის მანფრედ ლენგის კურსებზე. იმდენად წარმატებული აღმოჩნდა ჩემი სასწავლო პერიოდი გერმანიაში, მანფრედ ლენგმა გადაწყვიტა, რომ IFZI სატრენინგო ცენტრში მივეწვიე ტრენერად. ეს არის მსოფლიოში ცნობილი ინპლატანციის ცენტრი, რომელიც ემსახურება ბრედენტს. ბრედენტი არის გერმანიაში არა მხოლოდ ნომინირებული, არამედ 2019-2020 წლებში გამარჯვებული იმპლატანტი. მსოფლიოში ყველაზე სუფთად დამუშავებული, რომელიც ძლოვან ქსოვილთან ადვილად შეთავსებადია. IFZI -ის სასწავლო ცენტრის ტრენერი გახლავართ და მაქვს შესაძლებლობა ,რომ ჩემი ცოდნა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ექიმებს გავუზიარო.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

იმისთვის, რომ IFCI-ის ტრენერი გამხდარიყავით რა ნაბიჯების გავლა მოგიწიათ?

იმისთვის, რომ მათი ტრენერი გახდე, ხუთი წლის განმავლობაში უნდა ატარებდე იმპლანტაციას მხოლოდ გერმანული ბრედენტის იმპლანტანტებით. უნდა გქონდეს წელიწადში სამასი იმპლანტანტი მაინც ჩასმული და მათ მიერ განსაზღვრულ დროში მინიმუმ ათასხუთასი. ეს ქეისები ეგზავნება პროფესორ მანფრედ ლენგს, რის შემდეგაც იგი გადაწყვეტს, მოგანიჭოს ტრენერის წოდება თუ არა. ცალსახად, გაგზავნილი ქეისები არაა გარანტი იმისა, რომ მათი ტრენერი გახდები. ამჯერად მე ძალიან გამიმართლა და პროფესორის თვალში მოვხვდი, რომელიც აქტიურად აკვირდებოდა ჩემს საქმიანობას და უმოკლეს დროში, დაახლოებით ორ წელიწადში მე მათი ტრენერი გავხდი. ამ ვადაში, ამ სივრცეში არცერთი ტრენერი არ აუყვანიათ, ასე გავხდი IFZI GmbH-ის ერთადერთი ქალი ტრენერი და ერთადერთი ქართველი ტრენერი.

ეს ის საფეხური იყო, რომლისთვისაც დაუღალავად შრომობდით?

ეს იყო ის საფეხური, რომელსაც ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მივაღწევდი. ასე ხანმოკლე ვადაში მათი ტრენერობის სტატუსის მონიჭება გულწრფელად დიდი შოკი იყო. ერევანში ერთ-ერთ შეხვედრაზე გადმომცეს და ეს ემოციები არასდროს გამინელდება.

საინტერესოა ამხელა გამოცდილებისა და ცოდნის პარალელურად, რატომ არ გაქვთ სამედიცინო ხარისხი?

თემა, რომელზეც მინდოდა ხარისხის დაცვა, დარწმუნებული ვარ ნობელის პრემიის გამარჯვებული თუ არა, ლაურეატი მაინც გახდებოდა. ამის შემდეგ, დაახლოებით ხუთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება PhD კანადაში გამეკეთებინა. აქაც გამოწვევის წინაშე დავდექი. საბუთების გაგზავნის მერე მოვიდა პასუხი საკონსულოდან, რომ მაღალი რისკის შემცველი ვიყავი საქართველოში უკან დაბრუნების კუთხით. იმ პერიოდში დროებით შევაჩერე ეს საკითხიც, თუმცა წელს ისევ დავუბრუნდი PhD თემას და ვაბარებ ისევ კანადაში.

მიღმა თქვენი კარიერული წარმატებისა, რა სერვისი და როგორი აღჭურვილი კლინიკა ხვდებათ პაციენტებს, რომლებიც თქვენს კლინიკას ირჩევენ?

კლინიკა აღჭურვილია მსოფლიო წამყვანი სამედიცინო აპარატურით, დაწყებული სადიაგნოსტიკო დამთავრებული სამკურნალო აპარატებით, მათ შორის ლაზერით. საქართველოში, ჩვენ კლინიკაში დგას მაღალი ხარისხის პლანმეკას ბრენდის ბორმანქანები. ახლახანს შევიძინეთ მსოფლიო ლიდერი აიმეს აიკორის საჩარხი აპარატი, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არავის არ აქვს. ეს იცით რის საშუალებას გვაძლევს? პაციენტს კბილი ამოვუღოთ, დავასკანეროთ პირის ღრუ და სანამ ოპერაცია დასრულდება იმპლანტატზე დატვირთული გვირგვინით გავუშვათ. კლინიკაში არსებული ტექნიკა ჩვენს პროფესიონალ გუნდს აძლევს იმის საშუალებას , რომ ზუსტი დიაგნოზი დავსვათ , შევამციროთ სამუშაო დრო და მაღალი ხარისისხის შედეგი დავდოთ. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი სტომატოლოგიური პრობლემას რაც შეიძლება მცირე დროში გავუმკლავდეთ.

სტომატოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა კვლავ დიდ პრობლემად რჩება. რა ხდება ამ მიმართულებით თქვენს კლინიკაში და რა საკომუნიკაციო საშუალებას იყენებთ ამისთვის?

გარდა იმისა, რომ ჩვენთან პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ვუწევთ, მომსახურების საფასური სრულიად განსხვავებული და სრულიად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება საკომუნიკაციო არხებს, არ ვსარგებლობთ სატელევიზიო და რადიო რეკლამირებით. არასდროს არ გამომიყენებია პაციენტთა სიმრავლისთვის სხვა საკომუნიკაციო საშუალება, გარდა ჩემი და ჩემი ექიმების მიერ შესრულებული ხარისხიანი სამუშაოსი. ჯერ კიდევ სტუდენტობისას კარგად მქონდა დამახსოვრებული ექიმ მარინა მამალაძის სიტყვები, რომ კმაყოფილ პაციენტს მოჰყავს ახალი პაციენტები.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

თვლით თუ არა, რომ უფრო რთულად გაიარეთ ის კარიერული გზა, რომელმაც ამ წარმატებამდე მიგიყვანათ იმიტომ რომ ქალი ხართ?

ბევრჯერ მიფიქრია ამ საკითხზე. ვთვლი, რომ არც კაცის შემთხვევაში იქნებოდა ადვილი ამ გზის გავლა.

თქვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აქტიურია, სამომავლო გეგმებიც ბევრი გექნებათ…

სამომავლო გეგმები მართლაც დიდი და გრანდიოზული მაქვს. ჩვენი მესამე, ახალი ფილიალი იწყებს ფუნქციონირებას მარნეულში, სადაც ჩვენ, სტომატოლოგები ძალიან ვესაჭიროებით პაციენტებს. ცხადია, ახალი ფილიალიც საუკეთესო აპარატურით არის აღჭურვილი და პროფესიონალი ექიმები იმუშავებენ. ძალიან მალე, ვარკეთილში, სადაც ჩემი კარიერული ისტორიის წერა დაიწყო, 400 კვ.მ. ფართობზე გავხსნით სათავო ოფისს. მსოფლიოში ცნობილი სტომატოლოგები ჩაატარებენ ოპერაციებს და ნებისმიერ ექიმს მიეცემა საშუალება მათ დაესწროს. გარდა ამისა, აქამდე არ მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ სტუდენტები დიდი რაოდენობით ჩამერთო პრაქტიკაში, თუმცა უკვე ახალი სათავო ოფისი მომცემს საშუალებას აკადემიურ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული სწავლება გაიარონ იმ სტუდენტებმა, რომლებსაც საბაზისო ცოდნა აქვთ მიღებული. იმპლანტოლოგები და ორთოდონტები იქნებიან ჩვენი სათაო ოფისის სტუმრები და როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს მიეცემთ საშუალება, პრაქტიკულ და სალექციო ნაწილს დაესწრონ.

და ბოლოს, რა არის თქვენი კომპანიის ის ფუნდამენტური ღირებულება, რომელზეც დგას იგი?

როდესაც კარიერაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ჩემს პრინციპად ვაქციე არ გამეკეთებინა პაციენტებისთვის ის, რაც არ მინდოდა ჩემთვის გაეკეთებინათ. დღეს ჩემი კლინიკის ყველა ექიმი იზიარებს ამ პრინციპს და ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის ფუნდამენტური ღირებულება, რომელზეც დგას კომპანია.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia