მუზეუმებით მოთხრობილი საქართველოს ამბავი

ხანდახან ვფიქრობ, ნეტა როგორ აღვიქვამდი ჩემს ქვეყანას, ქართველი რომ არ ვიყო. როგორ აღვფრთოვანდებოდი უძველესი, უმდიდრესი და მრავალფეროვანი კულტურის ქვეყნით. როგორ ვიმოგზაურებდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გავეცნობოდი ქვეყნის ისტორიას და დავტკბებოდი გამაოგნებელი ჰარმონიით ლანდშაფტის, ტრადიციისა და კულტურის, რომელიც ასე მძლავრად და მრავლად არის და რომელსაც საოცარი გაფრთხილება სჭირდება.

ვფიქრობ და წარმოვიდგენ ჩემს თავს ხან თუშეთის მისტიკურ მთებსა და სოფლებში, ხან ანტიკური პერიოდის აიეტის სამეფოში, ხან მომაქმანებულ მაღალმთიან აჭარაში, ხადას ისტორიული მეხსიერებით დახუნძლულ ხეობაში და ხანაც კოხტა, ჯერ კიდევ სიძველეშემორჩენილ თბილისში, რომელიც სულ რაღაც 100 წლის წინ აღმოსავლური და დასავლური კულტურის გზაჯვარედინი იყო.

ვფიქრობ და სიამაყით გული მევსება, რადგან კაცობრიობის კულტურის განვითარების უდიდესი ქრონოლოგიური ხაზი, სწორედ საქართველოზე გადის. საქართველო კი ჩემი სამშობლოა!

ფოტო: ნათია ასანიძე / Forbes Woman

იმისთვის, რომ (ნებისმიერი) ქვეყანა გაიცნო, მხოლოდ ტრადიციული სამზარეულოს გასინჯვა არ კმარა, არც ცნობილი, პოპულარული ადგილების მონახულება და სადღეგრძელოების თქმა შველის საქმეს. მთავარია, იმ ქვეყნის ისტორიული წარსულს ჩასწვდე, როგორც ძვირფას, დამალულ საგანძურს, რომელსაც ამოცნობა სჭირდება. ამის საუკეთესო განმარტებას კი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა გაძლევს, მეხსიერება, რომელიც სამუზეუმო სივრცეებშია თავმოყრილი და არა მხოლოდ ისტორიას იკვლევს, არამედ ქვეყნის მომავალსაც გზამკვლევად უდგას.

თბილისში ერთ-ერთი მთავარი სამუზეუმო ინსტიტუცია, ეროვნული მუზეუმის ბაზა და მასში დაცული უნიკალური კოლექციებია, რომელიც სხვადასხვა შენობაშია თავმოყრილი.

საქართველოს მუზეუმის¹ საკმაოდ დიდი ზომის შენობა, ქალაქის მთავარ გამზირზე მდებარეობს და თემატურად რამდენიმე ფონდსა და ექსპოზიციას ითავსებს. თავად მუზეუმის, როგორც ინსტიტუციის დაარსების ამბავი, 1852 წლიდან იწყება, როდესაც ის რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებაზე დაფუძნებული კავკასიის მუზეუმი გახლდათ. 1862 წლიდან კი გუსტავ რადეს ინიციატივით, კავკასიის მუზეუმი შეიქმნა. სწორედ მან მოაწყო პირველი გამოფენები და უნიკალური მასალის წყალობით, 1881 წლიდან, აქტიურად ჩაება არქეოლოგთა მსოფლიო კონგრესის მუშაობაში. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში 1919 წელს, კავკასიის მუზეუმს, საქართველოს მუზეუმი ეწოდა. მიუხედავად ცვალებადი და რთული პოლიტიკური ვითარებისა, მუზეუმს ფუნქციონირება არასდროს შეუწყვეტია, თუმცა, მუზეუმის არაერთ მოამაგეს, მასში დაცული უნიკალური კოლექციები საკუთარი სიცოცხლითაც დაუცავთ.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი ინახავს უნიკალურ პრეისტორიულ და ანტიკური ხანის კოლექციებს, რომელიც თრიალეთის, დმანისის, ვანის, ძალისასა და სხვა უნიკალურ აღმოჩენებს გვიჩვენებს. გვამოგზაურებს და გვიყვება უანალოგო ოქრომრავალი კოლხეთის შესახებ, რომელიც როგორც შორეული მითი ცალკეული ექსპონატების სახით, დამთვალიერებლის წინაშე თვალსა და ხელს შუა ცოცხლდება. და ამბავიც უძლეველი აიეტის სამეფოს ‒ ოქროს საწმისის ქვეყნის შესახებ რეალური ხდება. უყურებ, კითხულობ და რეალურად ხედავ ძვ. წ. V-ს-ით დათარიღებული უნიკალური გრანულაციისა და ფილიგრანის ტექნიკით ზოომორფული გამოსახულებებით შემკულ ქალის სამკაულს, რომელიც ანტიკური ხანის ოქრომჭედლობის სხვა ნიმუშებთან შედარებით უანალოგოა და ხვდები, რომ საქართველოს კულტურა დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია!

თუმცა მუზეუმში, ანტიკურ ხანამდე ბევრად ძველი, ბუნებისა და კაცობრიობის ისტორიის უნიკალური მასალაც გვხვდება ‒ საქართველოში აღმოჩენილი 40 მილიონი წლით დათარიღებული ცხოველთა, პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს, ლითონის ხანის არტეფაქტები. ექსპოზიციის უნიკალურობად ითვლება, 1,8 მილიონი წლის, პირველი Homo Erectus-ის ყბა, რომელიც არქეოლოგებმა დმანისში 1991 წელს აღმოაჩინეს. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება, ლაბორატორიული ანალიზისა და არაერთი კვლევების საფუძველზე თანხმდება, რომ დმანისში აღმოჩენილმა ჰომონიდების ნაშთებმა, შეცვალეს ამ დრომდე არსებული თეორიები, და დაადასტურეს, რომ აქ ნაპოვნი ნაშთები, ევრაზიაში ყველაზე ადრეულია. შესაბამისად დმანისელი ზეზვა და მზია, რომელთა მულაჟებიც ექსპოზიციაშია წარმოდგენილი, პირველი ევროპელები არიან.

თუ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის შენობას სტუმრობთ, არ უნდა გამოტოვოთ, საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია², რომელიც ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის 70-წლიან ისტორიას ასახავს. ექსპოზიცია საარქივო, დოკუმენტური მასალის საფუძველზე არის გაცოცხლებული, და ტრაგიკულად შთამბეჭდავია.

ფოტო: გიორგი გურაბანიძე

შუა საუკუნეების ქართულ ქრისტიანულ საგანძურს ინახავს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი³, რომელიც 1921 წელს, მენშევიკური მთავრობის მიერ საფრანგეთში იქნა გახიზნული. ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლით, განძი 1945 წელს საქართველოში დაბრუნდა და მუზეუმში განთავსდა. ექსპოზიცია უნიკალურ, ქართული ჭედური და ფერწერულ ხატებს, ტიხრული მინანქარს, საიუველირო ნაკეთობებს, მხატვრული ქსოვილებისა და ნაქარგობის ნიმუშებს მოიცავს, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა სრულად წარმოიდგინოს ქართული ქრისტიანული ხელოვნების განვითარების ისტორია.

გარდა აღნიშნული ფონდისა, მუზეუმში ინახება დასავლეთ ევროპული ხელოვნების კოლექცია როგორიც არის ლუკას კრანახი უფროსი, ონორე დომიე, პაულო ვენეციანოს და სხვათა ნამუშევრები. მასში დაცულია ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფერწერისა თუ ქანდაკებების მდიდარი კოლექცია.

უნიკალური და გამორჩეულია თავად მუზეუმის შენობაც, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ადრეული კლასიცისტური ნაგებობაა, და აგებულია 1935 წელს არქიტექტორ ბერნარდაცის მიერ.

ასევე ევროპელი (გერმანელი) არქიტექტორის, ალბერტ ზალცმანის პროექტით არის აგებული, თბილისის არქიტექტურის კიდევ ერთი გამორჩეული ეროვნული გალერეის შენობა⁴, რომელიც 1888 წელს, რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით აიგო და მასში თავდაპირველად რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი ე.წ. „დიდების ტაძარი“ დაარსდა. თუმცა მუზეუმმა მხოლოდ პირველ მსოფლიო ომამდე იარსება, 1920 წლიდან შენობაში ეროვნულმა გალერეამ დაიდო ბინა. ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ისტორია

მე-20 საუკუნიდან დღემდე, სწორედ მასში გამოფენილ ექსპოზიციებსა თუ ფონდებში ისახება. საგამოფენო სივრცეში შესაძლებელია ნიკო ფიროსმანაშვილის მუდმივმოქმედი ექსპოზიციის დათვალიერებაც.

ძალზედ კოლორიტული და შთამბეჭდავია მხატვარ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში სტუმრობაც⁵, რომელიც გარდა მხატვრის შემოქმედების ჩვენებისა, ცოცხლად ასახავს საუკუნის დასაწყისის თბილისურ ყოფას, ცხოვრების წესსა და იმ გამორჩეულ ატმოსფეროს, რომელსაც მხატვარი ქალი ატარებდა.

თბილისის აქტიურ სამუზეუმო ცხოვრებას კარგად წარმოაჩენს 9 დამოუკიდებელი მუზეუმისგან შემდგარი ერთიანი ინსტიტუცია „თბილისის მუზეუმების გაერთიანების სახით“⁶, რომელიც ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება.

გაერთიანების თითოეული მუზეუმი საინტერესო ეპოქალურ ექსპოზიციებს გვთავაზობს, ძირითადად იმ ადამიანთა ბიოგრაფიებზე დაფუძნებით, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით, მე 19-20 საუკუნის ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში. ამავდროულად, თოთოეული მუზეუმი ინარჩუნებს საგანმანათლებლო კონტექსტებს და მათში პერიოდულად ტარდება ლექციები, შეხვედრები თუ საუბრები სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე.

ფოტო: გიორგი გურაბანიძე

თუმცა, იმისთვის, რომ ქალაქი, მისი კოლორიტი თუ ადგილობრივი კულტურა კარგად შეიცნო, ხეტიალია საჭირო. ბევრი, უმისამართო სიარული, სადაც გზა, გზადაგზა თავად მოგიყვება და მიგანიშნებს მნიშვნელოვან ამბებზე.

არანაკლებ შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია თბილისს გარეთ არსებული სამუზეუმო და საექსპოზიციო სივრცეები, რომელთა უმეტესობაც არქეოლოგიურ ბაზაზე დაყრდნობით არის შექმნილი და თავად საიტებზეა განთავსებული. აქ დამთვალიერებელს საშუალება აქვს, სწორედ ნატურაში, ცოცხლად დაათვალიეროს არქეოლოგიური გათხრები და ექსპოზიციაში სწორედ გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა იხილოს (ძალისას, დმანისის, ბოლნისის, ვანის).

ამ მხრივ ნოვატორი ვანის არქეოლოგიური მუზეუმია⁷, რომელიც კავკასიაში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე. განახლებული ვანის მუზეუმი და მასში განთავსებული ექსპოზიცია დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, რომელიც მოიცავს პერიოდს, ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ნაქალაქარზე წლების განმავლობაში აღმოჩენილი უნიკალური მასალა, არქიტექტურული დეტალები, ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები, ბრინჯაოს ქანდაკებები, კერამიკული ჭურჭელი ექსპოზიციაში ისეა რეკონსტრუირებული, რომ დამთვალიერებელი თითქოს მოგზაურობს უმდიდრეს ოქროს საწმისის ქვეყანაში და კიდევ ერთხელ რწმუნდება მასალის სიდიადეზე, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ანტიკური სამყაროს შესწავლაში. განახლებული ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, მართლაც ევროპული სტანდარტების მიხედვით გამართული მუზეუმია, რომლის მონახულებაც, ვფიქრობ, რომ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს დამთვალიერებელზე.

სვანეთი, განუმეორებელი ლანდშაფტითა და ძლიერი მედიდური მთებით ძლიერ ემოციებს აღძრავს, თუმცა არანაკლებ ემოციურია მუზეუმში სტუმრობაც⁸. ჯერ ერთი რომ მუზეუმი, საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, და ამავდროულად, ასევე უნიკალურ მასალას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს: არქეოლოგიურ მონაპოვარს, მრავალფეროვან ნუმიზმატიკურ კოლექციას, სხვადასხვა სკოლების უნიკალურ ჭედურ და ფერწერულ ხატებს, უმდიდრეს ხელნაწერ ფონდს, რომელშიც შედის უძველესი ადიშის (897 წ.), მესტიის (1033 წ.), ლაბსყალდისა (XII ს.) და იენაშის (XIII ს.) ოთხთავები.

საქართველოს სხვადასხვა დასახლებებისა და ქალაქების სტუმრობისას, არ უნდა გამოგრჩეთ მცირე ზომის მუზეუმებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ, ლოკალურ ისტორიაზე მეტს გიყვებიან (ქუთაისის, ბათუმის არქეოლოგიური, გორის ეთნოგრაფიული, ბათუმის ძმ. ნობელის მუზეუმები და სხვ).

ქართლის მიმართულებით, აუცილებლად სანახავია გრაკლიანის ახლადმომზადებული მუზეუმი, უნიკალური არქეოლოგიური ბაზით, რომელიც დღე-დღეზე უნდა გაიხსნას და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი.

5 ჰექტარზე გაშლილი ძვ. წ. I ათასწლეულისა და ახ. წ. დასაწყისის გრანდიოზული კომპლექსი⁹ ‒ კლდეში ნაკვეთი ანტიკური ქალაქი დამთვალიერებელში უმძაფრეს ემოციებს აღძრავს. კლდეში ნაკვეთი, უფლისციხის უნიკალური კომპლექსი, ისტორიულად ქართლის სამეფოს სატაძრო ქალაქი, მნიშვნელოვანი რელიგიური, სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრი იყო. ღია ცის ქვეშ აქ იხილავთ კლდეში ნაკვეთი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს, წარმართულ ტაძრებს, სასახლეებს, სარიტუალო ქვაბულებს, დეკორატიულ კლდოვან დარბაზებს, მდინარეზე გამავალ საიდუმლო გვირაბს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღმართულ X ს. უფლისწულის ეკლესიას, არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც უფლისციხის ისტორია მის მიდამოებში აღმოჩენილი არტეფაქტებითაა (ძვ. წ. II ათასწ. ‒ XIX ს.) მოთხრობილი.

სამცხის უმდიდრესს ისტორიულ მეხსიერებას შორის, უმნიშვნელოვანესია ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში სტუმრობაც¹⁰. რომელიც გვთავაზობს, კლდეში ნაკვეთ გრანდიოზულ კომპლექსს, ასეულობით დიდ და მცირე დარბაზს, ნატიფი ფრესკებით მოხატულ მთავარ ტაძარს თამარ მეფისა და გიორგი III-ის გამოსახულებებით (1184-1186 წწ.), კლდიდან ნადენ მუდმივტემპერატურიან წყაროს, საიდუმლო გვირაბსა და სხვ.

საქართველოს სამუზეუმო ექსპოზიცია, ისეთივე მრავალფეროვანია როგორც თავად ქვეყანა. მეფეთა და თავადაზნაურთა ცხოვრების ეპოქალური ნიშნები, სწორედ კახეთის სამუზეუმო სივრცეებში აისახება, როგორიც არის გრემის უნიკალური ექსპოზიცია¹¹, თელავის ისტორიული (ბატონის) მუზეუმი¹², წინანდლის ალ. ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმი¹³. ეს უკანასკნელი სწორედ ევროპული და ქართული კულტურის ორგანული კავშირია, რომლის ტრადიცია კვლავაც ცოცხალია.

და ბოლოს რომელი მუზეუმი უნდა ვნახოთ უცხო ქვეყნის უკეთ გასაცნობათ? ‒ ყველა ის, რომელიც მის ისტორიულ მეხსიერებას გიყვება, გაჩვენებს აწმყოს და ქვეყნის მომავლისკენ ანათებს გზას!

წყაროები:

1. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3
2. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3
3. თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1
4. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 11
5. თბილისი, ლეო ქიაჩელის ქუჩა 12
6. https://tbilisimuseumsunion.ge/
7. ვანი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა 32
8. მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7
9. გორი, სოფ. უფლისციხე
10. ასპინძის მუნიციპალიტეტი, ვარძია
11. ყვარელის მუნიციპალიტეტი, სოფ. გრემი
12. ქ. თელავი, ერეკლე II-ის მოედანი 1
13. თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. წინანდალი