საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სამხრეთ კავკასიის ფლორის 50-ზე მეტი უნიკალური ნიმუშის ონლაინ ჰერბარიუმი გაიხსნა. ეს მცენარეები 170-ზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარე ექსპედიციების დროს შეგროვდა, ახლა კი მათი შესწავლა ეროვნული მუზეუმის მეშვეობით ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
მცენარეთა შორის წარმოდგენილია როგორც ენდემური და რელიქტური, ისე გადაშენების პირას მყოფი სახეობები. თითოეული დასახელების მცენარეს თან აქვს დართული ფოტო და მოკლე ინფორმაცია. ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა, ასევე, გვაწვდის ცნობებს ამ მცენარეთა გეოგრაფიული გავრცელების შესახებ.
ჰერბარიუმის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც ფლორისტული მრავალფეროვნების მქონე სახელმწიფოს, სტატუსის ილუსტრირებაა. ექსპონატების ფოტოები ანუ მათი დასკანერებული გამოსახულებები, მაღალი რეზოლუციისა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამთვარიელებელს საშუალება აქვს, გაადიდოს გამოსახულება და დეტალურად დააკვირდეს თითოეულ მცენარეს.
აღსანიშნავია, რომ ექსპონატები სამხრეთ კავკასიაში 1852 წლის შემდგომ ჩატარებული ექსპედიციების ბოტანიკური კოლექციების, კონტრიბუციის, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კერძო კოლექციორების მეშვეობით შეგროვდა.