აქ. ახლა – იმუშავე საიდანაც გინდა

აქ.ახლა, თიბისი პირველია, რომელმაც საკუთარ თანამშრომლებს, გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, სამუშაო ადგილის არჩევის საშუალება მისცა. 12 ივნისს ქვეყნის წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გააკეთა განაცხადი და გუნდის წევრებს უთხრა: „იმუშავე, საიდანაც გინდა!“ – ბანკის თითოეულ თანამშრომელს, ახლა უკვე, აქვს სრული თავისუფლება, თავად აირჩიოს საიდან იმუშავებს – ოფისიდან, სახლიდან თუ მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა ადგილიდან.

Photo Credits to Forbes Woman Georgia

პროცესებს თიბისიში თანამშრომელთა პოზიციების გათვალისწინებით მართავენ, ასე იყო სულ და ასეა ახლაც, როცა ქვეყანა Covid-19-თან ერთად ცხოვრობს. ვიდრე ბანკის მენეჯმენტი, დისტანციურ რეჟიმზე გადასულ გუნდს სამუშაო ადგილის არჩევის შესაძლებლობას მისცემდა, ჯერ გამოკითხვა ჩაატარეს, იმის გასარკვევად, მუშაობის რომელი რეჟიმი მოსწონდათ თიბისელებს, სახლიდან თუ ოფისიდან? თანამშრომელთა 75%-მა დისტანციური მუშაობა აირჩია. „თიბისი არის ორგანიზაცია, რომელსაც ექნება მოქნილი სამუშაო გრაფიკი – „იმუშავე საიდანაც გინდა“, მთავარია გააკეთო ის, რაც მოგეთხოვება. წლის ბოლომდე თანამშრომელთა 25%-ს შეუძლია მივიდნენ ოფისებში სამუშაოდ. თუმცა, ეს არ არის აუცილებელი წესი, ეს არის მათ სურვილზე დამოკიდებული. თუმცა, ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ იმას, რომ ერთდროულად ოფისებში ბევრი თანამშრომელი არ იყოს“ – Forbes Woman-ს თიბისის ახალი გადაწყვეტილების შესახებ ადამიანური კაპიტალის განყოფილების უფროსი უყვება.

ეს თიბისის თანამშრომლებზე ზრუნვის სტრატეგიის ნაწილია. ადამიანური კაპიტალის მართვის როლი და მნიშვნელობა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაიზარდა. საქართველოში პირველი Covid ინფიცირებული პაციენტის გამოვლენისთანავე თიბისიში ბიზნესუწყვეტობის გეგმა გადმოიღეს, მენეჯმენტმა დოკუმენტი პუნქტობრივად გაანალიზა. გვანცა მურღვლიანი იხსენებს, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმა საფინანსო ინსტიტუტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა არავინ იცოდა, რომ ქვეყანას კარანტინი, ჩაკეტილი ქალაქები, კომენდანტის საათი და ასეულობით ინფიცირებული ელოდა. „მზად ვიყავით რამდენიმე სცენარისთვის, ვიცოდით ორგანიზაცია რა შემთხვევაში როგორ მოიქცეოდა. ეს ძალიან დაგვეხმარა მობილიზებაში. პროცესებში ჩართული იყო რისკების, საოპერაციო, HR, IT მიმართულებები. ჩვენს ბიზნესუწყვეტობის გეგმაში ბევრი სხვადასხვა პუნქტია და ყველა მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ორ საკითხს გამოვყოფ. ჩვენთვის უპირველესი იყო მაქსიმალურად დაგვეცვა თანამშრომლების უსაფრთხოება, რადგან ეს მათ ჯანმრთელობას ეხებოდა და მეორე, როგორ გვეწარმოებინა პროცესი ისე, რომ ჩვენი კლიენტები არ დაზარალებულიყვნენ, როგორც ბიზნესპროცესის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. თუმცა, ნომერ პირველ ამოცანად დავსახეთ – დაგვეცვა ჩვენი თანამშრომლები!“

თიბისიმ უმოკლეს ვადებში დისტანციურ მუშაობაზე 2,500-მდე თანამშრომელი გადაიყვანა, იზრუნა მათ ტექნიკურ აღჭურვასა და ყველაფერზე იმისთვის, რომ ყველა მათგანს სახლიდანაც გამართულად ემუშავა. თიბისიმ ჩათვალა, რომ გუნდის წევრების საფუძვლიანი ინფორმირებაც მათი საქმე იყო, ამიტომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეტალური გაიდლაინები მოამზადა და ვირუსთან დაკავშირებით ინფორმირების კუთხით თანამშრომლები მხოლოდ ქართული და უცხოური მედიის იმედად არ დატოვა.

Photo Credits to Forbes Woman Georgia

ეს, როგორც გვანცა ამბობს, გადაწყობის პირველი ტალღა იყო, რომელსაც, ცხადია, მალევე მოჰყვა მეორე. მეორე იყო ემოციებთან დაკავშირებული, სხვების მსგავსად თიბისის თანამშრომლებიც აღელვდნენ, ეს სტრესმა და ნეგატიურმა ინფორმაციამ გამოიწვია, ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში იხურებოდა ბიზნესები, ადამიანები კარგავდნენ სამსახურებს, ამ ყველაფერს ემატებოდა ისეთი გამოცდილების არარსებობა, როგორიცაა ზღვარის დაცვა სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. „სამსახური იწყებოდა დილით და ღამის 12 საათამდე არ სრულდებოდა ონლაინ შეხვედრები და ზარები. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთ კრიზისულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ხარისხი; არც ერთ თანამშრომელს არ უნდა დარჩენოდა განცდა, რომ ისინი მარტო იყვნენ სახლში გამოკეტილნი. ამიტომ გავაძლიერეთ მენეჯმენტის თანამშრომლებთან კომუნიკაციის ხაზი, ფაქტიურად ყოველწუთიერი კომუნიკაცია გვქონდა თანამშრომლებთან და ამან ძალიან წარმატებულად იმუშავა. მეტ კომუნიკაციას ემსახურებოდა ის დიდი ონლაინ შეხვედრაც, რომელიც მენეჯმენტის ჩართულობით შედგა, სადაც ყველა მათგანმა თანამშრომლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ გადალახეს ვირუსთან ბრძოლის პირველი ეტაპი“.

თიბისის გუნდი განსაკუთრებით დამშვიდდა მაშინ, როცა მენეჯმენტმა ვირუსით გამოწვეული ქართული რეალობისგან რადიკალურად განსხვავებული განაცხადი გააკეთა, განაცხადი, რომ 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არც ერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება. თიბისის ადამიანური კაპიტალის განყოფილების უფროსი ამ ნაბიჯზე თანამშრომელთა უკუკავშირს საოცარს უწოდებს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლებს კარგად გაეაზრებინათ, რომ ჩვენ ამ კრიზისს შესაძლებლობად მივიჩნევდით. განაცხადმა, რომ წლის ბოლომდე ყველა თანამშრომელს ვინარჩუნებდით, მათ სტაბილურობის განცდა გაუჩინა. ამ გადაწყვეტილებამ საოცარი უკუკავშირი მოიტანა, საოცრად დამშვიდდა ყველა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი მოტივაცია, თანამშრომლებმა პასუხი საკუთარი საქმით, გულანთებული მუშაობით დაგვიბრუნეს“. შედეგად, გვანცა ამბობს, რომ თიბისიში არც ერთი ბიზნესპროცესი არ შეფერხებულა, არ დარღვეულა არც ერთი დედლაინი, თიბისი ახლა საკუთარი თანამშრომლებით ამაყობს!

გვანცა მურღვლიანი გვიყვება, რომ მენეჯმენტს მხოლოდ თანამშრომელთა დისტანციურ გამართულ მუშაობაზე არ უზრუნია. თიბისიში ჩათვალეს, რომ სტრესული მდგომარეობიდან მათი გამოყვანაც სწორედ ორგანიზაციის საქმე იყო. ამიტომ ბანკის HR დეპარტამენტმა შექმნა პროექტი „ღია ოთახი“. ამ ონლაინ ოთახში, კვირაში ორჯერ, მინიმუმ 700 ადამიანი იკრიბებოდა, თიბისელები ოჯახებით და უსმენდნენ სტუმრად მოწვეულ მწერლებს, ცნობილ სპიკერებს, ფსიქოლოგებს, გამოცდილ ქოუჩებს. „ღია ოთახში“ ახლა საზაფხულო არდადეგებია, თუმცა გვანცა ამბობს, რომ პროექტი სუპერ პოპულარული გამოდგა და ის ერთ-ერთია იმ covid გამოცდილებიდან, რომლის დანერგვასაც თიბისი მუდმივად აპირებს. მეორე, რის დატოვებასაც ბანკი დისტანციური ცხოვრებიდან გეგმავს, ეს თანამშრომელთა კვალიფიკაციას და სწავლების მიმართულებას ეხება. ადამიანური კაპიტალის განყოფილების უფროსი ვარაუდობს, რომ თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები და ლექციები „ზუმში“ გადაინაცვლებს. „ადამიანური კაპიტალის მართვას ასეთი კრიზისების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველოში ორგანიზაციებს რატომღაც ხშირად ავიწყდებათ ადამიანური ფაქტორი და მხოლოდ ბიზნესის მართვაზე არიან გადართულნი. ჩვენ შემთხვევაში ასე არაა, ორგანიზაციის დიდ დამსახურებად მიმაჩნია, რომ ადამიანური კაპიტალი ყველა მენეჯერისთვის ნომერი პირველი პრიორიტეტია!“ – ამბობს გვანცა მურღვლიანი და ბანკში 16 წლიანი პროფესიული გამოცდილების მიუხედავად Covid ვირუსის კრიზისის მასშტაბს ვერაფერს ადარებს.