რუსას ამბავი ასე დაიწყო: დროზე ადრე, ძალიან მცირე წონის დაიბადა სახეზე თანდაყოლილი ლაქით. კონკრეტული დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ამიტომ იმის შიშით, ეს ლაქა არ გაზრდილიყო, რუსას მშობლებს ურჩიეს, მის მოწვაზე ეფიქრათ. ექვსი თვის ასაკამდე ეტაპობრივად, მილიმეტრ-მილიმეტრ უწვავდნენ პრობლემურ ზონას. შედეგად, სახეზე ნაიარევი დარჩა- დამწვრობის შედეგი. რუსას მშობლებს ეგონათ, რომ ამ ნაიარევს ნაწილობრივ მაინც გაუმკლავდებოდნენ პლასტიკური ქირურგიით. ან დამწვრობის კვალი ნელ-ნელა თავისითაც გაფერმკრთალდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
„მოგვიანებით სპეციალისტებმა ამიხსნეს, რომ ჩემი კანის უჯრედებს რეგენერაციის ცუდი უნარი აქვს, ამიტომ ლაქა უცვლელი დარჩა. დავდიოდით ექიმიდან ექიმთან. სანამ მოზარდი ვიყავი, მშობლები თავს იკავებდნენ ხოლმე ნათესავებთან სტუმრობისგან. ყველა ვიზიტი შეიცავდა სავალდებულო კითხვებს: რა ქენით? რა მოიფიქრეთ? ფული თუ გაქვთ ოპერაციისთვის გადადებული? პლასტიკური ქირურგია მაშინ იშვიათი და ძალიან ძვირი სიამოვნება იყო. მაინც გავრბოდით, თუ გავიგებდით, რომ მოსკოვიდან, პეტერბურგიდან ან გერმანიიდან რომელიმე სპეციალისტი ჩამოვიდა. პარალელურად, მუდამ თან მახლდა ცნობისმოყვარე მზერა და რჩევები, თუ როგორ უნდა გავთავისუფლებულიყავი ამ საშინელი ლაქისგან.“
რუსა მიიჩნევს, რომ საკითხის მიმართ მისი მშობლების დამოკიდებულება და ზღვარგადასული მღელვარება დიდწილად სწორედ გარშემომყოფების პოზიციამ განსაზღვრა. „ვაიმე, ეს რა დაგემართათ, რა გეშველებათო“- ეს იყო, ფაქტობრივად, ინსტინქტური რეაქცია.“
პლასტიკურ ქირურგთან კონსულტაციაზე რუსა ბოლოს 18 წლის ასაკში მივიდა. „მითხრა, შემიძლია რამდენიმე მეთოდი შემოგთავაზოთ, მაგრამ შეუძლებელია პროგნოზირება, როგორი იქნება ეფექტი- რა ალაგდება, რა დარჩებაო. თან ყოველ 6 თვეში ერთხელ დასჭირდება კორექციაო. მოკლედ, ურთულესი სურათი დახატა. ბოლოს მკითხა, საერთოდ რად გინდა, რომ გაიკეთოო. არ მინდა-მეთქი, ვუპასუხე და ასეც იყო: არც არასდროს მინდოდა.“
რუსა ამბობს, რომ ლაქა არ აწუხებდა და არც ახლა აწუხებს. ტონალურსაც კი არ ხმარობს და, საერთოდ, არანაირ ძალისხმევას არ მიმართავს ამ ლაქების შესანიღბად. თუმცა გარშემომყოფების პოზიციამ თინეიჯერობისას მაინც შეიძინა მტკივნეული მნიშვნელობა.
„ძირითადად, მშობლები ნერვიულობდნენ. მათი კომპლექსი უფრო იყო- თითქოს ვერ გამოვედი წესიერი და სულ ბოდიშის პოზა უნდა ჰქონოდათ ამის გამო. მამაჩემს, მაგალითად, ისეთი ფოტოები მოსწონდა, სადაც ლაქა ნაკლებად მიჩანდა. არა უშავს, რაღაცას მოგიფიქრებთ, აქ თუ არ გამოვა, გერმანიაში გაგიკეთებთ ოპერაციასო, მეუბნებოდნენ და ეგონათ, ამით მამხნევებდნენ.“
დელიკატურობა იშვიათი და რთულად მისაგნები იყო: „სადაც მივიდოდი, სახელს კი არ მკითხავდნენ, სახეზე რა გჭირსო, მომცვივდებოდნენ. ეს მაფრთხობდა და იმ ადამიანებთან ურთიერთობის გაღრმავების ყველანაირ სურვილს მიკარგავდა. რად უნდოდა ამდენი კითხვის დასმა- ჩვეულებრივი, ძალიან იოლად აღსაქმელი ნაიარევია და, ჩემი აზრით, საერთოდ აღარ სჭირდება დამატებითი გამოძიება, მაგრამ თუ მაინცდამაინც ცნობისმოყვარეობას ვერ იოკებ, ხომ შეიძლება იკითხო, მაგრამ ეს კითხვა იყოს, მაგალითად, მეხუთე და არა პირველი?!“
რუსა ამბობს, რომ ამ ყველაფერმა საკითხის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოუყალიბა: „ასოციალური გავხდი, ჩავიკეტე. თუ მემეგობრებოდნენ, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მათი მადლიერი უნდა ვყოფილიყავი ამის გამო. ნათესავები, მასწავლებლები სიცილით მეუბნებოდნენ, შენ რა გენაღვლება, იმან იდარდოს, ვინც უნდა გიყუროსო. ეს ახლა უფრო იოლად აღსაქმელია, მეცინება კიდეც, მაგრამ თინეიჯერობისას ნამდვილი დრამის საფუძველი შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით რთულად 12-14 წლის ასაკი მახსენდება.“
რუსა ამბობს, რომ ბევრი წელი დაკარგა, სანამ საკუთარ თავს მიიღებდა და შეიყვარებდა. „ბოლოს მივხვდი, რომ ამით არ ვიწონები, ჩემი მიღწევები მაქვს და, საერთოდ, სხვა ადამიანი ვარ. დიდწილად ინტერნეტი დამეხმარა. ის სავსე იყო სტატიებით, რომლებმაც საკუთარი თავი და მოცემულობა სულ სხვანაირად დამანახა. შევხედე სხვები როგორ ცხოვრობენ. მერე გავეცანი მოდის ინდუსტრიას. ვუყურებდი, რომ ყველას მსგავსი სახე ჰქონდა, პრაქტიკულად იდენტური სხეულის ფორმები. საერთო სტანდარტში იყვნენ მოქცეულები. გინდოდა, არ გინდოდა, ჩარჩოებში უნდა ჩამჯდარიყავი. მე კი არ მქონდა ამ ჩარჩოში ჯდომის ვალდებულება, სრულ თავისუფლებასა და სილაღეს ვგრძნობდი. საკუთარი თავის სიყვარულმა მშობლებთან ურთიერთობაც გააიოლა. დავმეგობრდით, მანამდე თითქოს ბარიერი იყო ჩვენ შორის.“
რუსა ამბობს, რომ ამ გამოცდილების ფონზე, მისი სურვილია ადამიანები დაფიქრდნენ, რად შეიძლება უჯდებოდეთ სხვებს მათი „უბრალო“ მზერა, „უბრალო“ ცნობისმოყვარეობა.“ ამბობს, რომ ადამიანში ღირსება უნდა ვეძებოთ და გავაძლიეროთ.
და ვებრძოლოთ სტიგმებს.
ებრძვის კიდეც: სამართალმცოდნე, უფლებადამცველია. ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის მუშაობს.
უკეთესი საზოგადოებისთვის.