ხმელთაშუა ზღვის კრუიზი MSC Grandiosa ხუთთვიანი პაუზის შემდეგ პირველი გასვლისთვის ემზადება. უმსხვილესმა საკრუიზო ხომალდმა თითქმის ხუთი თვე იტალიის ქალაქ გენუასთან გაატარა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საკრუიზო კომპანია MSC ავრცელებს.
კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პირველი ვოიაჟი შვიდი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოგზაურობისას კი ხომალდი იტალიის სამ პორტსა და მალტას დედაქალაქ ვალეტას ეწვევა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ზღვაში გასვლამდე სპეციალურ შემოწმებას გაივლიან მგზავრები და ეკიპაჟის თითოეული წევრი. მაქსიმალური რაოდენობა ბორტზე კი 2500 ადამიანი იქნება.
„ჩემთვის ნამდვილი სიამოვნებაა გემზე ყოფნა და სტუმრების კვლავ მიღება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი მთავარი მიზანი იყო სწორი ზომების დაწესება, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი სტუმრებისა და ეკიპაჟის ჯანმრთელობა. ხომალდის მგზავრებს შეუძლიათ ისიამოვნონ საკრუიზო არდადეგებით და დარჩნენ უსაფრთხოდ“, – განაცხადა MSC კრუიზის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიანი ონორატომ.
საკრუიზო ხაზების საერთაშორისო ასოციაციის განმარტებით, ხომალდის ამოქმედება პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია ინდუსტრიის გამოცოცხლებისკენ, რომელიც მსოფლიო ეკონომიკას 150 მილიარდ დოლარს მოუტანს.