აქ ქალები უძღვებიან ტექნოლოგიებს

მარკეტ იგივე MRKT შოპინგ-პლატფორმაა სოციალური ქსელის ელემენტებით, სადაც თავს დამწყები ბრენდები, არტისტები და ინდივიდუალური „სელერები“ იყრიან. MRKT-ში ყველაზე დიდი აქცენტი მომხმარებლებსა და მათზე მორგებულ ფუნქციონალზე კეთდება. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მონაცემების მატებასთან ერთად აპლიკაცია სულ უფრო ჭკვიანი ხდება და, შესაბამისად, მომხმარებელი მხოლოდ მის ინტერესებზე გენერირებულ „ფიდს“ იღებს

მარკეტი სიურპრიზებით სავსე ერთგვარი ციფრული სამყაროა, სადაც საშუალება გეძლევა, სწრაფად აღმოაჩინო შენთვის საინტერესო ნივთები და სელერები. აპლიკაციის კრეატიულ, ტექნოლოგიურ და ვიზუალურ მიმართულებებს ქალები უძღვებიან:

ანანო ბაქრაძე – Head of Creative

ქეთი ბოსიკაშვილი – Head of Technology

ნინო ლაზარიშვილი – Head of Design

მათ თავდაუზოგავ შრომას MRKT-ს თითოეულ დეტალში იპოვით, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ, ხმამაღლა და ამაყად იტყვით – The future is female.

ფოტო: ნატა სოფრომაძე / Forbes Woman Georgia

რა სიახლეს შემოიტანს MRKT ლოკალურ ბაზარზე?

ანანო ბაქრაძეMrkt ლოკალურ და, არა მხოლოდ ლოკალურ, ბაზარზე ახალი სიტყვაა. მსგავსი აპლიკაციის მომხმარებლებისთვის მთავარ გამოწვევად დღემდე რჩება აპლიკაციების დიზაინი, ინტერფეისი და, განსაკუთრებით, სხვა მომხმარებლის მიერ განთავსებული კონტენტი. ასევე, მათზე და მათ ინტერესებზე მორგებული ფიდები.  თუკი დღეს მომხმარებელმა ზუსტად იცის, რის შესაძენად შედის მსგავს აპლიკაციებზე, ჩვენ ამ გამოცდილებას ვცვლით. Mrkt ახალი აღმოჩენებისთვისაა, სადაც შესაძლებელია ყველაზე წარმოუდგენელი ნივთიც კი აღმოაჩინო. აი, უკეთესად რომ წარმოვიდგინოთ, როგორც pinterest-ზეა შესაძლებელი საათი დავყოთ თვალიერებასა და საინტერესო ინტერიერის, ლუქის, ნივთის ან რაიმე სხვის აღმოჩენაში, იგივე პრინციპით მუშაობს mrkt-იც.  ზემოთ აღნიშნული ფუნქციონალის დახმარებით, პროცესი მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო იქნება. 

საიდან გაჩნდა MRKT-ს შექმნის იდეა?

ანანო ბაქრაძე: საწყის ეტაპზე აპლიკაცია განსხვავებულ კონცეფციას ატარებდა, გათვლილი იყო მხოლოდ მცირე ბიზნესსა და ბრენდებზე. თავდაპირველი შთაგონების წყარო კი მოგზაურობისას შემთხვევით აღმოჩენილი ლოკალური ბრენდები, მაღაზიები და ამ პროცესით მიღებული სიამოვნება იყო, გვინდოდა, ეს პროცესი უფრო სწრაფი და ყოველდღიურობაზე მორგებული გაგვეხადა.

ფუნქციონალის და კონცეფციის მხრივ, ასევე, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, გასულ წელს აპლიკაციაში დიდი ცვლილებები შევიტანეთ და დღეისთვის გვაქვს სწრაფი, თანამედროვეობის ტემპზე და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული აპლიკაცია.

როგორი იყო შექმნის პროცესი?

ანანო ბაქრაძე: საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ, რათა აქამდე მოვსულიყავით. წინა კონცეფციაზე მუშაობისას ბევრი დაბრკოლება და პრობლემა შეგვხვდა, თუმცა, ვფიქრობ, ამ გამოცდილების გარეშე ბევრს ვერაფერს ვისწავლიდით. კონცეფციის შეცვლის შემდეგ ახალ აპლიკაციაზე მუშაობა ბევრად უფრო მომზადებულებმა დავიწყეთ. პირველი წუთიდან ვუყურებდი, როგორ შენდებოდა საკმაოდ დიდი სისტემა, შემდეგ უკვე ამ სისტემის ვიზუალი ყალიბდებოდა. საბოლოოდ, ბევრი ცვლილების შედეგად მივიღეთ პროდუქტი, რომლითაც მთელი გუნდი კმაყოფილია. 

რა გამოწვევები გვხვდება დღესდღეობით ლოკალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე?

ქეთი ბოსიკაშვილი: ტექნოლოგიურ ბაზარზე საქართველო ნელნელა მიიწევს წინ, თუმცა კომპეტენციის საკმაოდ დიდ დანაკლისს განვიცდით კონკურენტულ ბაზარზე და ისეთ სფეროებში, როგორიც არის მონაცემთა ანალიზი, UX დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი. გამოცდილება და ინჟინრების დეფიციტი ვერ უძლებს გლობალურ კონკურენციას. ქართული ტექნოლოგიური ჰაბების, ეკოსისტემის და სტარტაპების განვითარება, სახელმწიფოდან მიღებული ხელშეწყობები, მაგალითად მთავრობის მიერ დაანონსებული საგადასახადო შეღავათები ტექ კომპანიებს და ტექ ინდუსტრიას დიდ სტიმულს მისცემს. ასეთი მიდგომებით ინკუბატორების, აქსელერატორების არსებობა და მხარდაჭერა ქართული ტექ. სამყაროსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მაგალითად ისრაელში ყოველ 1400 ადამიანზე ერთი ტექნოლოგიური კომპანიაა. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში ასობით კიბერ უსაფრთხოების კომპანია დაარსდა. ევროპა ყოველწლიურად  20 მილიარდ ევროს გამოყოფს ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებაკოორდინაციისთვის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ტექ ეკოსისტემის ჩამოყალიბება და განვითარება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

ვის შეუძლია მოიხმაროს ეს აპი და როგორია მისი მოხმარების წესები?

ანანო ბაქრაძე: მარკეტში ესთეტიკას და ამ გზით თვითგამოხატვას დიდი ყურადღება ეთმობა, მარკეტის “community” ესთეტიკის მოყვარული ინდივიდუალების, კრეატორების და ბრენდებისგან შედგება. ზოგადად კი – mrkt არის ყველასთვის, ვინც ინტერესდება მოდით, დიზაინით, ხელოვნებით, ნივთების შეგროვებით ან უბრალოდ განსაკუთრებული ნივთების აღმოჩენით.

აპლიკაციის მოხმარება მაქსიმალურად გამარტივებული და მომხმარებელზე მორგებულია. “სელერსა” და “ბაიერის” სამართავ პანელებს შორის არანაირი განსხვავება არ გვხვდება, ყველას, ვინც აპლიკაციაზე რეგისტრირდება, შეუძლია იყიდოს, გაყიდოს, გააჩუქოს ან უბრალოდ აღმოაჩინოს ადამიანები, რომლებიც მასთან საერთო ინტერესებს იზიარებენ.

ფოტო: ნატა სოფრომაძე / Forbes Woman Georgia

ესთეტიკა, დიზაინი და სტილი – რატომ ერთიანდება MRKT ამ სამი მიმართულების გარშემო?

ანანო ბაქრაძე: ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, მნიშვნელოვანია ნივთის პრეზენტაციის ფორმა. ვფიქრობ, ესთეტიკისთვის და დიზაინისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება მაქსიმალურად გაზრდის როგორც “სელერის”, ისე მომხმარებლის, გამოცდილებას. მსგავსი პრაქტიკის გატარებით გაყიდვების საგრძნობლად გაზრდასაც ველოდებით, თუმცა აპლიკაცია მხოლოდ კომერციას არ ემსახურება, mrkt გარკვეულწილად სოციალური ქსელიც არის, სადაც მომხმარებელს  ინდივიდუალური სტილის და ესთეტიკის მეშვეობით აქვს თვითგამოხატვის საშუალება.

რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ სამყაროში ნებისმიერი პროდუქტის დიზაინსა და ესთეტიკას? რა მესიჯებს გადმოსცემს MRKT ამ მიმართულებით?

ნინო ლაზარიშვილი: ვიზუალური კომუნიკაცია  ინფორმაციის გადაცემის/მიღების ყველაზე სწრაფი ხერხია. ყველაზე ხშირად სწორედ მისი გავლენით ხდება არჩევანის გაკეთება, პროდუქტად კი შეგვიძლია, განვიხილოთ ყველაფერი. ჩვენი მიზანი უშუალო ტიპაჟის შექმნა იყო, რომელიც ემეგობრება და ზედმეტად არ აწუხებს მომხმარებელს თავის თავზე ლაპარაკით. რაც შეეხება თვითონ აპლიკაციას, ვიზუალურად ის შემდეგი მესიჯების მატარებელია: მეგობრული, გამჭრიახი გონების, თანამედროვე, დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და შორსმჭვრეტელი.

რა იყო თქვენი, როგორც ტექნოლოგიური დირექტორის მთავარი გამოწვევა ამ პროექტზე მუშაობისას?

ქეთი ბოსიკაშვილი: ეს სფერო ჭადრაკს ჰგავს – წინასწარ, ძალიან კარგად უნდა გათვალო ყველა სვლა. გამარჯვების მიღწევამდეც რთული და ხანგრძლივი პროცესია გასავლელი. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული მომხმარებელი ერთიანი სისტემის ნაწილი გახდეს, აპლიკაციამ კი შეისწავლოს მათი ყოველი ინტერესი და მოქმედება. ეს არის ის მთავარი დეტალი რომლის შესრულების შემდეგაც თამამად ვიტყვი, რომ პროექტი შედგა.

რა იყო მთავარი კრეატიული გამოწვევა?

ანანო ბაქრაძე: კონცეფციის დამუშავებისას ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას სწორი კატეგორიების შერჩევისა და აპლიკაციისთვის ზუსტი მიმართულების მიცემისას ვგრძნობდი. ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ხელოვნება მინდოდა ჩამოყალიბებულიყო, თუმცა არ ვიცოდი, რეალურად რამდენად მოერგებოდნენ კომერციის მსგავს მოდელს არტისტები და “გალერი შოფები,” თუმცა დღეს საკუთარი ინიციატივით უამრავი არტისტი რეგისტრირდება ჩვენს პლატფორმაზე, რაც ყველაზე მეტად მახარებს. 

დაგეგმარების პროცესში შევიმუშავეთ “გაიდლაინები”, თუ რა სტილის ფოტოები უნდა განთავსებულიყო ჩვენს აპლიკაციაში და მათ იმ “სელერებს” ვაწვდიდით, რომლებთანაც პირველ ეტაპზე გვქონდა კომუნიკაცია. ვფიქრობ, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულედ ისევ ეს საკითხი რჩება, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ახალი, ინოვაციური ფუნქციონალის დამატებაზე, რითაც  დავეხმარებით მომხმარებელს, მაქსიმალურად გაზარდოს ფოტოს ხარისხი და განათავსოს ესთეტიური კონტენტი.

მთავარი დიზაინერული გამოწვევა?

ნინო ლაზარიშვილი: Mrkt-ს ვიზუალური მიმართულების შთაგონება, ძველი ჟურნალგაზეთური სტილის განცხადებები იყო. თუმცა როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ძალიან რეტრო ან კლასიკურ სტილში რომ არ წავსულიყავით, გვიანი 90-იანები ავიღეთ ორიენტირად, სადაც ტექნოლოგიური რევოლუცია მიმდინარეობდა. მწვანე ფერი სწორედ იმ ეპოქის, ყველასთვის ნაცნობი მარკერის (highlighter), ფერია, რომლითაც ჟურნალ-გაზეთებში საინტერესო მონაკვეთების აღნიშვნა ხდებოდა.

ვთვლით, რომ ამ გზით აპლიკაციაში, ჩვენი ბავშვობის კუსტარულ-ციფრული, ჩხირკედელა სულისკვეთება გავაღვიძეთ, ხოლო ამ დავალების ბოლომდე განხორციელებაში დიდი წვლილი studio impulse-ს მიუძღვის, რომელმაც ზემოთხსენებული კონცეფციიდან გამომდინარე, აპლიკაციის საბოლოო ბრენდინგზე და UI დიზაინზე იმუშავა.

როდიდან იქნება შესაძლებელი MRKT-ს გადმოწერა და მისი გამოყენება? რას უნდა ელოდოს მომხმარებელი MRKT-სგან?

ანანო ბაქრაძე: Mrkt-ის გადმოწერა როგორც apple store-იდან, ისე play store-იდან უკვე შესაძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკაცია iphone-ზეც და ანდროიდზეც ხელმისაწვდომია. კომპანია უწყვეტ განვითარებაზე და ფუნქციონალის მუდმივ დახვეწა/განახლებაზეა ორიენტირებული. ამ ეტაპზე კომპანიის დაფუძნებული “R&D” ჯგუფი სხვადასხვა ახალი ფუნქციონალის და ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობს.