მსოფლიოს ქალები საკუთარ უფლებათა სადარაჯოზე

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჯერ კიდევ 1948 წელს მიიღეს, ადამიანების, განსაკუთრებით კი ქალების უფლებათა ეფექტური დაცვა მსოფლიოსათვის კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„Respect my existence or accept my resistance.“

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ქალთა მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს, მსვლელობებსა და კამპანიებს, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა.

ამერიკელი ქალების ბრძოლა საარჩევნო უფლებებისათვის

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს სამართლებრივ სახელმწიფოში. სამართლებრივ სახელმწიფოში უზენაეს ღირებულებად მიჩნეულია ადამიანი, მისი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ასეთი ქვეყნის ასაშენებლად ყველაზე მარტივი გზა საარჩევნო უფლების გამოყენებაა. საუკუნეების განმავლობაში ქალთა მძიმე უფლებრივი მდგომარეობა გასაკვირი სულაც არაა იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების არჩევისა და სასურველი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის ბრძოლის უფლება -საარჩევნო უფლება- ქალებს XIX საუკუნის ბოლომდე არ ჰქონდათ.

Archive: New York Times

ქალთა ბრძოლა საარჩევნო უფლებებისთვის აქტიურ ფაზაში XX საუკუნის დასაწყისში შევიდა. 1913 წლის 3 მარტს ვაშინგტონში ამერიკელი ქალების მიერ ორგანიზებული მსვლელობა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურად ითვლება. საპროტესტო მსვლელობაში 8 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ამერიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასა და ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭებას მოითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მსვლელობა დაშალეს და მის მონაწილეებს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, საბოლოოდ, ამერიკელმა ქალებმა მიზანს მიაღწიეს: 1920 წელს აშშ-ს კონსტიტუციის მე-19 შესწორებამ ქალთა საარჩევნო უფლება დააკანონა.

„ქალების დასვენების დღე“ ისლანდიურად

ისლანდია პირველი ქვეყანაა, სადაც ქალებისა და კაცებისათვის თანაბარი ანაზღაურება დაკანონდა. ალბათ, სწორედ ამაზე ოცნებობდნენ ისლანდიელი ქალები, რომლებიც 1975 წლის 24 ოქტომბერს გაიფიცნენ – უარი განაცხადეს სამსახურში წასვლაზე, ბავშვების მოვლასა და სახლის დალაგებაზე. მიზეზი მარტივი იყო: თანაბარი სამუშაოსთვის ქალები, კაცებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ. ამასთან, ქალებს არ ჰქონდათ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა. საზოგადოებაში საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირებისა და პრობლემების მოგვარების ეფექტური გზების საძიებლად 25 ათასი ისლანდიელი ქალი რეიკიავიკის ცენტრში შეიკრიბა. 1980 წელს ვიგდის ფინბოგადოტირი გახდა პირველი ქალი პრეზიდენტი ისლანდიასა და ევროპაში.

Archive: WOMEN’S HISTORY

„ქალების დასვენების დღე“ – ასე მოიხსენიებენ 1975 წლის 24 ოქტომბერს, დღეს, რომელიც ისლანდიის, როგორც გენდერული თანასწორობისთვის მებრძოლი ქვეყნის, ჩამოყალიბებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. თუმცა, ისლანდიელებმა კარგად იციან, რომ მსოფლიოს ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად დასვენების დღეებშიც კი იბრძვიან.

პოლონური „შავი ორშაბათი“

2016 წელს პოლონეთის სეიმმა აბორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტის თანახმად, აბორტი დასაშვები იყო მხოლოდ დედის სიცოცხლის გადასარჩენად. ყველა სხვა შემთხვევაში აბორტი ჩაითვლებოდა უკანონოდ და პაციენტსაც და ექიმსაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

კანონპროექტის განხილვას უხმაუროდ არ ჩაუვლია. პოლონელმა ქალებმა ისლანდიელების მაგალითს მიბაძეს – უარი თქვეს სამსახურში გამოცხადებასა და სახლში საქმიანობაზე, გააცდინეს სკოლა. 3 ოქტომბერს ათი ათასობით ქალმა შავი ჩაიცვა და პოლონეთის ქუჩებში საკუთარი რეპროდუქციული უფლებების დასაცავად გავიდა.

Archive: Independent

პოლონელი ქალების პროტესტმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. დღეს პოლონეთში აბორტი არალეგალურია. აბორტი დასაშვებია მხოლოდ სამ შემთხვევაში: თუ ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; თუ ორსულობა გაუპატიურების შედეგია და ამას ადასტურებს შესაბამისი სამართალდამცავი უწყება; თუ ნაყოფს აქვს სერიოზული და შეუქცევადი დაზიანება.

წარუმატებლობის მიუხედავად, პოლონელი ქალების „შავი პროტესტი“ ნათელი მაგალითია ქალთა მზაობისა, ერთობლივად დაიცვან საკუთარი და ერთმანეთის უფლებები.

ფრთხილად, საჭესთან ქალია! ანუ საუდის არაბეთის ქალების პროტესტი

რუპორები, ბანერები, ქუჩების გადაკეტვა, მასშტაბური მსვლელობა – პროტესტის გამოხატვის მსგავს ფორმებს შეჩვეულთ 2011 წლის 17 ივნისს საუდის არაბეთში ორმოცდაათამდე ქალის მიერ მანქანის მართვა ჩვეულებრივ ამბად მოეჩვენებოდათ. თუმცა, ამ ჩვეულებრივი ქმედებით ქალები იმ მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ წავიდნენ, რომელმაც მათ მანქანის მართვა აუკრძალა.

Archive: New York Times

1957 წელს საუდის არაბეთში ქალებს მართვის უფლება ჩამოერთვათ. ქალებმა აკრძალვა პირველად 1990 წელს გააპროტესტეს. ორმოცდაათამდე აქტივისტი დააპატიმრეს, ზოგიერთმა მათგანმა სამსახურიც კი დაკარგა. მიუხედავად ამისა, საპროტესტო ტალღა არ განელებულა. ქალებისთვის მანქანის მართვის უფლების მინიჭებისათვის კამპანია 2011-2014 წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა. 2011 წლის მაისიდან ორგანიზატორები სოციალური ქსელების საშუალებით მოუწოდებდნენ ქალებს, 17 ივნისს საჭეს მისხდომოდნენ. მართლაც, დათქმულ დღეს ორმოცდაათამდე ქალმა წინამორბედ აქტივისტებს მიბაძეს და საუდის არაბეთის ქუჩები მანქანით შემოიარეს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მძღოლი პოლიციამ გააჩერა და დაპატიმრების ნაცვლად, საგზაო წესის დარღვევისათვის დააჯარიმა.

„ეს საჯარიმო ქვითარია. ჩაიწერე: პირველი ქალი ვარ საუდის არაბეთიდან, რომელიც დააჯარიმეს.“ -უთხრა მძღოლმა მის გვერდით მჯდომ ჟურნალ „თაიმსის“ ჟურნალისტს.

საუდის არაბეთის ქალების მრავალწლიან პროტესტს უშედეგოდ არ ჩაუვლია. 2018 წლის 24 ივნისიდან ქალებმა მართვის უფლება დაიბრუნეს.

არგენტინული „შავი ოთხშაბათი“

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა არგენტინისათვის დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. 2015 წელს არგენტინაში ფემიციდის 235 შემთხვევა დაფიქსირდა, 2016 წლისთვის ეს მაჩვენებელი 254-მდე გაიზარდა. მსგავსი მონაცემები არგენტინელ ქალებში უკმაყოფილებასა და უსამართლობის გრძნობას იწვევდა, რაც ხშირად საპროტესტო აქციებში ვლინდებოდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია 2016 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა.

Archive: TIME

2016 წლის ოქტომბერში არგენტინაში 16 წლის მოსწავლე გოგონა გააუპატიურეს და აწამეს, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს ფაქტი ბოლო წვეთი აღმოჩნდა არგენტინელი ქალებისთვის – 19 ოქტომბერს, რომელიც „შავი ოთხშაბათის“ სახელითაა ცნობილი, ათი ათასობით არგენტინელი ქუჩაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის წინააღმდეგ მოწოდებებითა და ლოზუნგით „არც ერთით ნაკლები“ გამოვიდა.

„დღეს ლუსი აღმოჩნდა ასეთი არაადამიანური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა, შემდეგ ჯერზე იგივე შეიძლება შეგემთხვეს შენ ან მას, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ ისე, როგორც არასდროს, უნდა გავიდეთ ქუჩაში და ერთად ვიყვიროთ: არც ერთით ნაკლები!“ -განაცხადა გარდაცვლილი გოგონას ძმამ.

#MeToo

2017 წელს ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროვებაში რამდენიმე ქალმა ამხილა. ახალი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა. ჰარვის გარდა, ქალებმა კიდევ უამრავი ცნობილი მამაკაცი გამოააშკარავეს.

სოლიდარობის ნიშნად 2017 წლის 15 ოქტომბერს მსახიობმა ალისა მილანომ ტვიტერის საშუალებით მსოფლიოს მიმართა: „თუ ყველა ქალი, ვინც კი ოდესმე სექსუალური შევიწროების ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, დაწერს MeToo-ს სტატუსად, ჩვენ შესაძლოა საზოგადოებას აღნიშნული პრობლემის მასშტაბურობა დავანახოთ.“

კამპანიის წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სხვადასხვა ეროვნების, რელიგიისა და ასაკის უამრავმა ქალმა საკუთარი ისტორია საზოგადოებას პირველად სწორედ #MeToo-ს საშუალებით გაუზიარა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიზანი, სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა, მიღწეულ იქნა.

ეს საკუთარი უფლებებისთვის ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შესახებ წიგნის მხოლოდ ერთი ფურცელია. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 71 წელი გავიდა, მაგრამ ქალები, განურჩევლად კანის ფერისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტიაციისა, ასაკისა, დღესაც იბრძვიან. ისინი იბრძვიან საკლასო ოთახებსა და უნივერსიტეტში, სახლსა და სამსახურში. იბრძვიან ჩუმად და ხმამაღლა, მარტო და სხვებთან ერთად. ისინი გააგრძელებენ ბრძოლას მანამ, სანამ მსოფლიო და საზოგადოება მათ მოსმენას არ ისწავლის.