რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, შესაძლოა, უახლოესო ორი კვირის განმავლობაში მოსკოვის საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობა ამოიწუროს.
ქვეყნის დედაქალაქში, სადაც სიტუაცია ყველაზე მწვავეა, პაციენტების მკურნალობისთვის უამრავი ახალი გეგმა შემუშავდა და ათასობით ახალი საწოლიც დაემატა, თუმცა ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი მაინც არ იქნება.
მათივე პროგნოზით, სახელმწიფოში, ფედერალური და კომერციული კლინიკების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, საწოლების რაოდენობა, შესაძლებელია, უახლოეს ორ-სამ კვირაში არასაკმარისი გახდეს.
მოსკოვში COVID-19-ის 13,002 შემთხვევაა დადასტურებული. დაახლოებით 6,000 მოსკოველი მკურნალობის კურსს სახლის პირობებში გადის.
პარასკევს მოსკოვის მერის მოადგილემ, ანასტასია რაკოვამ, განაცხადა, რომ იზრდება დადასტურებულ შემთხვევათა, განსაკუთრებით კი – მძიმე ავადმყოფთა, რაოდენობა.
”სერიოზული სიმპტომების მქონე პაციენტთა რიცხვის მატებასთან ერთად, დედაქალაქის ჯანდაცვაზე ტვირთი მკვეთრად გაიზარდა. ჩვენი საავადმყოფოები და სასწრაფო დახმარების სამსახურები ამჟამად მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ“
მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კიდევ 24 ახალი საავადმყოფოს გადაკეთებაა გადაწყვეტილი.