„სენტიმენტალური დღე“ – ასეა დასათაურებული ერთ-ერთი ნახატი და, მიუხედავად იმისა, რომ ნახატიდან ნახატზე გადავდივარ, მერე ისევ პირველს ვუბრუნდები და დაახლოებით ოცჯერ მივყვები დარბაზს ბოლო ნახატამდე, ყველაზე მეტად მაინც ეს ნამუშევარი მამახსოვრდება.
მოგვიანებით ვფიქრობ, ერთმანეთზე მიხუტებული ეს ორი სხეული, ნახატის სახელწოდებასთან ერთად, რატომ მენიშნა როგორც ყველაზე ახლობელი. ნინიკო მორბედაძის ფერწერა განსაკუთრებულად ემოციურია ჩემთვის: დგახარ, ათვალიერებ და იმდენად შერეული გრძნობები გიჩნდება, შეიძლება მოულოდნელად ატირდე ამ მოზღვავებული ემოციისგან.
ნინიკოს ფერწერას ბევრნაირად ახასიათებენ ხოლმე – როგორც მაგიურ რეალიზმს, სიურრეალიზმს… ყველაფერი რეალურისა და ირეალურის ზღვარზეა. სანახაობაც და შეგრძნებებიც ერთმანეთშია გადახლართული, როგორც სიზმრებში. დაუჯერებელი გეჩვენება, რომ მხატვარმა ეს ყველაფერი წარმოსახვიდან გამოიყოლა. გიკვირს, განა რა წარმოსახვაა ასე ხელშესახები?!
ნინიკო მორბედაძის ახალმა პერსონალურმა გამოფენამ – „კონტინიუმმა“ – ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები გააერთიანა. მხატვარი ამბობს, რომ წინა პერიოდებიდან განსხვავებით, ბოლოდროინდელ ნახატებში მკაფიო ფერები ჭარბობს. მისივე თქმით, მიმდინარე გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს გარკვეული საერთო ხაზი აერთიანებთ. თუმცა ნახატების შინაარსობრივ მხარეზე ლაპარაკი არ უყვარს.
ნინიკოს ნამუშევრები წარმატებით გაიყიდა ლონდონის ფილიპსის აუქციონზე. მისი ფერწერა წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებში და დაცულია კერძო კოლექციებში, მსოფლიოს მასშტაბით.
ბავშვობაში რა ასოციაციებს აღგიძრავდათ სიტყვა „მხატვარი?“
პატარაობაში, როდესაც მამაჩემი ზღაპრებს მიყვებოდა, მთავარი გმირი ყოველთვის იყო მხატვარი გოგო და, შესაბამისად, წარმომედგინა, რომ ყველა მხატვარი უნდა ყოფილიყო.
ვინ იყვნენ თქვენი პირველი შემფასებლები? რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სხვების აზრს, გჭირდებოდათ თუ არა ერთგვარი დასტური, რომ ის, რისი კეთებაც მოგწონდათ, გამოგდიოდათ კიდეც? თუ ეს არ იყო არსებითი?
პირველი შემფასებლები იყვნენ მშობლები და ჩემი ძმა. ყველანი ამ სფეროში ტრიალებდნენ, მამაჩემი არქიტექტორი იყო, დედაჩემი – კერამიკოსი, გიორგი, ჩემი ძმაც, მხატვარია. ჩემთვის შეფასება არასდროს ყოფილა გადამწყვეტი, რადგან უბრალოდ მიყვარდა ხატვა და ვხატავდი. მნიშვნელოვანი იყო, რომ ვაკეთებდი იმას, რაც მსიამოვნებდა, მჭირდებოდა.
დღეს რამდენად მნიშვნელოვანია შეფასება, სხვისი აზრი?
პოზიტიური შეფასება ჩემთვის დიდი სტიმულია, რომ მეტი ვიმუშაო. ისედაც, ფაქტობრივად, ყოველდღე ვმუშაობ, რადგან ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, თუმცა დადებითი შეფასება მეტი ექსპერიმენტირებისკენ მიბიძგებს.
აუცილებელია თუ არა შესაბამისი გარემო მუშაობისთვის? შესაბამისი განწყობა? რუტინულად მუშაობთ თუ ამას არ აქვს ორგანიზებული ხასიათი?
გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ოთახში, მიხურულ კარს მიღმა, წარმოსახვაზე მეტი კონცენტრაცია ხდება. ძველად წინ კედელი უნდა მქონოდა, ახლა პირიქით, წინ სივრცე უნდა მქონდეს. რეზერვუარისებური გარემო ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამ იზოლაციის დარღვევა შემოქმედებით პროცესს აფერხებს. თითქოს გარკვეული ტრანსისებური მენტალური მდგომარეობიდან მაგდებს და შემდეგ ძალისხმევა მჭირდება, რომ კვლავ მივუბრუნდე იმ მდგომარეობას, რომელშიც თავისუფლად ვმუშაობ.
არის პერიოდი, როცა არ მუშაობთ?
თითქმის არ არსებობს ისეთი პერიოდი, როცა არ ვხატავ. თავს ყველაზე კომფორტულად მუშაობის დროს ვგრძნობ, ესაა ჩემთვის დასვენება.
ანგარიშვალდებული ხართ ადამიანებთან, რომელმაც წლების წინ აღმოგაჩინეს და შეგიყვარეს როგორც მხატვარი?
სიმართლეს გეტყვით, არა მგონია, ანგარიშვალდებული ვიყო. ქვეცნობიერად ალბათ მაინც მოქმედებს და ცდილობ, რომ შენი დანახული და ნაგრძნობი ენერგია უკეთ აღსაქმელი გახადო. მგონია, რომ როდესაც მხატვარი საკუთარ თავთან გულახდილია და არ ცდილობს სხვისთვის მოსაწონი იყოს, ის ქმნის იმას, რისი შექმნაც მას შინაგანად ესაჭიროება.
ვინ ნახულობს პირველი თქვენს ახალ ნახატს?
ჩემი შვილი და ერთ-ერთი უახლოესი, ასევე მხატვარი მეგობარი.
რა გაძლევთ შთაგონებას? შესაძლებელია ამ შთაგონების ხელოვნურად „გამოწვევა,“ მაგალითად, ფილმით, წიგნით, მოგზაურობით ან ადამიანებთან ურთიერთობით? თუ თქვენგან სრულიად დამოუკიდებელია ეს პროცესი?
სხვა ნიჭიერი ადამიანისაგან მოდის იმპულსი – რა მაგარია ნიჭიერება! – ძალიან დიდ სტიმულს ვიღებ მათგან, სულ ერთია რა პერიოდში ცხოვრობდა: ეს შეიძლება იყოს სულაც შუასაუკუნეების ან თანამედროვე ხელოვანი და თან არა მაინცდამაინც მხატვარი. მათ შემოქმედებაზე თითქოს რაღაც მახსენდება, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები, რა მახსენდება – უცნაური შეგრძნებაა!
რა გრძნობა გაქვთ, როცა ნახატს ამთავრებთ? როდის გიჩნდებათ კმაყოფილების, შექმნილით სიხარულის განცდა? ხშირია ეს განცდა?
ეიფორიაა, როდესაც ვიწყებ. ჯერ წარმოსახვაში ვხედავ, შემდეგ ტილოზეც და ქაღალდზეც. ეს ეიფორია ბრძოლაში გადაიზრდება ხოლმე, რომ იმის მატერიალიზაცია შევძლო, რასაც ვხედავ. ნამუშევრის დასრულების შემდეგ ძალიან იშვიათია, რომ კმაყოფილება ვიგრძნო, რადგან რასაც წარმოდგენაში ვხედავ, იმდენად ეიფორიულია, იშვიათია შესრულებულ ნამუშევარში ზუსტად გადავიტანო ის, რაც წარმოდგენაში მქონდა. თუმცა არის გარკვეული გამონაკლისები, როდესაც მუშაობამ სხვა გეზი აიღო და დაშორდა საწყის ჩანაფიქრს, მაგრამ ამ სხვა ინტერპრეტაციით უკმაყოფილო არ ვარ. ძირითადად, ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი შემოქმედების მიმართ.
ყველა შემთხვევაში სიხარულია ის, რასაც „შემოქმედების მისტიკურ პროცესს“ უწოდებენ? არის ეს ერთგვარი ჭიდილის, გათავისუფლებისთვის ბრძოლის განცდა? – როგორც ამას სხვადასხვანაირად აღწერენ მხატვრებიც და სხვა ხელოვანებიც?
შემოქმედებითი პროცესი ემოციურად ტალღოვანია, თავისი აღმავლობა – დაღმავლობით. ხედავ იმას, რაც გინდა რომ განახორციელო, დიდი სტიმულით იწყებ, შემდეგ შესაძლებელია ერთგვარი ჭიდილი იგრძნო შენს ხელებთან, ფუნჯთან, იგრძნო ის, რომ თითქოს არ მოგყვება ინსტრუმენტი, როგორც გჭირდება. ეს არ არის მხოლოდ სიხარული, ეს არის ემოციების სრული სპექტრი, მოიცავს სიამოვნებას, ნერვიულობას, ბრძოლას, ეიფორიას.
გიჭირთ ნამუშევრებთან განშორება?
კი, სხვათა შორის. ყოფილა შემთხვევები, რომ იგივე თემატიკის ნახატი ჩემთვისაც დამიხატავს, მაგრამ, სამწუხაროდ, არასდროს გამოდის ისეთი, როგორიც პირველი.
პერსონალური გამოფენების შესახებაც მოგვიყევით, მათ შორის, ბოლო გამოფენის შესახებ. რას ეპასუხება ეს გამოფენა? რა გრძნობა გაქვთ ხოლმე ამ დროს – არის დაგროვილი ნამუშევრების სხვისთვის შესაფასებლად გამოტანა გარკვეული ეტაპის შეჯამება თუ ასე არ აღიქვამთ?
სიეიჩ 64 გალერეაში მიმდინარე გამოფენა „კონტინიუმი“ ბოლო ორი წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს მოიცავს. მე, პირადად, კონცეპტუალურად არ ვფიქრობ გამოფენებზე და, ისედაც, ჩემი ნამუშევრების შინაარსობრივ მხარეზე საუბარი არ მიყვარს. არ მიმაჩნია, რომ რაიმე ასახსნელია ან განმარტებას საჭიროებს. ამ გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს გარკვეული საერთო ხაზი აერთიანებთ, რაც, ძირითადად, მათში ჩადებულ სივრცულ სიღრმეში გამოიხატება, უსასრულო ჰორიზონტებში. წინა პერიოდებიდან განსხვავებით, ვფიქრობ, ახლანდელ ნამუშევრებში მკაფიო ფერები ჭარბობს. წარმოდგენილი ნამუშევრები ჩემი სრული შემოქმედების ბუნებრივი გაგრძელებაა, აქ წყვეტა არ არის, მაინცდამაინც რაღაც ახალი კი არ იწყება, არამედ ვითარდება და იზრდება არსებული, ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმი ან საზოგადოება. ბარელიეფური ნამუშევრების სერია ერთი კონკრეტული ნამუშევრიდან გაიშალა. პირველ ნამუშევარში არ ამოიწურა ის, რისი ჩვენებაც მომინდა და აქედან გამომდინარე, განვითარდა ეს კონკრეტული სერია, ანტიკური ისტორიები.
თქვენი ნახატების სახელწოდებები ხშირად არანაკლებ შთამბეჭდავია. ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ?
ორიენტაციისთვის, ალბათ, ადამიანებს სჭირდებათ გარკვეული გზამკვლევი სათაურის სახით. მე უფრო მეტი ასპარეზი მინდა დავუტოვო მაყურებელს და სიტყვების, სათაურის ჩარჩოებში არ მოვაქციო. მე ენერგიას, მუხტს, რომელიც გამოდის ნამუშევრებიდან (თუკი ის გამოდის), უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ის მინდა მიიღოს მნახველმაც – სათაური ამ მუხტის გაგრძელებაა. ჩემი სათაურები ხშირად ძალიან ბუტაფორიული მგონია, იმიტომ, რომ ძირითადად ვიცი როგორი სათაურებიც მიყვარს, თუმცა ამას ძალიან ბევრი ფიქრი სჭირდება, ეს ცალკე შემოქმედებაა.
რამდენად აისახება თქვენზე როგორც მხატვარზე, როგორც მოქალაქეზე ის, რაც სამყაროში, ჩვენს ქვეყანაში ხდება? პროცესები, რომლის მონაწილეც ვართ, ომი, რომელიც, ფაქტობრივად, ერთი ხელის გაწვდენაზეა?
რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო ურთიერთკავშირშია, ყველა მოვლენა ტალღისებურად ვრცელდება ჩვენამდე, ზოგჯერ ჩვენ ვართ ცენტრი. რა თქმა უნდა, ვრცელდება და აქვს გავლენა, განწყობაზეც და ყველანაირად.
იცხოვრებდით სადმე თბილისის გარდა?
არა, არ ვიცხოვრებდი, ვიმოგზაურებდი, თუმცა მაინც ყოველთვის აქ დავბრუნდებოდი. რამდენჯერ მიფიქრია, იქნებ არც მოგზაურობა მჭირდება-მეთქი. ადამიანმა შეიძლება წარმოდგენაშიც იმოგზაუროს.
შეიცვალეთ? იცვლებიან ადამიანები?
სინამდვილეში არა, იხვეწებიან, მაგრამ ბუნება ძალიან ძლიერი რამ არის და აუცილებელია, რომ ტვინიც მიჰყვებოდეს. გამოცდილება გემატება, მაგრამ სულიერად, ბუნებით ის ხარ, ვინც იბადები.
გამბედავი ხართ?
გააჩნია, რაღაცებში კი და რაღაცებში ძალიან ფრთხილი ვარ. შეიძლება დასაწყისში უფრო გამბედავი ვიყავი. როდესაც გიყვარს ადამიანები, გაქვს მჭიდრო ურთიერთობები, აქ ცოტა სხვა დინამიკა შემოდის, მარტო შენს გამბედაობაზე არ არის. შეიძლება გამბედავი იყო ბუნებით, მაგრამ დაფიქრდე და პრიორიტეტების მიხედვით გადაწყვიტო, სად, როგორ და როდის ღირს გამბედაობა.
სენტიმენტალური ადამიანი ხარ?
ფაქიზი ადამიანი პრინციპში ყოველთვის სენტიმენტალურია. მაგრამ აქაც, როგორც გამბედაობაში, საჭიროა ბალანსი. ვანეიტრალებ, ვაბალანსებ ხელოვნური პრაგმატულობით. ჩვენ არ ვართ ერთეულები, არ ვართ მარტო და ჩვენი გამოცდილებები არ არის აბსოლუტურად უნიკალური. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ შეიძლება ასე ვგრძნობდეთ, საჭიროა პრაგმატულობა. მე მაქსიმალურად არ ვიყურები უკან, ვცდილობ არ დავიწყვიტო გული. მე ვიცნობ საკუთარ თავს, ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ვიყო პროდუქტიული, ვიმოძრაო წინ და არ ჩავრჩე წარსულში. არის გარკვეული მექანიზმები, რასაც ვსწავლობთ ცხოვრების განმავლობაში. როდესაც მეტ-ნაკლებად შევიცნობთ საკუთარ თავს და ემოციებს, ვსწავლობთ რა გვჭირდება იმისთვის, რომ პოზიტიურად განვვითარდეთ და არ დავაბრკოლოთ საკუთარი თავი.
შეგიძლიათ გვერდიდან შეხედოთ საკუთარ თავს როგორც მხატვარს? როგორც დედას, ბებიას. როგორს ხედავთ?
ძალიან მიჭირს, არ ვიცი. ალბათ, უფრო არ შემიძლია. სხვებისგან მაქვს გარკვეული წარმოდგენა.
სახლი გიყვართ?
ძალიან, ძალიან მიყვარს სახლი. სულ სახლში ვარ, მიყვარს ჩემი საწოლი. სახლი ხომ შენია და საწოლი კიდევ უფრო შენი მიკროსამყაროა, აქ ხდება ყველაფრის გაანალიზება.
რას შეეგუეთ? და პირიქით-რას ვერ ეგუებით?
არის რაღაცები, რასაც ცხოვრებაში ვერ შევეგუები, თუმცა ეს პირადია და გარედან არ ჩანს.
ტანსაცმელი, აქსესუარები რამდენად მნიშვნელოვანია? თვითგამოხატვის ნაწილია?
აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ისე იცვამს ადამიანი, რამდენი წლისაც ჰგონია თავი. არის ბევრი რაღაც, რაც აბსოლუტურად ჩემი არ არის და ვერც ვერასოდეს იქნება. მაქვს ჩემი სტილი, უფრო ფუნქციური ტანსაცმელი და ვსვამ გარკვეულ აქცენტებს დეტალებით.
საყვარელი სეზონი თუ გაქვთ? თვე?
ყველაფრის დასაწყისი მიყვარს, ზამთრის – დეკემბერი, ზაფხულის დასაწყისი და შემოდგომის დასაწყისი, მაგრამ გაზაფხული მთლიანად მიყვარს.