რა კავშირია ფულსა და ბედნიერებას შორის? 2010 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე დამტკიცდა, რომ ფულით ბედნიერების „ყიდვა“ შესაძლებელია. ბედნიერების მოსაპოვებლად კი ეს თანხა წელიწადში დაახლოებით $75,000-ის მოცულობის უნდა იყოს. საგულისხმოა, რომ თანხის ეს მოცულობა ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზეა გამოთვლილი – სხვადასხვა ქვეყანაში კი განსხვავებულია სამომხმარებლო ფასები, ამიტომაც, სხვადასხვა ქვეყნებში ეს თანხაც განსხვავებული მოცულობის იქნება.
ახლახან ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთ განსხვავებულ რიცხვთან მიგვიყვანა. რეალურ დროში, მილიონზე მეტი მომხმარებლის ქცევისა და დამოკიდებულებების შესწავლის შედეგად, ბოლო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბედნიერება იზრდება შემოსავლის მატებასთან ერთად, რომელიც საბოლოოდ წლიურად $80,000-ს აღწევს.
თანხის მოცულობას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთვის, რამდენადაც იმ კავშირს ფულსა და ბედნიერებას შორის, რაც კვლევებშია აღწერილი. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ. ასევე, განვიხილავთ რამდენიმე სათანადო მიზეზს, თუ რატომ შეიძლება მაღალმა შემოსავალმა გააუმჯობესოს პიროვნების ბედნიერების დონე.
როგორ იზომება ბედნიერება?
შემოსავალთან დაკავშირებით წარსულში ჩატარებული კვლევა, რომელიც სტატიის დასაწყისშიც განვიხილეთ, ეყრდნობოდა რეტროსპექტულ მონაცემებს, ახალი კვლევა კი იყენებს რეალურ დროში, ადამიანების მიერ შეყვანილ ინფორმაციას მათი კეთილდღეობის შესახებ.
ამ გამოკვლევით კეთილდღეობის ორი ფორმა გაიზომა:
- გამოცდილი კეთილდღეობა – ადამიანის ყოველდღიური განწყობა და განცდა.
- შეფასებითი კეთილდღეობა – სხვისი აღქმა მათ ცხოვრებაზე.
კეთილდღეობის ორივე ფორმა იზრდება მაღალ შემოსავალთან ერთად, თუმცა კეთილდღეობის მეორე ფორმამ აჩვენა მეტად მკვეთრი განხეთქილება დაბალი და მაღალი შემოსავლების მქონე ჯგუფებს შორის.
როგორ „ვიყიდით“ ფულით ბედნიერებას?
გამოქვეყნებული ანგარიში გვაფრთხილებს, რომ ნებისმიერი თეორია, რატომაც იზრდება შემოსავალთან ერთად ბედნიერების დონე, არის სპეკულაციური. თუმცა, აქვე ჩამოთვლილია რამდენიმე შესაძლო ვარიანტი:
კომფორტის გაზრდილი დონე
ადამიანი, რაც უფრო მეტ ფულს შოულობს, მეტად ეზრდება შესაძლებლობა, შეიძინოს ისეთი რამ, რაც უნდა და სიამოვნებას მიანიჭებს. ეს განსაკუთრებით მართლდება მაშინ, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ დაბალი და საშუალო შემოსავლების ჯგუფებს. ფაქტი კი ერთია, მაღალი შემოსავლის ქონა ცალსახად არის დაკავშირებული შემცირებულ ნეგატიურ გრძნობებთან.
მეტი კონტროლის შეგრძნება
როგორც ჩანს, კონტროლის ინსტინქტი უკავშირდება ადამიანების ბედნიერების დონეს. ფაქტობრივად, გქონდეს შეგრძნება იმისა, რომ შეგიძლია მოიპოვო კონტროლი, რესპონდენტების 74%-ისთვის დაკავშირებულია კარგ შემოსავალსა და კეთილდღეობასთან.
ფული მნიშვნელოვანია
კვლევაში ჩართული რესპონდენტების ნაწილი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას მათი შემოსავლის მოცულობას, თუმცა იმ ჯგუფისთვის, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, ბევრი ფულის ქონას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გამოცდილ კეთილდღეობაზე. ზოგადად კი გაირკვა, რომ დაბალი შემოსავლის მქონენი მაშინ არიან ბედნიერები, როდესაც ისინი ფულის ქონას დიდ პრიორიტეტს არ ანიჭებენ, მაღალშემოსავლიანები კი იმ შემთხვევაში არიან უფრო ბედნიერები, თუკი ფულის ქონა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
რაც არ უნდა იყოს ამ ყოველივეს მიზეზი, ერთი რამ ცხადია, ,,ბიგი სმოლსი“ მთლად მართალიც არ გახლდათ, როდესაც ამბობდა, ბევრი ფული მეტ პრობლემას ნიშნავსო.