საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ, 2020 წლის ივნისის მდგომარეობით, ინფორმაცია გამოაქვეყნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2020 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 383.61 მლნ ლარით შემცირდა და 33.80 მლრდ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.36%-ით გაიზარდა და 195.12 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 2.91%-ით (578.73 მლნ ლარი) იკლო.
გაცემული სესხების მოცულობის შემცირების პარალელურად, წინა თვესთან შედარებით, 1.95%-ით (549.44 მლნ ლარი) გაიზარდა საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა და 28.77 მლრდ ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ, მაისის თვესთან შედარებით, გაიზარდა როგორც ვადიანი, ისე – მოთხოვნამდე დეპოზიტები, შესაბამისად 2.24%-ით (291.09 მლნ ლარი) და 1.70%-ით (258.35 მლნ ლარი).
გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის გაიზარდა მთლიანი სესხებისა და დეპოზიტების ლარიზაცია, შესაბამისად 1.05 და 2.68 პროცენტული პუნქტით. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში კი აშშ დოლარის წილმა 84.46%, ხოლო ევროს წილმა 14.18% შეადგინა.