ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 24 მარტს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება.

2020 წლის 24 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციებს განათავსებს. ბენჩმარკ ობლიგაციების ემისია ხორციელდება თანაბარი მოცულობებით და წინასწარ ცნობილი პერიოდულობით.

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საშინაო ფასიანი ქაღალდების ემისია 2009 წლიდან დაიწყო. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული სახსრები ძირითადად გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ან მოკლევადიანი საკასო სხვაობის დაფარვისათვის.

ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკას უკვე მიადგა საკმაო ზიანი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული კომპანიები. სახელმწიფომ არსებული სიტუაციის შესარბილებლად გაატარა გარკვეული ღონისძიებები, მათ შორის იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს (სასტუმროები და რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, სატრანსპორტო კომპანიები, საექსკურსიო საქმიანობა, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორები და სხვ.) საქართველოს მთავრობა გადაუვადებს მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელ ქონების და საშემოსავლო გადასახადებს.

შედეგად, შეღავათი შეეხება 18,000 გადასახადის გადამხდელს და 50,000 ზე მეტ დასაქმებულ პირს, რაც ნიშნავს, რომ 100 მლნ. ლარზე მეტი დარჩება ეკონომიკის ამ სექტორში.

სახელმწიფოს არსებული სიტუაციის დასასტაბილურებლად დიდი თანხების მობილიზება სჭირდება. ფინანსთა სამონისტროს მიერ დაანონსებული ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონიც თანხების მობილიზების ერთ–ერთ საშუალებას წარმოადგენს.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ასევე, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ მიერ სპეციალურად გამოყოფილი ფონდებიდან რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით.