მობილურ ინტერნეტს მსოფლიოს მასშტაბით 4 მილიარდი ადამიანი იყენებს. ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Cable.co.uk-მა გუგლთან, პრინსტონის უნივერსიტეტსა და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით მსოფლიოს 230 ქვეყანაში მონაცემები შეაგროვა და შეადგინა რანჟირების სია მობილური ინტერნეტის საფასურის მიხედვით.
კვლევის თანახმად, მსოფლიოში მობილური ინტერნეტი ყველაზე იაფი ინდოეთშია, ქვეყანაში 1 გიგაბაიტ ინტერნეტში მომხმარებელი საშუალოდ სულ რაღაც 75 თეთრს იხდის. რეკორდულად დაბალი ღირებულება ნაწილობრივ განპირობებულია მობილური ინტერნეტის ბაზრის მოცულობითა და მაღალი კონკურენციით.
ყირგიზეთი, ყაზახეთი, უკრაინა და რუანდა ის ქვეყნებია, რომლებიც ყველაზე იაფ მობილური ინტერნეტის ხუთეულს ქმნიან ინდოეთთან ერთად. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში 1 გიგაბაიტი მოცულობის ინტერნეტის საშუალო ფასი 1.8 ლარზე ნაკლებია.
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მობილური ინტერნეტი ზიმბაბვეშია, სადაც 1 გიგაბაიტი მობილური ინტერნეტის საშუალო ფასი 220 ლარზე მეტია.
ქვეყნები სადაც განვითარებულია საკაბელო ქსელების ინფრასტრუქტურა მობილური ინტერნეტი საკმაოდ ძვირია. მაგალითად, შეერთებულ შტატებში გიგაბაიტის საშუალო ღირებულება 35 ლარზე მეტია, რაც მას რეიტინგში 182-ე პოზიციაზე აყენებს.
დიდი ბრიტანეთში შედარებით უკეთესი პირობებია ამ მხრივ. აქ 1 გიგაბაიტის მოცულობის მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება 20 ლარს აღწევს. ევროპაში ყველაზე ძვირი მობილური ინტერნეტის შეძენა ბერძნებს უწევთ – 1 გიგაბაიტი მოცულობის ინტერნეტის საშუალო ღირებულება აქ 100 ლარამდე აღწევს.
საქართველო მობილური ინტერნეტის ფასების გლობალურ რეიტინგში 75-ე ადგილს იკავებს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში მობილურ ინტერნეტს 2.7 მილიონი აბონენტი იყენებს. 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, თითოეული აბონენტი საშუალოდ 2.5 გიგაბაიტის მოცულობის მობილურ ინტერნეტს მოიხმარს. ქვეყანაში 1 გიგაბაიტი ინტერნეტის საშუალო ღირებულება 10 ლარს აღწევს, რაც რეგიონში ყველაზე მაღალია.
თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეგიონში საქართველოს ყველაზე მაღალი ხარისხისა და ინფრასტრუქტურულად გამართული ინტერნეტ-მომსახურება აქვს.
ავტორი: დავით ღამბაშიძე