მიზნების მარათონი

მართვის და კომუნიკაციის პროფესორმა დავალება მოგვცა ‒ 7 წუთის განმავლობაში ხმისამოუღებლად გვესმინა თანამოსაუბრისთვის და არცერთი კომენტარი არ გაგვეკეთებინა – მხოლოდ სხეულის ენით თანაგრძნობის, ემპათიის და ჩართულობის დემონსტრირება იყო ჩვენი მოვალეობა.

დავალება ემოციურად დამღლელი აღმოჩნდა და კომუნიკაციის ბოლოს საკუთარი აზრებით გაბერილები „დავგორავდით“ აუდიტორიაში.

რთულია უსმინო, როცა პასუხი „იცი“ და რთულია გაიგო ‒ როცა არ უსმენ.

წვრთნა და საკუთარ თავზე უწყვეტი მუშაობა, სწავლა და უამრავი მცდელობა გაძლევს ამბიციას ცოდნა გააზიარო, გახდე მრჩეველი, ხელმძღვანელი, ქოუჩი, მენტორი…

ძალიან ფრთხილად შესარჩევი პროფესიაა ქოუჩობა და მენტორობა და პრაქტიკულად შეუძლებელია ხარისხიანად შეასრულო ის: თუ ხარ 20-25 წლის, თუ არ გაქვს შესაბამისი აკადემიური განათლება, თუ არ გიმუშავია არცერთ ბიზნეს ინდუსტრიაში, თუ არ გქონია პირადი, თუ პროფესიული კრიზისი, თუ არ იცი მოსმენა, თუ არ შეგიძლია რელევანტური კომუნიკაცია და თუ არ უყურებ ბიზნესს, როგორც მომხმარებელი, ინვესტორი, პარტნიორი და კონკურენტი ერთდროულად – ერთსა და იმავე დროით და გეოგრაფიულ სივრცეში შენს „საწვრთნელთან„ თანხვედრაში.

პროფესია, რომლის შედეგიც დროში განგრძობითად გამოიცდება და რომელიც კლიენტის/პაციენტის ფსიქიკაზე, მენტალობაზე, წარმატებაზე და წარუმატებლობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება დღეს განსაკუთრებით პოპულარულია და გარკვეულ ჯგუფში ნიჰილიზმს, სხვებში კი ‒ ბრმა ნდობას იწვევს.

უსაფუძვლო ამბიცია იქ უნდა დამთავრდეს, სადაც ფინჯანი ყავით ხელში მეგობრისთვის გაცემულ „გულიდან ამოსულ რჩევას“ სიამაყის ღიმილით დავაგვირგვინებთ და გონებაში გაგვიელვებს ფრაზა ‒ „ბარემ ქოუჩი, ან სულაც მენტორი ხომ არ გავხდე?“

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

ამბიციის პალიტრა, ანუ გზა იდეიდან ქოუჩამდე

„მორჩა, საკუთარ საქმეს ვიწყებ ანუ ჩემი თავის უფროსი მე ვიქნები“.

ფაქტი

„სამეწარმეო განათლება 50 წელზე მეტია აქტიურად ვითარდება და ის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს; მიუხედავად ამისა, მონაცემების მიხედვით, კურსდამთავრებულთა მხოლოდ 4,7% იწყებს თვითდასაქმების მიმართულე­ბით განვითარებას და მხოლოდ 0.6% იწყებს საკუთარ სამეწარმეო საქმიანობას;“ -­ ჟურნალი „გარდიანი“.

რატომ ხდება ასე?

მეტი ცოდნა ‒ მეტ სიფრთხილეს განაპირობებს.

ყოველ წელს ვფიქრობ „წამოვიწყო“ რაიმე ახალი, სარფიანი, საინტერესო და სასარგებლო საქმე ‒ თუმცა ჩემი 12 წლის შვილი, რომელმაც დაახლოებით 6 სხვა­დასხვა ბიზნეს­-აქტივობა წამოიწყო, განავითარა და ჩაანაცვლა ახლით, გაცილებით აქტიური ენტერპრენერი აღმოჩნდა.

რისკების დეტალურ შეფასებას, სკრუპულოზურ ბიუჯე­ტირებას და განვითარების სტრატეგიის დაგეგმარებას, ხშირად მივყავართ სრულ არაფრამდე.

აქ ამბიცია მნიშვნელოვანია და უგუნურება, ისევე რო­გორც ყველგან დამღუპველი.

“ვიცი”

ბიზნეს კონსულტანტად მუშაობისას, ბევრჯერ მომისმე­ნია ფრაზა: „ამდენი ხანია ამ საქმეში ვარ და კარგად ვიცი, როგორც ხდება“, იქვე „ლოგისტიკა შენ რა იცი – ქალი ხარ“ და „აქ ასე არ ხდება, გენაცვალე“, კორ­პორაციის განვითარების დონის და თანამშრომლების მიმღებლობის ხარისხის შესაბამისად, თან სდევდა პერმანენტულ კარმად.

დაძლიო თავს და აღიარო, რომ რაღაც ვერ გამოგდის, არასწორად აკეთებ, ან სულაც არ აკეთებ იმ საქმეს, რამაც შეიძლება წარმატება მოგიტანოს, ძირითადად, რთული და პრაქტიკულად გადაულახავი პრობლემაა.

ჯანსაღი და არაჯანსაღი ამბიცია თეთრ და შავ შურს მაგონებს

რა განსაზღვრავს მის ფერს?

შენი განვლილი გზა და მიღწევები და ამის მიხედვით ხდება ხოლმე ის მიზეზი ან შედეგი.

„ამბიციურია, შორს წავა“ ‒ სადავო საკითხია…

როცა ამბიცია ნიჭის, ცოდნის, გამოცდილების და 10 000-ჯერ ცხვირის წამტვრევის შედეგია, მისი სწორ დროს გამოყენება შორსაც წაგიყვანს და იმის იქითაც.

როცა ის ახლობელთა შემოძახილების, ამპარტავნე­ბის და უსაფუძვლო ბრექიაობის შედეგად „გაცვია“, ნათხოვარ პიჯაკს ჰგავს და ამას ყველა ხედავს, ის შორს ვერსად წაგიყვანს, მაქსიმალური მწვერვალი კი „საკუთარი წარუმატებელი ბიზნესია“.

“მზად ვარ”

სწავლის, სამსახურის ძიების, გასაუბრებების დაგეგმვის და კარიერული განვითარების ცენტრთან ჰიპერაქტიური კომუნიკაციის პარალელურად გადაწყდა:

ჩემმა პროექტმა, რომელზეც ორი წელი ვიფიქრე, ექვსი თვე ვწერე, შემდეგი ერთი წელი ქართულ „საინვესტი­ციო ნეთვორქში“ ჩამოვატარე, ამერიკული დღის სინათ­ლე უნდა იხილოს.

პოტენციური ინვესტორი #1 – „თქვენ კომპანია უნდა მართოთ თუ უნივერსიტეტში უნდა ისწავლოთ“?

პოტენციური ინვესტორი # 2 – „პროექტი საქართველოში უნდა დაფუძნდეს – იქ ბაზარი არამყარია, ქვეყანაში­ ომი – მაღალი რისკია“.

პოტენციური ინვესტორი #3 – „ვახშამზე განვიხილოთ თქვენი პროექტი. ვფიქრობ, საერთო ენას გამოვნახავთ“.

პოტენციური ინვესტორი #5 – „სწორი და დროული პროექტია და პოტენციალიც მაღალი აქვს, თუმცა, ვფიქრობ ზედმეტად მოცულობითია“.

პოტენციური ინვესტორი #6 – „რატომ გაქვთ ამხელა გამოცდილება ბიზნესის სფეროში პროფესიით ექიმს“?

სხვა

იყო კონსტრუქციული უკუკავშირები სტარტაპ აქსე­ლერაციის პროგრამებიდან და იყო სრულიად გაუგე­ბარი, არაკონსტრუქციული ქართული უკუკავშირიც მსგავსი ინსტიტუციებისგან, თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

აქ ამბიციაზე ვსაუბრობთ და სრულიად ბუნებრივია, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების საფუძველზე შენ მიერ მოფიქრებული პროექტი გესახებოდეს სამყაროს ძირითად გარდამქმნელ ძალად, ბოროტთან ბრძოლის უალტერნატივო იარაღად ან სულაც ახალი სამყაროს ჩამოყალიბების ნათელ პერსპექტივად.

ეს შენი იდეაა, შენი პროექტი, მოგვიანებით შენი კომ­პანია, შენი სიამაყე, შედეგი და შესაბამისად შენ ის გიყვარს, ის კი სანაცვლოდ შენს ამბიციის კოეფიციენტს უსასრულობისკენ ექაჩება;

შეჩერდი!

სად გავჩერდეთ? როდის უნდა მივხვდეთ, რომ თავმომ­წონეობა სუფთად ფინანსურად გვაზარალებს და რეა­ლური რისკის წინაშე გვაყენებს?

ამისთვის გვჭირდება ალტერნატიული აზრი. ობიექ­ტური, რეალისტური, კონკრეტული და საფუძვლიანი მოსაზრება – პროფესიონალისგან, რომელსაც მივი­ღებთ, რომლისთვისაც – მზად ვართ.

ახლა ამ ტექსტს ვამზადებ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს სწორად, ზუსტად და უშეცდომოდ ვბეჭდავ კლავიატურაზე, რამდენიმეჯერ გადავხედავ, შეცდომებს გავასწორებ, თუმცა, ჩემი რედაქტორი მაინც აღმოაჩენს მინიმუმ 2 შეცდომას ტექსტში:

მიზეზი მარტივია და როგორც ფსიქოლოგი ტომ სტე­ფორდი განმარტავს: „ამ დროს ძირითად იდეაზე ხარ ორიენტირებული, რაც საკმაოდ მაღალი მნიშვნელობის დავალებაა“ ‒ ამიტომაც ნაკლებმნიშვნელოვან ბეჭ­დურ შეცდომებს ხშირად ვაპარებთ ‒ თუმცა, სხვა ამას მარტივად აღიქვამს, ვინაიდან მას აზრის უზადოდ გად­მოცემის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში არ აკისრია.

დასკვნა

აღმოჩნდა, რომ ამბიცია თეთრი და შავის გარდა სხვა ბევრი ფერისაც არსებობს და ის განწყობის, ადგილ­მდებარეობის, ცხოვრების და კარიერული ზრდის ეტაპე­ბის მიხედვითაც იცვლება.

ამბიცია სირცხვილი არ არის, არც პროვინციალიზმის დამახასიათებელი აქსესუარია და არც აღუზრდელობის სიმპტომი.

ამბიცია ძალაა ‒ რომელსაც შედეგისკენ მივყავართ.

გასაღები ჩვენს აღქმაშია: როდესაც გავიაზრებთ, რომ „შეცდომა მოსულა“, ვისწავლით „არ ვიცი“-­ს თქმას, გავწვრთნით საკუთარ თავს „მოსმენის“ უნარის გამო­მუშავებაში, მაშინ, ამბიცია ყველაზე სასიამოვნო ფერს მიიღებს და დანიშნულების ადგილამდეც ფრენით მიგვიყვანს.

„მე მინდა“ VS „მე უნდა“…