კორონავირუსის პანდემიის პირობებში მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური გამოწვევის წინაშე დადგა ბიზნესიც. ვითარების გაუარესებასთან ერთად კომპანიების ნაწილმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი გვთავაზობს კვლევას, ბიზნესის რომელი სექტორებია მაღალშემოსავლიანი და შედარებით უსაფრთხო სავაჭრო ურთიერთობებისთვის, ჯანმრთელობის რისკებისა და ეკონომიკური სარგებლის გათვალისწინებით.
კვლევისთვის შეირჩა ბიზნესის 26 სექტორი, მკვლევარებმა კი შეისწავლეს მათი მომხმარებლები და საქმიანობის სფერო. კვლევის თანახმად, ბანკებს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვთ, გაუმკლავდნენ პანდემიის მიზეზით დაწესებულ შეზღუდვებს და შესაბამის თანმდევ გამოწვევებს. ეს სექტორი ეკონომიკური თვალსაზრისით რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო რისკიანობის მაჩვენებლით მე-14 ადგილს.
საპირისპიროდ, გამოიკვეთა ბიზნესთა ნაკლებად შემოსავლიანი კატეგორია, რომელიც ეკონომიკური მნიშვნელობის მიხედვით რეიტინგის ბოლოშია და ამასთან, ხალხმრავლობითაც ხასიათდება. ეს კატეგორია აერთიანებს სპორტულ დარბაზებს, კაფეებსა და ბარებს.
კვლევის შედეგი სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაეხმარება ოფიციალურ პირებს, განსაზღვრონ თუ რომელი ადგილები უნდა დაიხუროს პირველ რიგში და რომლებმა უნდა გააგრძელონ ბიზნეს-საქმიანობა.