„დაიცავი შენი პოზიცია!“ | ინტერვიუ მირიანა სპოლიარიჩ ეგერთან

რამდენიმე კვირის წინ გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, საქართველოში მისი ვიზიტის დროს ოც მეწარმე ქალს შეხვდა, რათა განეხილათ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხები.

საქართველოს ბანკთან და საქართველოში შვედეთის საელჩოსთან პარტნიორობით, UNDP საქართველომ წამოიწყო სასწავლო პროგრამა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მომავალი თაობის ქალი ბიზნეს ლიდერების, ასევე ქალთა ხელმძღვანელობით არსებული სტარტაპებისა და მზარდი კომპანიებისთვის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა/ UNDP

დამსწრე საზოგადოებას მეწარმე ქალებმა მთელი საქართველოდან გაუზიარეს გასაოცარი ისტორიები იმ წარმატებებზე და წარუმატებლობებზე, გამოწვევებზე, რომლებთანაც გამკლავება თავიანთი ბიზნესის დაწყებისას და განვითარებისას მოუხდათ. მათი პირადი ისტორიები საკმაოდ საინტერესო და შთამაგონებელი გახლდათ.

აღნიშნული ისტორიები გაიზიარა, მოისმინა და შეაფასა არა მხოლოდ სხვადასხვა პროფესიონალებისა და კოლეგებისაგან შემდგარმა აუდიტორიამ, არამედ გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულმა დირექტორმაც, რომელსაც სურდა გაეგო, თუ რა პროგრესს მიაღწიეს მეწარმე ქალებმა საქართველოში, რა სახის მხარდაჭერას იღებენ და რა შეიძლება გაკეთდეს მათი ბიზნესისა და კარიერული წინსვილის მომავალში.

საინტერესო სესიის შემდეგ, Forbes Woman Georgia-მ ქ-ნ ეგერთან მოკლე, თუმცა შინაარსიანი ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ლიდერის პოზიციაზე მყოფმა ქალმა, მან თავისი ცხოვრებისეული და კარიერული გამოცდილებები მიმოიხილა და საყურადღებო რჩევები გაგვიზიარა.

დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერული გამოცდილება გაქვთ. განათლება მიიღეთ ფილოსოფიის, ეკონომიკისა და საერთაშორისო სამართლის კუთხით. ადრე მუშაობდით შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების უფროსის მოადგილედ და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების ელჩად. შეგიძლიათ მოკლედ შეაჯამოთ თქვენი კარიერა და გვითხრათ, როგორ მოხვდით აღნიშნულ თანამდებობაზე, მას შემდეგ რაც იყავით გენერალური მდივნის თანაშემწე გაეროში, UNDP-ის თანაშემწე ადმინისტრატორი და ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის UNDP-ის რეგიონული ბიუროს დირექტორი?

მირიანა სპოლიარიჩ ეგერი: დიდი დრო დავუთმე იმის გარკვევას, თუ რისი სწავლა და შემდეგ რისი გაკეთება მინდოდა ცხოვრებაში. ჩემი მთავარი პრობლემა ის გახლდათ, რომ ბევრი რამ მაინტერესებდა, თუმცა ადრე ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება არ იყო შესაძლებელი. დღესდღეობით უნივერსიტეტები სტუდენტებს ბევრად უფრო მოქნილ პროგრამებს სთავაზობენ. აკადემიურ დისციპლინათა ისეთი კომბინაციები შევისწავლე, რომლებიც, ჩემი აზრით, მაქსიმალურად ბევრ შესაძლებლობას მომცემდა შრომის ბაზარზე. შევისწავლე სამართალი ეროვნულ ეკონომიკასა და ფილოსოფიასთან ერთად. აღნიშნული კომბინაცია საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა საჯარო სამსახურისა და საკონსულტაციო ფირმებისათვის. უნივერსიტეტი ეკონომიკური რეცესიის პერიოდში დავასრულე. ბევრი სამუშაო იყო ფირმებისთვის, რომლებიც ეხმარებოდნენ სხვა ფირმებს რესტრუქტურიზაციაში. ყოველივე კუთხით დაინტერესებული ვიყავი და ორივე ტიპის სამსახურზე გავგზავნე აპლიკაციები, თუმცა, მაშინ საგარეო სამსახურში მიმიღეს. ეს გზა, პირველ რიგში, იმიტომ ავირჩიე, რომ საზღვარგარეთ წასვლის და სწავლის სფეროს გაფართოების საშუალებას მაძლევდა. ჩემი მოტივაცია ყოველთვის იყო მქონოდა რაც შეიძლება მეტი არჩევანი და შესაძლებლობების ფართო სპექტრი.

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა/ UNDP

შეგიძლიათ უფრო მეტი მოგვიყვეთ თქვენი კარიერული განვითარების გზის შესახებ? რა ნაბიჯების გადადგმა მოგიწიათ ორგანიზაციულ იერარქიაში შეუფერხებლად წინსვლისთვის? მინდა ხაზი გავუსვა გენდერულ პერსპექტივასაც… დარწმუნებული ვარ, როგორც ქალს, ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდათ.

მირიანა სპოლიარიჩ ეგერი: როდესაც პროფესიული სამსახური დავიწყე, სწორედ მაშინ იკიდებდა ფეხს ქალებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პრაქტიკა და პოლიტიკა. თუმცა, ინკლუზიურობა არ გახლდათ სტანდარტი. ბევრ სტერეოტიპთან გამკლავება მოგვიწია. ჩემი წარმატების მთავარი პრინციპი იყო ვყოფილიყავი ძლიერი იმ საქმეში, რასაც ვაკეთებდი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიცოდი, რომ მნიშვნელოვანი იყო საქმის შინაარსზე კონცენტრაცია და გარკვეულ სფეროში პროფესიონალიზმის მაღალი დონე. მივხვდი, რომ ქალებისათვის რისკზე წასვლა წარმოადგენდა წინაპირობას, რომელიც იძლეოდა წინსვლის და ხანდახან მათზე ზემდგომ პირებთან შეჯიბრების საშუალებას. ქალებს არ აღიქვამენ მამაცებად, ამიტომაც საჭირო ხდება იმის დამტკიცება, რომ შეუპოვარი ხართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში კომფორტის ზონას უნდა გაცდეთ და დაიცვათ თქვენი პოზიციები. თუმცა, პოზიციების დაცვას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ დარწმუნებული ხართ მათ მართებულებაში. ასე რომ, ჩემი სტრატეგია ასეთია: თუ დარწმუნებული ხართ, რომ კონკრეტული გზა სწორი გზაა, დაიცავით იგი: დაიცავით იგი არგუმენტირებულად და არსებითად!

დიდი მადლობა აღნიშნული პერსპექტივის გაზიარებისათვის. მინდა გადავიდეთ საქართველოს მაგალითის განხილვაზე. როგორ შეაფასებდით ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობის დონეს საქართველოში?

მირიანა სპოლიარიჩ ეგერი: ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა, რაც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, საშუალოზე დაბალია. ეს ცალსახად ნათელია მაშინ, როდესაც ქვეყანაში მცხოვრებ ქალთა პოტენციალი მაღალია. თუმცა, მგონია, რომ შედარებით მოკლე პერიოდში პარიტეტის მიღწევა შესაძლებელია, რადგან ადამიანური კაპიტალის დონე საკმაოდ მაღალია. არის მოტივაციისა და ჩართულობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. სრული პოტენციალის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ მთავრობაში პოლიტიკური ნების გამოყენებით, რათა, ფორმალური შრომისა და მაღალი ღირებულების შრომის ბაზარზე ქალების სისტემატურად და სტრატეგიულად ჩართულობით, ხელი შეეწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. ეს კი მოითხოვს პოლიტიკურ თავდადებასა და სწორ პოლიტიკას, რასაც თან ახლავს ფინანსური ინვესტიციები.

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა/ UNDP

გეთანხმებით. ეს ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი თავად ქალები დგანან. თქვენი დაკვირვებებიდან და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მთავარ რჩევას მისცემდით ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ ან აგრძელებენ თავიანთ კარიერას პოლიტიკაში ან ბიზნესში და ცდილობენ უფრო მაღალ მენეჯერულ/ლიდერის პოზიციებზე მოხვედრას?

მირიანა სპოლიარიჩ ეგერი: ვფიქრობ, მენეჯერულ/ხელმძღვანელ პოზიციებზე მოხვედრა ძნელია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. თუმცა, დღესდღეობით, სადაც არ უნდა იყოთ, ეს მაინც ალბათ უფრო რთულია ქალებისთვის. ცვალებადი აზროვნებითა და ქალების სტრატეგიული დაწინაურებით მენეჯმენტსა და მმართველ მაღალ პოზიციებზე, ჩვენ ვქმნით მისაბაძ მაგალითს და მინიმუმამდე ვამცირებთ მავნე სტიგმას. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი დაინტერესებულია საუკეთესო და ნიჭიერი ადამიანების მოზიდვით. ასე რომ, მთავარი კითხვაა: შეძლებთ თუ არა საუკეთესო ინდივიდების მოზიდვას თუ მათ ფონდს 50%-მდე შეამცირებთ? თუ გსურთ არჩევანი გააკეთოთ ფონდის 100%-ის გათვალისწინებით? თუკი გსურთ ფონდის 100% განიხილოთ, თქვენ უზრუნველყოფთ ქალების ჩართულობას და მათ აძლევთ კონკურენციაში ჩართვის საშუალებას. თავად უფრო მეტი ქალი დავაწინაურე მაღალ თანამდებობებზე, ვიდრე მამაკაცები, მაგრამ ყოველთვის კონკურენციის პირობებში. ახლა გამოდის, რომ ორგანიზაცია უფრო მეტ ქალს ასაქმებს, ვიდრე მამაკაცს და, შესაბამისად, ვეძებთ მამაკაცებს, რათა დავიცვათ ბალანსი, რადგან სასურველი მიზანი გუნდში ნამდვილი თანასწორობისა და მრავალფეროვნების უზრუნველყოფაა. თუ ქალებს ჯანსაღ კონკურენციაში ჩართვის შესაძლებლობას მივცემთ, კვოტების არსებობის საჭიროებაც გაქრება.

რაც შეეხება რჩევას… იყავით საკუთარი თავის ერთგულნი. იცოდეთ თქვენი ღირებულებები და ნახეთ, რისი კეთება გსურთ და შემდეგ მიჰყვეთ არჩეულ გზას. ნუ შეგაწუხებთ ის, თუ რას ფიქრობენ ან ამბობენ სხვა ადამიანები თქვენზე; ყურადღება არ მიაქციოთ უსამართლო სოციალურ ნორმებს. ყოველთვის ვამბობ, რომ ლიდერად ჩამოყალიბებისთვის გამბედაობაა საჭირო. მომავლის სამსახურების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი სწრაფი ცვალებადობა იქნება, რაც ციფრულ და ტექნოლოგიურ განვითარებას უკავშირდება. ეს კი მოითხოვს ინტეგრაციის მაღალ ხარისხს და მუშაობას სხვადასხვა დარგისა და სფეროს მოცემულობაში. აუცილებელია მოვემზადოთ მენეჯმენტისა და ლიდერობის ახალი ფორმებისათვის. გენდერული თანასწორობა შესაძლებელია იყოს მომავალში უფრო სწრაფი ცვლილებებისთვის მომზადების გზა.