ძალაუფლების ნაირგვარობა 5 მინისერიალში

სოციალური დისტანცირების როლი კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში უმნიშვნელოვანესია. სახლში ყოფნისას კი, დროის საინტერესოდ გასატარებლად, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სერიალების ყურებაა. სიის შერჩევისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ ადამიანებს მათ საყურებლად, ზოგჯერ, ხანგრძლივობა აბრკოლებთ.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხუთივე სერიალი მოკლემეტრაჟიანია და გვიყვებიან ყველასათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და საინტერესო თემაზე – ძალაუფლების სიყვარულზე.

როცა ისინი დაგვინახავენ/When They See Us (2019)

სერიალის პირველი ეპიზოდი ეკრანებზე 2019 წლის მაისში გამოჩნდა. ის 1 სეზონისა და 4 ეპიზოდისაგან შედგება, რომელთაგან თითოეულის ხანგრძლოვობა, საშუალოდ, 1 საათი და 10 წუთია. სერიალი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და ე.წ. „ცენტრალ პარკის ხუთეულისა“ და 1989 წელს მომხდარი გახმაურებული საქმის შესახებ გვიყვება.

When They See Us დაგაფიქრებთ, რას ნიშნავს, იყო უდანაშაულო და ისეთ მძიმე ბრალდებას გიყენებდნენ, როგორიც გაუპატიურებაა. უსამართლო ბრალდების უკან კი კიდევ უამრავი ასპექტია გასათვალისწინებელი – პოლიტიკა, რასა და სოციალურ კლასთა შორის დაპირისპირება.

უყურეთ და თავად დარწმუნდით, შეუძლია თუ არა სიმართლეს უსაზღვრო ძალაუფლებაზე გამარჯვება.
IMDB: 9.0

ახალგაზრდა პაპი / The Young Pope (2016)

სერიალი 2016 წელს გამოვიდა და მთავარ როლის შემსრულებელი ცნობილი მსახიობი, ჯუდ ლოუა. იგი 1 სეზონისა და 10 ეპიზოდისაგან შედგება, თითოეულის საშუალო ხანგრძლივობა კი 1 საათია. “ახალგაზრდა პაპი” სულ სხვა კუთხით დაგანახებთ კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი იერარქიის პირებს, პაპსა და კარდინალებს, შორის ურთიერთობის საკითხებს.

ორიგინალური სცენარის წყალობით, მაყურებელი ისეთი ძლევმოსილი ადამიანის სისუსტეებს, სიჯიუტესა და უცნაურ თვისებებს გაეცნობა, როგორიც რომის პაპია. სერიალი დაგაფიქრებთ იმაზეც, თუ რომელია უფრო დიდი ღირსება – იყო რომის პაპი და დარჩე უბრალო ადამიანად, თუ მთლიანად შეითავსო კუთვნილი ძალაუფლება.
IMDB: 8.4

ჩერნობილი / Chernobyl (2019)

2019 წელს გამოსული სერიალი უკვე მრავალმა გამოცემამ აღიარა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად. იგი ჩერნობილის 1986 წლის კატასტროფის შესახებ გვიამბობს. ნამუშევარი 1 სეზონისა და 5 ეპიზოდისაგან შედგება და თითოეულის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 1 საათი და 10 წუთია.

“ჩერნობილში” ორიგინალურადაა ასახული კატასტროფის, როგორც გლობალური და ინდივიდუალური ტრაგედიის, სახე. სერიალში დასაფასებელია ინფორმაციის სწორად და ეფექტურად გადმოცემის საკითხი. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ იქცევა ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილებები და ძალაუფლებაზე ორიენტირებულობა მასობრივ კატასტროფად.
IMDB: 9.4

დასავლეთი / Westworld (2016)

სერიალი ეკრანებზე 2016 წელს გამოჩნდა. ჯამში ის 3 სეზონისა და 28 ეპიზოდისაგან შედგება, რომელთაგან თითოეული, დაახლოებით, 1-საათიანია. აღსანიშნავია, რომ მესამე სეზონის პრემიერა 2020 წლის 15 მარტს შედგა, სეზონის ბოლო, მე-8 ეპიზოდს კი, 2020 წლის 3 მაისს ვიხილავთ.

“დასავლეთი” დაგაფიქრებთ ტექნოლოგიებსა და ადამიანთა მისწრაფებების ურთიერთმიმართებაზე – მის საშიშროებასა და საზღვრებზე. ერთ-ერთი წამყვანი პერსონაჟის როლში კი მაყურებელს სერ ენტონი ჰოპკინსი ევლინება.
IMDB: 8.7

ნარკოსი / Narcos (2015)

2015 წელს გამოსული სერიალი, სახელწოდებით “ნარკოსი” მაყურებელს პაბლო ესკობარის შესახებ უამბობს. ის 3 სეზონისა და 30 ეპიზოდისაგან შედგება, თითოეულის ხანგრძლივობა კი, საშუალოდ, 50 წუთია. იგი სხვადასხვა კუთხით ნათლად დაგანახებთ ძალაუფლების უსაზღვროდ დიდ როლს ადამიანის ცხოვრებაში.

სერიალი, ერთი მხრივ, გიჩვენებთ, როგორ მოახერხა პაბლო ესკობარმა ღარიბი ბიჭიდან მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად გადაქცევა, ხოლო, მეორე მხრივ, შეძლებთ გაიგოთ, რას ნიშნავს იყო შვილი, მამა, ქმარი და, ამავე დროს, ნარკობარონი, რომლისაც მთელ მსოფლიოს ეშინია.
IMDB: 8.8