Microsoft პოლონეთში 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. კერძოდ, კომპანია გეგმავს რეგიონში მონაცემთა პირველი ცენტრის გახსნას, რომელიც ციფრულ სერვისებს შესთავაზებს როგორც სამთავრობო, ისე ბიზნეს სექტორს.
Wprost-ის ცნობით, აღნიშნული მონაცემთა ცენტრი Microsoft-ისთვის იქნება ამგვარი მასშტაბის პირველი პროექტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და ამასთან, წარმოადგენს ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ინვესტიციას პოლონეთისთვის.
„ჩვენი მთავარი მიზანია დავაჩქაროთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პოლონეთის ტექნოლოგიურ ცენტრად ფორმირება. მე ღრმად მწამს, რომ Microsoft-ის ინვესტიცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის შიდა წარმოებისთვის, საჯარო ინსტიტუციებისა და საგანმანათლებლო სისტემისთვის, რაც მათ ციფრული ტრანსფორმაციისა და ახალი სამუშაო სტანდარტების დანერგვის საშუალებას მისცემს “ – აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მათეუს მორავიეცკი.
აღნიშული პროექტის ფარგლებში, Microsoft გეგმავს ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე 150 000-მდე პოლონელი მოქალაქის პროფესიულ გადამზადებას, რაც გულისხმობს მათ ონლაინ სასწავლო პროგრამებში, ვორქშოპებსა და ჰაკათონებში ჩართვას.