Microsoft Corp.-ის მიერ ღრუბლოვანი სერვისების მსოფლიო ქსელის გაფართოების ფარგლებში იტალიაში სულ მალე პირველი მონაცემთა ცენტრი შეიქმნება, რისთვისაც ამერიკული კომპანია იტალიაში 1,5 მილიარდი აშშ მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანიის კონკურენტმა Amazon Web Services-მა გასულ კვირას უკვე გახსნა მონაცემთა ცენტრისთვის განკუთვნილი ზონა მილანში, ხოლო მარტში Google’s Inc-მა იტალიის სატელეფონო მომსახურების ყოფილ მონოპოლისტთან, Telecom Italia-სთან გააფორმა ხელშეკრულება კომპიუტერული სერვისების გასაფართოებლად.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიის ციფრული სერვისების ბაზრის ზრდის სიჩქარე სწრაფ აღმასვლას დაიწყებს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პანდემიისას შექმნილმა კრიზისმა კომპიუტერული ტექნოლოგიების და სხვადასხვა ციფრული სერვისის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
Microsoft-ის საერთაშორისო გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელის, ჟან-ფილიპ კურტუას თქმით, კომპანია იტალიაში ინოვაციური მომსახურებების და „ქლაუდ“ ბიზნესის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს ხედავს. კომპანიის მონაცემთა ბაზებისთვის სპეციალური სივრცე მილანში შეიქმნება, რის შედეგადაც მილანი ტექნოლოგიური გიგანტის გლობალურ ქსელში ჩართულ 60 რეგიონს შეუერთდება. იტალიის ცენტრი გახსნის შემდეგ ადგილობრივ მცირე და საშუალო კომპანიებს აპლიკაციებს, ციფრული მუშაობისათვის განკუთვნილ რესურსებსა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამებს შესთავაზებს.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა მსგავსი ცენტრის ესპანეთში გახსნის შესახებ თებერვალში დაანონსა, ხოლო გასულ კვირას ამერიკულმა კომპანიამ იმავე მიზნისთვის 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია პოლონეთში განახორციელა.