Microsoft უკრაინულ ბაზარზე 500 მილიონ დოლარს დააბანდებს

Copyright – ASAP DEMO

Microsoft-მა უკრაინის მთავრობასთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, კომპანია უკრაინულ ბაზარზე ღრუბლოვანი სერვისების (Cloud Services) განვითარებაში 500 მილიონამდე დოლარის დახარჯვას გეგმავს.

ინვესტიციის ნაწილი უშუალოდ მოხმარდება უკრაინის ტერიტორიაზე Microsoft-ის ორი მონაცემთა ცენტრის ჩამოყალიბებას. გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე, გულისხმობს უკრაინის სამთავრობო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო პროექტებისათვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას Microsoft-ის ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა Microsoft Azure, Office 365 და სხვა ღრუბლოვანი სერვისები.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა არ არის პირველი ქვეყანა, რომელთანაც Microsoft-მა მსგავსი ინვესტიცია განახორციელა. 2020 წლის მაისში, კომპანიამ პოლონეთის ბაზარზე ერთი მილიარდი დოლარი სწორედ მსგავსი მიზნებით დააბანდა.