Microsoft საბერძნეთში საინფორმაციო ცენტრებს დააარსებს

Photo by Angelos Tzortzinis/AFP

Microsoft საბერძნეთში, დაახლოებით, ერთი მილიარდი დოლარის დაბანდებას გეგმავს. ინვესტიციის ფარგლებში, ათენში Microsoft-ის სამი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება, რაც, დაახლოებით, 100 000 სამუშაო ადგილს შექმნის.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში საფუძველი ჩაეყრება ღრუბლოვან სერვისებს (Cloud Services), ხოლო ამ სფეროს პოტენციურ თანამშრომლებს თავად Microsoft ჩაუტარებს მოსამზადებელ პროგრამას.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკის, განცხადებით, კონკრეტული ინვესტიცია მნიშვნელოვნად დაეხმარება საბერძნეთის კრიზისში მყოფ ეკონომიკას, წაახალისებს შიდა წარმოებას და ქვეყნის ბაზარს უცხოური ინვესტორებისათვის უფრო მიმზიდველს გახდის.

Microsoft-ის პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა, აღნიშნა, რომ მოცემული ინვესტიცია ერთ-ერთი უმსხვილესია კომპანიის საბერძნეთის ტერიტორიაზე არსებობის 28-წლიან ისტორიაში. შესაბამისად, Microsoft მხარდაჭერას უცხადებს საბერძნეთს და სჯერა მისი მომავალი წარმატების.

საბერძნეთის ბაზარზე საინფორმაციო ცენტრების გახსნა, Microsoft-ის გაფართოების გეგმის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია. კომპანიამ მსგავსი პროგრამა უკვე განახორციელა გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა და ირლანდიაში და აგრძელებს ინვესტიციების დაბანდებას პოლონეთში, უკრაინაში, იტალიასა და ესპანეთში.