„ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ხშირად, არარელევანტური და არასაკმარისი განათლება განაპირობებს, რადგან განათლების სისტემა, რომელიც გვაქვს, 21-ე საუკუნის გამოწვევებს ვერ პასუხობს და სამყაროს ტექნოლოგიურ პროგრესს ვერ ეწევა“, ‒ ასე პასუხობს სალომე მგელაძე კითხვას, თუ რატომ აირჩია განათლება საკუთარი პროფესიული კარიერის ვექტორად. „საქართველოშიც უნდა ყოფილიყო ისეთი ცენტრი, სადაც ბავშვებს ასწავლიდნენ არა თეორეტიკოსები, არამედ ტექნოლოგიების სფეროში წინა ხაზზე მყოფი ადამიანები, თავად ტექნოლოგიის შემქმნელები, ანუ მოქმედი პროფესიონალები“. ჩანაფიქრი, სალომემ საქმედ აქცია და შედეგად, re:school შექმნა ‒ ციფრული ტექნოლოგიების თანამედროვე სასწავლებელი, რომელშიც თანამედროვე ტექნოლოგიებს ბავშვებს ის ადამიანები ასწავლიან, რომლებიც, თავად ქმნიან კომპიუტერულ თამაშებს და თავად იგონებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
როგორც სალომე ამბობს, re:school-ის მიზანია, ტექნოლოგიების მომხმარებლები ‒ მათ შემქმნელებად აქციოს, ამისთვის კი, საჭიროა არა მხოლოდ ფორმალური, არამედ არაფორმალური განათლება და რბილი უნარების განვითარება. ამრიგად, ვებ-პროგრამირებასთან, თამაშების შექმნასთან, კიბერუსაფრთხოებასთან და UI/UXდიზაინთან ერთად, სალომე მგელაძის სკოლაში, ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ბავშვებს კრეატიულ აზროვნებას, სხეულის ენას, ChatGPT-ის სწორ გამოყენებას, ონლაინ სამყაროსთან ბალანსს, ხელოვნურ ინტელექტს და პრეზენტაციის უნარებს ასწავლიან. მეტიც, ეს მიმართულებები re:school-ის კურიკულუმში ისეთივე მნიშვნელოვან როლს იკავებს, როგორსაც, მაგალითად, უფრო ფორმალური საგნები.
„ტექნოლოგიების გარდა, ბავშვებს ყველა იმ საჭირო უნარს ვუვითარებთ, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. აი, ემოციურ ინტელექტს, მაგალითად, ყველა ჩვენი მოსწავლე სწავლობს, რადგან თუ მდგრადი ნერვული სისტემა და ნებისყოფა არ გაქვს, წარმატებას ვერცერთ სფეროში ვერ მიაღწევ. თუმცა, ემოციური ინტელექტის გარდა, ბავშვებს ცხოვრების სწორად დაგეგმვას და ბიზნესის დაწყებას ვასწავლით. წარმატებული ადამიანები, ნუტრიციოლოგები და ფიტნეს ტრენერები კი, მათ ცხოვრების ჯანსაღ წესსა და მის მნიშვნელობას ასწავლიან, რადგან პროდუქტიულობა და წარმატება ჯანსაღი ცხოვრების წესთან პირდაპირ ბმაშია. ვარჯიში, კვება და ძილი თუ არ დააბალანსე, მაქსიმალურ პროდუქტიულობას ვერ გამოიჩენ“, – ამბობს სალომე.
სალომე მგელაძის re:school-ში სწავლება შაბათ-კვირას მიმდინარეობს, რაც, როგორც თვითონ ამბობს, კვირის დღეებში დაღლილი ბავშვებისთვის საუკეთესო და ყველაზე პროდუქტიული გადაწყვეტილებაა დასვენების დღეებში. ბავშვები re:school-ში სამი საათით მოდიან და ამ დროს, ფორმალურ და არაფორმალურ ტექნოლოგიურ განათლებას იღებენ, მაგრამ ამასთან, ერთობიან კიდეც. „ისეთი გარემო შევქმენით, სადაც ბავშვებს მოსვლა უხარიათ“, – ამბობს სალომე და ჰყვება, რომ re:school-ში შევხვდებით, როგორც მაგიდის ჩოგბურთისა და მაგიდის ფეხბურთის მაგიდებს, ასევე ბილიარდსა და ხილს, რომელიც მოსწავლეებს ვიტამინებით ამარაგებს. ამასთან, შესვენებებზე მუდმივად ჩართულია მუსიკა, რაც მხიარულ გარემოს ქმნის. როგორც სალომე ამბობს, სექტემბრიდან, re:school ბათუმში და ქუთაისშიც გაიხსნება.
„ბავშვებს ციფრულ ტექნოლოგიებს ვასწავლით და მომავლის პროფესიებისთვის ვამზადებთ. რაღაცნაირად ჟღერს – „მომავლის პროფესია“, რადგან უკვე თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. მომავლის იმ კუთხით არის, რომ კიდევ ძალიან დიდხანს იქნება აქტუალური და მოთხოვნადი. რატომ ციფრული ტექნოლოგიები? ამ სფეროში დასაქმება ხომ ძალიან მარტივია, ტექნოლოგიურ ბაზარზე არსებული მოთხოვნა კი ‒ უდიდესი. თან, ეს პროფესიები ყველაზე მაღალანაზღაურებადია და ხელფასი, შესაძლოა, სხვა პროფესიებთან შედარებით სამჯერ ან ოთხჯერ მაღალი იყოს. თან, მთავარი ხიბლი ისაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში დისტანციურად მუშაობა შეგიძლია ‒ ხელფასს იქაურს აიღებ, თუმცა იქაურ გადასახადებს არ იხდი. სხვათა შორის, კომპანიაში უკვე გვყავს 14- დან 18 წლამდე მოზარდები, რომლებიც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობენ. აი, ამიტომაა re:school უნიკალური შესაძლებლობა ბავშვებისთვის“, – ჰყვება სალომე.
თუმცა, როგორც სალომე ამბობს, კიდევ ერთი თვისება, რომელიც re:school-ს არაფორმალური განათლების სხვა ქართული და უცხოური ცენტრებისგან გამოარჩევს ‒ სწავლის ეტაპზე ბავშვების რეალურ პროექტებში ჩართვაა. „წარმატებულ ბავშვებს, რომელთაც საუკეთესო შედეგი აქვთ, სტარტაპებს ვაწყებინებთ. ამ პრაქტიკას, ალბათ, ანალოგი არ აქვს. re:school-ის ბოლო ნაკადის დასრულებისას, საუკეთესო ჯგუფები გამოვავლინეთ და სტარტაპების კონკურსი, ე.წ. „ფიჩ დექების“ ჩემპიონატი მოვაწყვეთ. შედეგად, ორი საუკეთესო გუნდი გამოვავლინეთ, რომლებთანაც ჩვენი ქოლგა კომპანია, რომელიც პირველი ქართული ვენჩერული სტუდიაა საქართველოში, re:invent ბიზნესს დაიწყებს. მომავალ წელსაც ასე იქნება და მას მერეც, რადგან ის ცოდნა, რომელსაც ბავშვები იღებენ, აუცილებლად უნდა იქნეს პრაქტიკაში გადატანილი. თუმცა, ბიზნესებს საუკეთესო შედეგების მქონე ბავშვებს ვაწყებინებთ. ეს ფაქტი კი, დანარჩენებს სწავლის მოტივაციას უჩენს“, – აღნიშნავს სალომე.
როგორც ვხვდები, სალომე მგელაძის ბავშვების განათლებისადმი ასეთ ინტერესს, თავად სალომეს საგანმანათლებლო თავგადასავალი განაპირობებს, რადგან ადამიანი, რომელმაც არ იცის განათლების ფასი, სხვას ვერაფერს ასწავლის. სალომე მგელაძის განათლების გზა re:school-ის საგანმანათლებლო პროგრამასავით მულტიდისციპლინარული და მრავალფეროვანია. პირველადი განათლებით იურისტია, საერთაშორისო სამართლის განხრით, მაგრამ იურისტად მუშაობის ხანმოკლე გამოცდილების შემდეგ მიხვდა, რომ, რეალურად, საერთაშორისო ურთიერთობები და განათლების სფერო უფრო აინტერესებდა. მოგვიანებით, მაგისტრატურაზე რომის სახელმწიფო უნივერსიტეტ საპიენცაში, ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა და სამაგისტრო ნაშრომის უმაღლეს შეფასებასთან ერთად, ფაკულტეტზე პირველი რეიტინგი მოიპოვა. ახლა კი, სალომე სწავლას დოქტორანტურაზე აგრძელებს, ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლება სალომეს ცხოვრების თანმდევია.
განათლების გარდა, სალომეს პროფესიული გამოცდილება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას გულისხმობს, ეს ვექტორი კი ‒ საერთაშორისო ურთიერთობებია. სალომე „ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის“, EDYN-ის ვიცე-პრეზიდენტია. EDYN ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 23 ქვეყანას და 700-ზე მეტ ახალგაზრდა ლიდერს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს ‒ ერთი სიტყვით, წარმატებულ ახალგაზრდა ადამიანებს. ქსელის მიზანია დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა და ახალგაზრდების გაძლიერება იმ ქვეყნებში, სადაც EDYN არის წარმოდგენილი. როგორც სალომე ამბობს, „ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელი“ USAID-ის, NDI-სა და IRI-ის მიერ 2018 წელს შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც შექმნის დროს სულ ათ წევრს აერთიანებდა, ახლა კი ასობით წევრით და ბევრი წარმატებული პროექტით ამაყობს.
„ქსელში ძირითადად ის ქვეყნები არის გაერთიანებული, რომელთაც, წარსულში, ტოტალიტარული რეჟიმები მართავდნენ და სადაც, დემოკრატია დღემდე გამოწვევად რჩება. EDYN-ის საქართველოს წარმომადგენლობაში 70-ზე მეტი ახალგაზრდაა გაერთიანებული. „EDYN საქართველოს“ წევრები ყოველწლიურად ვადგენთ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს ეფუძნება და ამ გეგმაზე დაყრდნობით ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს. ასე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ქსელი არის წარმოდგენილი. წელს, პრიორიტეტულ მიმართულებად საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება ავირჩიეთ, რადგან ხშირად, რეგიონებში, ადამიანებს არ აქვთ ისეთივე შესაძლებლობები, როგორიც, მაგალითად, თბილისში“, ‒ ჰყვება სალომე, რომელიც დასძენს, რომ ამ მანდატის ფარგლებში, არაერთხელ მისცემია საკუთარი ქვეყნის, საქართველოს ლობირების შესაძლებლობა საერთაშორისო არეალზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, როგორც ევროინტეგრაციის, ისე NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით. მანდატის ფარგლებში, სალომეს შეხვედრები აქვს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების მაღალი რანგის პირებთან და ევროპარლამენტარებთან. როგორც თავად ამბობს, პირადად მიეცა შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის საკითხზე, ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ესაუბრა. ამასთან, სალომეს ხშირად იწვევენ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილედ თუ სპიკერად, სადაც ის მუდმივად იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო ყველგან იყოს დღის წესრიგში, სადაც თავად არის.
როგორც თავად ამბობს, საერთაშორისო ურთიერთობებს და განათლებას შორის გადაკვეთისა და სინერგიის არაერთ შესაძლებლობას ხედავს. „ბოლო პროექტი, რომელსაც re:school ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან ნდობის აღდგენის მიმართულებით, ამის თვალნათელი მაგალითია. “EDYN საქართველოს” ერთ-ერთ ელჩთან ერთად, რომელიც წარმოშობით გალიდან არის, პროექტ “Build Georgia”-ს ფარგლებში, გალში მცხოვრები ახალგაზრდების პროგრამირებაში გადამზადება დავიწყეთ. მეორე თვეა, სრულად უსასყიდლოდ, გალელი ახალგაზრდები პროგრამირების ინტენსიურ კურსს გადიან, რომელსაც re:school და re:invent აფინანსებს, წარმატებულ სტუდენტებს კი ჩვენთან, დისტანციურად დავასაქმებთ. ამ პროექტში ჩართულია EDYN-ის საქართველოს წარმომადგენლობაც და re:school-იც“.
გარდა იმისა, რომ სალომე EDYN-ის ვიცე პრეზიდენტია, ის გერმანიის მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური ინკლუზიის ლიდერთა ქსელში, TILN-ში საქართველოს წარმომადგენელიცაა. ეს არის ამერიკელ და ევროპელ ლიდერთა ქსელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ბიზნესმენებს აერთიანებს. სალომესთან ერთად, TILN-ის წევრებს შორის შეხვდებით, როგორც მოქმედ ევროპარლამენტარებს, ისე ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის მაღალი რანგის პირებს. TILN-ის მისიაა მსოფლიოში ინკლუზიური პოლიტიკის დანერგვა და სოციალური ერთიანობის გაძლიერება და ის მიყვება გერმანიის მარშალის ფონდის ძირითად ხაზს, რომ აშშ და ევროპა, ერთად უფრო ძლიერები არიან. ამჟამად, სალომე გერმანიის მარშალის ფონდიდან მიღებული გრანტის ფარგლებში დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით, TILN-ის წევრ ქართველ კოლეგასთან ერთად პროექტს ახორციელებს. ის მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის მარშალის ფონდთან და მონაწილეობს ფონდის მიერ გამართულ სხვადასხვა მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებში, სამიტებსა თუ კონფერენციებში.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სალომე მგელაძის კარიერული თავგადასავალი მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობებითა და განათლებით არ შემოიფარგლება, რადგან მას, როგორც თავად ჰყვება, საინტერესო ჟურნალისტური გამოცდილებაც აქვს. „პანდემიის დროს, ერთ-ერთ არხზე გადაცემა მქონდა, რომელსაც ერქვა „უნდა ვილაპარაკოთ“. დოკუმენტური სტილის გადაცემა იყო, რომლითაც მსურდა, პრობლემურ საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერება ამემაღლებინა. თითოეული გადაცემა მინი დოკუმენტური ფილმივით იყო. გამოვყოფდი გადაცემას, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობას და ამ თემაზე არსებულ სტიგმას მივუძღვენი, რომელშიც ბევრი საინტერესო რესპონდენტები მყავდა. მათ საჯაროდ ისაუბრეს იმ თემებზე, რაზეც ძალიან იშვიათად საუბრობენ. ბოლო გადაცემა პანდემიურ ნიჰილიზმს მივუძღვენი, ხოლო თემა იყო: „როგორ ვაქციოთ 2020 წლის გამოწვევები 2021-ში შესაძლებლობებად“. ამ გადაცემაში ძალიან ბევრი პანდემიური წარმატების ისტორია გავაშუქე, რათა ადამიანებისთვის მეჩვენებინა, რომ თუ გამოიჩენდნენ ადაპტურობას და არ დაყრიდნენ ფარ-ხმალს წარმატების მიღწევა იმ რთულ დროშიც კი შესაძლებელი იყო. სტუმრად პავლე მგელაძე მოვიწვიე, რომელიც იმ დროს, Amazon-ში მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა და გადაცემაში, ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Amazon მსოფლიოს მასშტაბით პროგრამისტებს ეძებდა. პავლემ მოახერხა და დაარწმუნა ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომ მაშინაც კი, თუ ამ დრომდე არაფერი უსწავლიათ, პროგრამირების შესწავლა მათ ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლიდა. ამავე გადაცემაში გავავრცელეთ პროგრამირების უფასო კურსების ბმული, რომელზეც, გადაცემის შემდეგ, ასობით ადამიანი დარეგისტრირდა, ხოლო ორი მათგანი, პავლეს რეკომენდაციით, Amazon-ში მოხვდა”, – ამბობს სალომე და დასძენს, რომ ამ გადაცემის შემდეგ, პავლე მგელაძემ მალევე დატოვა Amazon, საქართველოში დაბრუნდა და შექმნა re:invent, რომლის საგანმანათლებლო პლატფორმასაც წარმოადგენს re:school დღესდღეობით.
ამრიგად, სალომესთან ინტერვიუსას კვლავ განათლებას მოვუბრუნდით, ანუ იმ თემას, რომლითაც საუბარი დავიწყეთ. როგორც სალომემ მომიყვა, re:school-ის ბავშვებში და საერთოდ, მათ თაობაში, ყველაზე მეტად სითამამე და თავდაჯერებულობა მოსწონს. „სტარტაპების კონკურსი რომ ჩავატარეთ, ბავშვებმა, რომელთაც ინვესტორებთან ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, ისეთი პრეზენტაციები გააკეთეს, როგორსაც გამოცდილი სტარტაპერები ვერ ატარებენ. ამ ბავშვებს, ყველაზე მეტად, ვებ-პროგრამირება და თამაშების შექმნა აინტერესებთ, მაგრამ დამატებითი მოდულებიც უყვართ, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც პავლე მგელაძე თავად უტარებს, მაგალითად „ბიზნესის დაწყება“ და „ცხოვრების დაგეგმვა“. თუმცა, ყველაზე მეტად, ამ თაობაში მაინც ბავშვების სითამამეს და თავდაჯერებულობას გამოვარჩევდი“, – მიყვება სალომე, მე კი ვხვდები, რომ ამ მხრივ, ის ძალიან ჰგავს re:school-ის მოსწავლეებს, რადგან ის ისეთივე თავდაჯერებული, მიზანდასახული და თამამია. აბა, სხვა შემთხვევაში, იმ ამბების დატრიალება, რაც სალომემ მომიყვა, უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.