ყოველი დღე გაუმჯობესების შესაძლებლობაა | ინტერვიუ თეა მგალობლიშვილთან

თეა მგალობლიშვილი, რომელიც „სმარტფარმას“ გუნდს მისი დაფუძნებიდან დღემდე ხელმძღვანელობს, თავისი საქმიანობისა და წარმატების შთამბეჭდავ ისტორიას გვიზიარებს. პროფესიით ფარმაცევტი, დღეს უკვე ბიზნესმენია, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარს თავის მიმართულებას სთავაზობს და ამ მიმართულებაში თავის სტილს ქმნის – „სმარტფარმა“ ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველაზე ოპტიმალურ ფასებში აწვდის.

კომპანია რვაასამდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზასთან და სამედიცინო დაწესებულებასთან წარმატებით თანამშრომლობს. ბიზნესის მხარდაჭერას კი ფარმაცევტულ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უცხოელი პარტნიორები უზრუნველყოფენ. ბიზნესის სასაწყობო სივრცე ფლობს GDP-სა და ISO 2001-ის სტანდარტს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia | ლოკაცია: კომპლექსი „King David“

როცა ვკითხე, როგორ დაიწყო თავის დამკვიდრება ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალკონკურენტულ და რთულად შეღწევად ბაზარზე, გვითხრა, რომ მას ყველაზე მეტად გამბედაობის სჯერა: „არსებობს უამრავი აზრი, ფიქრი და იდეა, მაგრამ მის განხორციელებას ნაბიჯის გადადგმა სჭირდება, ზოგიერთი იდეის ხორცშესხმას კი – გამბედაობა“. თვითონ კი ასეთია, გამბედავი, მიზანმიმართული და დახვეწილი.

კომპანიის ისტორიის დასაწყისი ცხოვრებაში ყველაზე დიდი სტარტის აღებას დაემთხვა და ეს მესამე შვილის დაბადება იყო. 2012 წელს ქვეყანაში პარალელური იმპორტი ახალი შესაძლებლობა იყო და დღევანდელმა კომპანიის მფლობელებმა ის რეალურ, წარმატებულ საქმედ აქციეს როგორც თავისთვის, ისე უამრავი ადამიანისათვის.

„რთული ამოცანის ამოხსნით მიზნის მიღწევა ბედნიერების გრძნობას მანიჭებს. ბიზნესს, რომელსაც ვმართავ, სწორედ ამ ჭრილში ვუყურებ… დაბრკოლებები, გამოსავლის ძიება, სწორი გადაწყვეტილებები, მომზადებული ადამიანები და სასურველი შედეგი. ერთი ფაზა მთავრდება და მეორე იწყება, ასეა მუდმივად, განუწყვეტლად…

მაგრამ მიღწევა მიღწევისთვის არ არსებობს, ის ადამიანებისთვისაა და ყველაზე მნიშვნელოვანიც ჩემთვის სწორედ ირგვლივ მყოფი ადამიანები არიან: სახლში თუ გარეთ, ოჯახში თუ სამსახურში; ისინი არიან ჩემი ძალა, ჩემი ინსპირაცია, უპირატესობა. ბავშვობიდან ვიცი, რომ მარტო არ ვარ – წარმატება მინდა იმისთვის, რომ გავაზიარო“.

სამსახურში გუნდს პატივისცემით, სამართლიანობითა და ზრუნვის პრინციპებით მართავს. ფიქრობს, რომ ეს უკანასკნელი მიდგომა განასხვავებს ქალებისა და კაცების მართვის სტილს. ქალები უფრო მეტად შთაგონებით ხელმძღვანელობენ, გარდაქმნიან ადამიანებს შორის დამოკიდებულებას, თანხვედრაში მოჰყავთ ერთმანეთთან ორგანიზაციისა და ადამიანების მიზნები. ამაშია მათი ძალა და ამიტომაც, თეას აზრით, ქალებმა არასოდეს არ უნდა მიბაძონ კაცებს.

კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბების მთავარ საყრდენად ლიდერის ქცევას მიიჩნევს, იმას, თუ რას ახალისებს, რას უარყოფს, რას სცემს პატივს და როგორ ჭრის მუშაობის დროს წარმოქმნილ პრობლემებს, თუნდაც, როგორ უყურებს შეცდომის დაშვებას, როგორ რეაგირებს მასზე. სწორედ ეს ქცევა და ეს პრეფერენციები ისახება კომპანიაში და ყალიბდება ან მეგობრული/გუნდური და მზრუნველი, ან და ერთმანეთის მიმართ კონკურენტული, არც თუ კეთილგანწყობილი გარემო.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia | ლოკაცია: კომპლექსი „King David“

ქალების გაძლიერებას მხარს უჭერს და ამას მართვის დროს ყოველდღე ახორციელებს. ამ ეტაპზე ფიქრობს, რომ ეს საკითხი კომპანიაში პოლიტიკის დონეზე დანერგოს და საკადრო სტრატეგიაში მხარი დაუჭიროს ისეთი ქალების დასაქმებას, რომლებიც მარტოხელა დედებს, სპეციფიკური საჭიროების პირებს წარმოადგენენ.

დღეს „სმარტფარმაში“ დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა ქალები არიან, თუმცა ამ მიმართულებაში ფიქრობს, რომ ბალანსის დაცვა სასურველია.

ის ფაქტი რომ ქალია, ბიზნესში ზოგ შემთხვევაში უპირატესობასაც კი ანიჭებს. მისი აზრით, მთავარი კომპეტენცია და სანდოობაა, თუ მოწოდებით ბიზნესმენი ხარ, გენდერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც წახვალ წინ, დასახულ მიზანს მიაღწევ.

მისთვის ყველა საშუალება მიზანთან მისვლას არ ამართლებს. პირიქით, ამაყობს იმით, რომ არც ერთი ნაბიჯი, რისკიანიც კი, არ ყოფილა ვინმეს დამაზიანებელი, არასასურველი შედეგის მომტანი.

მისი ყველა გამბედავი ნაბიჯის უკან მოტივირებული, წარმატებაში დაჯერებული და ძლიერი გუნდი დგას.

ხშირად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ არასოდეს შესთავაზებს სხვას იმას, რასაც თავისთვის არ ისურვებს, იქნება ეს სამედიცინო პრეპარატი, რჩევა ან თუნდაც, მარტივი საჩუქარი.

პროდუქტი, რომელზეც ჩვენს რესპონდენტს საუბარი სურს – „პროლაიფია“, ეს პირველი ექსკლუზიური ბრენდია კომპანიისთვის და, ამავდროულად, აქტუალურია ყველა დროს, ყველა სეზონზე, ნებისმიერი ადამიანისთვის. „პროლაიფი“, იტალიური წარმოების ის პროდუქტია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს ცხოვრების უკეთესი გაგრძელებისთვის.

ზოგადად, ჩვენი რესპონდენტის თქმით, პრობიოტიკები ჯერ კიდევ შესასწავლია, წინ არის აღმოჩენები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მათ ხელი შეუწყონ ადამიანის ჯანმრთელობას. მალე მომზადდება კონფერენცია, სადაც განსახილველი საკითხი იქნება პრობიოტიკები და კოვიდ იმუნიტეტი. ინფორმაცია კონფერენციასა და მისი შინაარსის შესახებ „სმარტფარმას“ არხებზე იქნება ხელმისაწვდომი.

დღეს კომპანიის პორტფელში არსებული ყველა მედიკამენტი გამოირჩევა მაღალი ევროპული ხარისხით, სტაბილური გამოცდილებითა და ხელმისაწვდომობით. „სმარტფარმა“ დღესდღეობით ისეთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, როგორიცაა: Zeta Farmaceutici, Adipharm, Aldo Union, Polfarmex, Beta Laboratorios, Glenmarkpharma, Innova Laboratories, Synocem Pharma, Alkaloid…

მომავალში დიდი გეგმები აქვს, როგორც დასაწყისშივე ვთქვით, თეა მგალობლიშვილის ყოველი დღე გაუმჯობესების ფორმულის ძიებით იწყება, მალე მომხმარებელს „სმარტფარმა“ ახალ ციფრულ პლატფორმას, განსხვავებულ მედიკამენტებსა და ინოვაციურ გამაჯანსაღებელ მიმართულებას შესთავაზებს.