MeZone ანუ ჩემი ზონა

თანამედროვე მედიცინაში, კერძოდ, გინეკოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გოგონებს 0-დან 18 წლამდე. უნდა შეფასდეს მათი ფიზიოლოგიური და ანატომიური ცვლილებები, რადგან ამ პერიოდში ხდება ანატომიური და ფუნქციური მომწიფება და ჩამოყალიბება.

ბოლო 5 წლის მანძილზე საკმაოდ მომატებულია სხვადასხვა დაავადებების რიცხვი, რომლებიც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. დღესდღეობით 10-ჯერ არის გაზრდილი გოგონების რიცხვი, რომელთაც აღენიშნებათ რომელიმე გენიტალური სისტემის თანდაყოლილი ანომალია. სომატური დარღვევები შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, რაც ხშირად ხელს უწყობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარღვევებს. დღესდღეობით 0-18 წლამდე ასაკში რეპროდუქტიული სისტემის სხვადასხვა დაავადებები პროცენტულად გადანაწილებულია შემდეგნაირად: სასქესო სისტემის ანთებითი ავადმყოფობები ‒ 51%, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ‒ 41%, დარჩენილი ‒ 7% მოდის თანდაყოლილ ანომალიებზე და სიმსივნეებზე.

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი საწყის ეტაპზე მიმდინარეობს უსიმპტომოდ და როდესაც თავს იჩენს, უკვე საკმაოდ შორს წასული პროცესია. მის გამომწვევ მთავარ მიზეზად ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) გამოწვეული ინფექცია ითვლება. მისი 200-ზე მეტი სახეობაა ცნობილი, აქედან 40-მდე ტიპი აინფიცირებს ქვედა გენიტალურ ტრაქტს.

პაპილომა ვირუსს ორ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის ტიპებად. დაბალი ონკოგენური ტიპები იწვევს გენიტალურ მეჭეჭებს, ხოლო მაღალ ონკოგენურ ტიპებს აქვს უნარი გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელისა და საშოს დისპლაზიები, ანუ კიბოსწინარე დაავადებები და საშვილოსნოს ყელის კიბო. HPV ‒ მატარებელმა ადამიანმა ხშირად არ იცის, რომ მათ აქვთ ეს ინფექცია, ამიტომ ადვილია პარტნიორებში გავრცელება მისი გაცნობიერების გარეშე.

საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკა შესაძლებელია პაპ-ნაცხის მეშვეობით. რეკომენდებულია PAP-ტესტის დიაგნოსტიკა სქესობრივად აქტიურ ქალებში ერთი პარტნიორის შემთხვევაში – 21 წლიდან 29 წლამდე, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თუ ის შეესაბამება ნორმას. 30 წლიდან PAPტესტთან ერთად რეკომენდებულია HPV-გენოტიპირება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.

თინა კობალაძე

ჩემმა რესპოდენტებმა, რომელთა შესახებაც უნდა გიამბოთ, სცადეს შეეცვალათ შეხედულებები და წარმოდგენა იმის შესახებ, რომ გინეკოლოგთან მხოლოდ მაშინ უნდა მიხვიდე, როცა პრობლემის წინაშე აღმოჩნდები.

დებმა თინა და სალომე კობალაძეებმა გადაწყვიტეს შეექმნათ კომფორტული და პრივატული სივრცე ბავ­შვთა და მოზარდთა გინეკოლოგიისთვის, სადაც გოგონები 8-9 წლის ასაკიდან შეძლებდნენ პროფესიონალებისგან სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და ეყოლებოდათ „საკუთარი“, პირადი გინეკოლოგი.

თინა კობალაძე: „რამდენიმე წელი გერმანიაში ვცხოვრობდი. პირველად რომ მივედი გინეკოლოგთან, ზუსტად ასეთ გარემოში აღმოვჩნდი. ეს იყო არა კლინიკა, არამედ „სახლური“ ატმოსფერო, რაც ძალიან მომეწონა და სადაც კომფორტულად ვიგრძენი თავი. საქართველოში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ მსგავსი სივრცე არ არსებობდა. ჩემს დასთან, სალომესთან ერთად, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ქალებისთვის „კომფორტის ზონა“, აბსოლუტურად დაცული პირადი სივრცე“.

სალომე და თინა ექიმების ოჯახში გაიზარდნენ. თინას აქვს სამედიცინო განათლება, თუმცა სალომემ  პროფესიის არჩევისას ექიმობა არ ისურვა, მაგრამ მოგვიანებით, მაინც ამ სფეროში აღმოჩნდა.

„ზოგადად, მიმაჩნია, რომ თუ გსურს რაღაც კარგად გააკეთო, ის აუცილებლად შენით უნდა შექმნა. გინეკოლოგთან ვიზიტისას ყველა ქალს აქვს გარკვეული დისკომფორტის განცდა. ზუსტად, ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ადგილი, სადაც ყველას თავი უნდა ეგრძნო თავისუფლად და, რაც მთავარია, კომფორტულად“, ‒ გვიყვება სალომე კობალაძე. „სახელწოდებაც სწორედ აქედან გამომდინარე შევარჩიეთ „MeZone”, ანუ ჩემი ზონა, სადაც სამედიცინო დაწესებულებაში კი არა, თითქოს საკუთარ სახლში ხარ , მაღალკვალიფიციური, სანდო და გამოცდილი ადამიანების გარემოცვაში“.

უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკა “MeZone”-ის ახალგაზრდა, მოტივირებული გინეკოლოგები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას, რაც გულისხმობს ბავშვის განათლებას და ფსიქოლოგიურ მომზადებას მათი მომწიფების პერიოდში. კლინიკაში შესაძლებელია ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიური პრობლემის აღმოჩენა და შემდგომ ეფექტური მკურნალობა. ასევე უმნიშვნელოვანესია, მშობლების ცნობიერების ამაღლება.

როგორც თინა და სალომე ამბობენ, კლინიკის გახსნისთანავე პაციენტების მხრიდან დიდი ინტერესი და მხარდაჭერა იგრძნეს, აქედან გამომდინარე, იმედი გაუჩნდათ, რომ სივრცე გაამართლებდა.

“MeZone”-ში ყოფნისას, კლინიკის სამედიცინო კონსულტანტს, ნატალია გოგუაძეს ვესაუბრეთ:

„გარდა იმისა, რომ დამფუძნებლების თვითმიზანი სივრცის სიმყუდროვე იყო, პირველ რიგში, გვსურდა მომსახურება ყოფილიყო ძალიან ხარისხიანი. რაც ითვალისწინებს დაავადების პრევენციას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას, მონიტორინგს და პაციენტის განათლებას. ამიტომაც შევკრიბეთ ახალგაზრდა სპეციალისტების გუნდი, რომლებიც საერთაშორისო კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინებით, მტკიცებით მედიცინაზე დაყრდნობით მუშაობენ. თამამად ვიტყვი, რომ ძალიან პროფესიული გუნდი შედგა“.

სალომე კობალაძე

როგორც ნატალია ამბობს, ბოლო პერიოდში, ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და ასაკობრივ-სქესობრივი განვითარების დაჩქარებაც გამოიწვია. ხშირად მშობელი ფიქრობს, რომ გინეკოლოგიური პრობლემები მხოლოდ გარდატეხის ასაკში იწყება, მაგრამ მანამდე არანაკლებ მნიშვნელოვანი პერიოდია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მოზარდის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. მოზარდები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რადგან ამ პერიოდში გოგონების ორგანიზმში ხდება ცვლილებები, იწყება თვითშესწავლის პერიოდი, რაც ბადებს ბევრ კითხვას. გარდა ამისა, აუცილებელია მშობელთან ერთად დაიგეგმოს ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაციის გრაფიკი.

„აპვ ვაქცინა 4 და 9 ვალენტურია ‒ შეიცავს შესაბამისად 4 და 9 გენოტიპს“, ‒ აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ნატალია გოგუაძე. „საქართველოში 4 ვალენტური ვაქცინით ხდება აცრა. სურვილის შემთხვევაში, წინასწარი შეკვეთის შემდეგ, ჩვენს კლინიკას აქვს შესაძლებლობა 9 ვალენტური ვაქცინა ჩამოიტანოს“.

ჩვენ ვისაუბრეთ ბავშვების და მოზარდების განათლებაზე, ასევე მიგვაჩნია, რომ ქალებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ცვლილებებთან შეგუება და მათი მართვის ცოდნა, რასაც პრემენოპაუზის და მენოპაუზის პერიოდი ჰქვია. საჭიროა გაიზარდოს ცნობიერება, თუ როგორ შევხვდეთ ამ საკმაოდ თავისებურ მოვლენას ქალის ცხოვრებაში.

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა შევიტყვე, რომ კლინიკა “MeZone”-ში პაციენტებს სხვა, ძალიან ბევრი სიკეთეებით სარგებლობასთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე, საღამოს საათებში-სამუშაო დღის დამთავრების შემდგომაც დაგეგმონ ვიზიტი გინეკოლოგთან და მიიღონ ხარისხიანი მომსახურება.

“Mezone”-ში ტარდება მცირე ამბულატორიული მანიპულაციები, როგორებიც გახლავთ: ბიოფსია, საშვილოსნოს ყელიდან პოლიპის მოშორება და ის პროცედურები, რასაც არ სჭირდება ზოგადი ანესთეზია (ნარკოზი). ამბულატორიული დიაგნოსტიკა: მცირე მენჯის, მუცლის ღრუს, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების ულტრასონოგრაფიული კვლევა, სისხლძარღვების დოპლერი, კოლპოსკოპია. კლინიკას მომსახურებას უწევს რეფერალური ლაბორატორია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საჭიროების შემთხევაში, აღებული ანალიზის ნიმუში იგზავნება გერმანიაში.

და ბოლოს, კლინიკა Mezone-ში რეგულარულად იმართება ლექცია-სემინარები, რომლებიც შემეცნებითი ხასიათისაა და გაძლევთ შანსს კომფორტულ და პრივატულ სივრცეში მოისმინოთ პროფესიონალი სპეციალისტების რჩევები.

 

ავტორი: თამთა ბარძემიშვილი

ფოტო: ანა ბოკო