მეცნიერებმა აივ-ინფექციისგან ქალი პირველად განკურნეს

 

ფოტო: Getty Images

ლეიკემიით დაავადებული პაციენტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გახდა პირველი ქალი და მესამე ადამიანი, რომელიც მეცნიერებმა აივ-ინფექციისგან განკურნეს. როგორც ცნობილია, სპეციალისტებმა ამისთვის ჭიპლარის სისხლი გამოიყენეს და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეთოდს მიმართეს.

აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ში ახლახან გამართულ რეტროვირუსებისა და ინფექციებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ლოს-ანჯელესში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტისა (UCLA) და ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტში (JHU) მომუშავე მეცნიერებმა გააჟღერეს.

ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა, ვინაიდან ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ახალი მეთოდი შესაძლოა, ყოველწლიურად ათეულობით ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, რაც აივ-ინფექციის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეპოქის დასაწყისს მოასწავებს.

ამერიკელ პაციენტს, რომელიც საშუალო ასაკისაა და შერეული რასის წარმომადგენელია, ექიმებმა აივ-ინფექციის დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს, 2017 წელს კი ქალს ლეიკემია დაუდგინდა. მან დონორისგან ჭიპლარის სისხლი მიიღო და ამას გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ახლო ნათესავისგან სისხლი გადაუსხეს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა წარმატებით დასრულდა. მათი თქმით, ქალმა 2020 წელს ანტირეტროვირუსული მკურნალობა შეწყვიტა და უკვე 14 თვეა, რაც ვირუსისგან თავისუფალია.

პაციენტის სქესი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსოფლიოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობის ნახევარზე მეტს სწორედ ქალები შეადგენენ, თუმცა ვირუსისგან განკურნებისათვის წარმოებულ კვლევებში მათი მხოლოდ 11% მონაწილეობს.