წარმატებული ბიზნესი – როცა საქმე თავად „გაიძულებს“ შეინარჩუნო ხარისხი | ინტერვიუ ივანე მესხთან

მომსახურების ნებისმიერ ასპექტს, მაღალ ხარისხსა და კომფორტულობასაც კი, აზრი სრულად ეკარგება უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნების უზრუნველყოფის გარეშე. ჯეტექსი მაღალტექნოლოგიური უსაფრთხოების მოწყობილობებისა და სისტემების ოფიციალური იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნების დღიდან აქტიურად ახორციელებს ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო-პრევენციულ მომსახურებას.

გთავაზობთ ინტერვიუს მის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და დირექტორთან, ივანე მესხთან, რომელიც მოგვიყვება კომპანიის განვითარების საინტერესო ისტორიას და გაგვიზიარებს გამოცდილებას, როგორია მუშაობა სფეროში, რომელსაც პასუხისმგებლობა ადამიანთა სიცოცხლეზე აქვს აღებული.

როგორ გადაწყვიტეთ ამ სფეროში ბიზნესის წამოწყება და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინები?

2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში მიიღეს ახალი რეგულაციები, რომლებიც ეხებოდა სახანძრო უსაფრთხოების დამატებას ყველა შენობაში, როგორც საცხოვრებელში, ისე – სავაჭრო ცენტრებში, სტადიონებსა თუ სხვაგან. ამ ბიზნესში შემოსვლა მაშინვე გადავწყვიტეთ, როცა ეს რეგულაციები შემოიღეს და დღემდე ძალიან კმაყოფილები ვართ. შევიკრიბეთ სამი მეგობარი, ვისაუბრეთ, ხომ არ წამოგვეწყო იმგვარი საქმიანობა, რომელიც უსაფრთხოების წესებს უზრუნველყოფდა. ვთვლით, რომ ამ იდეამ გაამართლა. მივხვდით, რომ რაღაც ნიშა იყო ამ სფეროში, რადგან მსგავსი კომპანიების რიცხვი მცირე იყო. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ბაზარზე Jetex-ი დარეგისტრირდა, კიდევ 38 კომპანია დაემატა ქართულ ბიზნესს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

რით არის კომპანია Jetex-ი გამორჩეული, რატომ უნდა ენდოს მას მომხმარებელი?

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე ვართ, საკმაოდ დინამიკურად ვვითარდებით. თავდაპირველად დავიწყეთ ელემენტარული სახანძრო უსაფრთხოების აღჭურვილობით, როგორიცაა ცეცხლმაქრები. შემდეგ ეტაპობრივად გავფართოვდით, როდესაც დავიწყეთ საუბარი სახანძრო უსაფრთხოებაზე, ამას მოჰყვა სუსტი დენები მთლიანად – თუკი ვაკეთებდით სახანძრო სიგნალიზაციას, მივამატეთ ყველანაირი სუსტი დენები, კამერების გამოყენებით უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და სხვ. ეს უკვე გამოვიდა არა მარტო სახანძრო უსაფრთხოება, არამედ, ზოგადად, უსაფრთხოება უფრო მრავალმხრივი (ინტერნეტი, ტელევიზია, წყალმომარაგება) გაგებით. ისე გამოვიდა, რომ საქმემ თავად „გვაიძულა“ პროფესიული ზრდა, რათა მაღალი ხარისხი შეგვექმნა. დღეს უკვე ნებისმიერი სირთულის პროექტზე შეგვიძლია ღირსეულად მუშაობა. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ვენტილაციის მნიშვნელობაზე. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს არის დაწნევა და კვამლის გაწოვა. ბევრმა არ იცის, რომ ხანძრის დროს, ძირითადად, ადამიანები კვამლის ჩასუნთქვით იღუპებიან. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენობებში კვამლგაწოვა უმაღლეს დონეზე ყოფილიყო. ნიმუშად ამ სფეროში მოწინავე მწარმოებლების გამოცდილება გამოვიყენეთ და დავიწყეთ თავდაუზოგავი შრომა. ცხადია, გვყავს ექსპერტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუშაობის 30-40-წლიანი გამოცდილებით, როგორც საქართველოდან, ისე – საზღვარგარეთ. ჩვენი თავდაპირველი მიზანი, საქმის მცოდნე და სერიოზული ადამიანებით შევსებული გუნდი გვყოლოდა, უკვე მიღწეულია.

გლობალური პანდემია მსოფლიოში არსებულ, თითქმის, ყველა სფეროს შეეხო. რა ცვლილებები მოიტანა COVID-19-მა ამ სექტორში?

რასაკვირველია, ვირუსმა ბევრი ცვლილება მოგვიტანა. ჩვენი სექტორი, მეტწილად, სამშენებლო სფეროსთან არის მიბმული, მშენებლობა კი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო და, აქედან გამომდინარე, მძიმე ვითარება ჩვენზეც უარყოფითად აისახა. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მიღებულმა გამოცდილებამ მოგვცა მიმართულება, როგორ დაგვეგეგმა საქმიანობა სამომავლოდ და თავი გაგვერთვა კრიზისული სიტუაციებისთვის.

ამჟამად, პანდემიის შემდეგ, ჩვენ მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით, გაორმაგებული შემართებითა და მონდომებით, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული პროცესების სამომავლო განვითარებაზეც. იმედი გვაქვს, ვირუსის მეორე ტალღა ძლიერი არ იქნება და ისევ ჩაკეტვა არ დაგვჭირდება. ჩვენც და, ალბათ, ყველა კომპანიას, განვითარების იმ ნიშნულამდე მისა­ღწევად, სადაც პანდემიამდე ვიმყოფებოდით, დაახლოებით, ერთი წელი მაინც დაგვჭირდება, რადგან შეფერხება საკმაოდ სერიოზული იყო.

როგორ შეაფასებდით დღევანდელ რეალობაში არსებულ რისკებს სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით?

არსებობს ობიექტურად და, ასევე, პირადად ჩემთვისაც მიუღებელი მომენტები. მაგალითად, მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის შემდეგ რომელი შენობებიც შენდება, ყველა ვალდებულია, დააკმაყოფილოს სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, მაგრამ ყველა ნებართვა, რომელიც გაცემულია 2018 წლამდე ან შენობები, რომლებიც 2018 წლამდეა აშენებული, აბსოლუტურად არ ითვალისწინებს სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს. სულ გვაქვს ეს პრობლემა, რომ ის ადამიანები, ვინც 2018 წლის შემდეგ დაბინავდებიან, უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს და მათ, ვინც 2018 წლამდე აშენებულ სახლში შევლენ, უნდა ეშინოდეთ. სამწუხაროა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არავის არ ეკისრება, რადგან მსგავსი კანონი არ არსებობს. უფრო სწორად, კანონი არსებობდა, თუმცა შესაბამისი რეგულაცია არ გვქონდა, 41-ე დადგენილება, რომელმაც დაარეგულირა ეს პროცესი და პროცედურები, როგორც ასეთი, არ არსებობდა. ფაქტობრივად, იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე აშენებულ სახლებში არიან, დიდი საფრთხე ემუქრებათ.

რომელი იყო თქვენს სექტორში ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტი და რა თვალსაზრისით?

ბევრია ასეთი, წარუმატებელი პროექტი, ფაქტობრივად, არც გვქონია. შესრულების ხარისხისა და სირთულის კუთხით, გამოვყოფდი ერთ-ერთ პროექტს, რომელიც ბათუმში განვახორციელეთ. ეს იყო საკმაოდ დიდი სავაჭრო ცენტრი „იდეალი“. მსგავსი ცენტრის გაკეთება ჩვენთვის პირველი გამოცდილება იყო. გავაკეთეთ სახანძრო სიგნალიზაცია, სახანძრო ქრობა და პლუს ეს ყველაფერი ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით.

ფსიქოლოგიური თუ პროფესიული უნარების გათვალისწინებით, რამდენად მომზადებულები შეხვდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები კრიზისულ პერიოდს?

გულწრფელად გეტყვით, ჩვენთვის, ყველასთვის, იმდენად მოულოდნელი და უჩვეულო იყო ეს რეალობა, რომ თავდაპირველად ვერც კი მოვახერხეთ საფუძვლიანად აღქმა, საერთოდ რა ხდებოდა. მოვლენებს საკმაოდ ზერელედაც კი ვაფასებდით. შემდეგ კი, როდესაც უკვე სახელმწიფომ გადადგა სერიოზული ნაბიჯები, სიტუაცია სრულად გავიაზრეთ. ჩვენი თანამშრომლებისთვის მთავარი იყო, ხელმძღვანელთა მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა ყოფილიყო, რაც გამოიხატება იმით, რომ არ დაკარგონ ხელფასი, არ გაუშვან უხელფასო შვებულებაში და ა.შ. სასიამოვნოა, რომ ჩვენს გუნდში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ, უფრო მეტიც, დავიმატეთ კიდეც ისინი.

იმის გამო, რომ ხელფასების გაცემა არ შეზღუდულიყო, ბანკიდან სპეციალური კრედიტიც კი გამოვიტანეთ, იმიტომ, რომ, გულწრფელად ასე ვფიქრობ, კომპანიისთვის ყველაზე დიდი ღირებულება არიან ის ადამიანები, რომლებიც მისთვის მუშაობენ. მათ გარეშე აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ საქმეში რაიმე წარმატებას მივაღწიოთ.

რამდენად ხშირად და დაწვრილებით გიწევთ პოტენციური კლიენტებისთვის იმის ახსნა და მტკიცება, თუ რატომ არის უსაფრთხოების კონკრეტული ნორმის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი?

ჩვენი კომპანია ბაზარზეა, უკვე ორი წელია. მინდა გითხრათ, რომ კარდინალურად იცვლება თვითონ დამკვეთების ხასიათი და მიდგომა ამ სფეროს მიმართ. თავდაპირველად, როდესაც მათთან ურთიერთობას ვიწყებდით, ცალსახად ანტაგონისტურად იყვნენ განწყობილნი. ამბობდნენ, რომ ეს ტყუილად შექმნილი ბიზნესია და ფუჭად გადაყრილი ფინანსები. ჩვენდა სამწუხაროდ, როდესაც საზოგადოებაში მძიმე ტრაგედიები ტრიალდება, შემდეგ უკვე ფხიზლდება ხოლმე ადამიანის გონება. დღითიდღე შეინიშნება, რომ ჩვენში თვითშეგნებამ მოიმატა, გაიზარდა საზოგადოება, ყველა მიხვდა, რომ უსაფრთხოების წესების არსებობა გარდაუვალია და ჩვენც გაცილებით დიდი ნდობითა და ურთიერთგაგებით გვიყურებენ დამკვეთიცა და უბრალო მოქალაქეებიც.

თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ისევ არის ბიზნესმენთა ის კატეგორია, რომელსაც, ნაკლები ფინანსური დანახარჯის გამო, ურჩევნია, ფული, თუნდაც, ადამიანთა უსაფრთხოების ხარჯზე დაზოგოს. ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ გამოჩნდნენ ისეთი დამკვეთებიც, რომლებიც, პირიქით, თავადვე ითხოვენ უმაღლესი ხარისხის აღჭურვილობებს და ამ მხრივ ფულს არასდროს ინანებენ.