საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდებს აძლიერებს.
სამინისტროს განცხადებით, პროეტქი „ტელესკოლა“ პირველი არხთან თანამშრომლობით 30 მარტიდან იწყებს ფუნქციონირებას. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებენ.
გარდა ამისა, დისტანციური სწავლების მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ (EMIS) სკოლებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზეს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში ეხმარება.
დისტანციური სწავლების უკეთ წარმართვის მიზნით სამინისტრო თანამშრომლობს კერძო სექტორთანაც. ინტერნეტ პროვაიდერებთან ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო დისტანციური სწავლების გამოწვევებსა და ტექნიკურ საჭიროებებს.
გარდა ამისა, გამომცემლობებმა გარკვეული ვადით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკუთარი წიგნების ციფრულ ვერსიაზე მისცეს უფასო წვდომა. ასევე, შესთავაზეს გარკვეული აქციები წიგნების მაღაზიებში და ფოსტით უფასო მიტანის სერვისი.
უფრო მეტი დეტალისათვის გაეცანით განცხადების სრულ ვერსიას.