ენერგიული, ქარიზმატული და უსაზღვროდ მოტივირებული ‒ ასე შეიძლება დავახასიათოთ ნინო მესაბლიშვილი, სასტუმრო Hilton Garden Inn-ის გენერალური მენეჯერი. ჭავჭავაძის გამზირზე თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო 2020 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება და ბიზნეს კლასის სტუმრებს მოემსახურება.
დიდი ხანია, რაც სასტუმრო სერვისების ინდუსტრიაში მუშაობთ?
ნინო მესაბლიშვილი: „არა, სულ რაღაც ექვსი წელი შესრულდება, რაც ამ ინდუსტრიაში მოვედი. ყველაფერი ჰილტონ ბათუმიდან დაიწყო. როდესაც ბათუმში პირველი ჰილტონის ბრენდის სასტუმრო იხსნებოდა, შემომთავაზეს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დამეწყო მათთან მუშაობა. მაშინვე მოვიხიბლე შემოთავაზებით და მივხვდი, რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა. ბათუმში საცხოვრებლად გადავედი და წელიწად-ნახევარში გავხსენით ძალიან მაგარი სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“, რომელიც დღესაც კი ლიდერია აჭარის რეგიონში“.
ჰილტონში მუშაობის დაწყებიდან ოთხ წელიწადში გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დრო იყო. „პროგრესი და განვითარება მსურდა, საბოლოო მიზანი კი გენერალური მენეჯერობა იყო. კონსულტაცია გავიარე ჩემს გენერალურ მენეჯერთან, რომელმაც საკმაოდ კონსტრუქციული რჩევები მომცა და წინსვლაში დამეხმარა“, – იხსენებს ნინო.
მიზნის მისაღწევად დაუღალავად იშრომა. ჩაერთო ჰილტონის სასტუმროების კარიერული განვითარების პროგრამაში “Shine”, რომელიც უამრავ ტრენინგს, თეორიულ მასალასა და ტესტირებას მოიცავს. სასტუმროს საოპერაციოს დირექტორად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილებისა და პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ განაცხადი შეიტანა ახალი სასტუმროს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე. ხანგრძლივი შესარჩევი პროცესისა და მძაფრი კონკურენციის პირობებში, ჰილტონის მენეჯმენტმა არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა. ნინო პირველი ქართველი ქალია, რომელიც Hilton Garden Inn-ის გენერალური მენეჯერი გახდა.
„მუდმივად ვამბობ, რომ „ჰილტონი“ ის კომპანიაა, სადაც ადამიანს შეუძლია ნებისმიერ სურვილს ფრთები შეასხას, – ამბობს ნინო, ‒ ეს არის კომპანია, რომელიც ადამიანში მის შრომისმოყვარეობასა და მონდომებას აფასებს.“
რა განასხვავებს ჰილტონის სასტუმროებს და Hilton Garden Inn-ს სხვა სასტუმროებისგან?
ნინო მესაბლიშვილი: „წელს ჰილტონის სასტუმროების ოჯახი, კომპანიის დაარსებიდან 100 წლისთავს ვზეიმობთ. ინდუსტრიაში 100 წლიანი გამოცდილება და მსოფლიოს გარშემო 6000 უძრავი ქონება ვთვლი, რომ უკვე დიდი უპირატესობაა. ჰილტონის ოჯახი 17 ბრენდს აერთიანებს, სწორედ ერთ-ერთი მათგანია Hilton Garden Inn. ჩვენ სხვებისგან განგვასხვავებს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა, რომელიც ემსახურება, როგორც ბიზნეს სტუმრებს, ასევე მოგზაურებსაც. ჩვენმა დამოკიდებულებამ, ნათელმა და ჰაეროვანმა სივრცეებმა განაპირობა ზრუნვისა და სტილის ისეთი შერწყმა, რომელიც ბრენდთან პირველივე შეხებისას იგრძნობა, სწორედ ამ ტიპის სასტუმრო იქნება Hilton Garden Inn. სასტუმროში 170 ნომერი და 8 სათათბირო ოთახია. სასტუმრო მის სტუმრებს მაღალი დონის სარესტორნო მომსახურეობას, სავარჯიშო დარბაზსა და 24/7 მაღაზიასაც შესთავაზებს. სასტუმრო ქალაქის საქმიან ნაწილში მდებარეობს, შესაბამისად, ჩვენი სეგმენტი ბიზნეს კლასის სტუმრები იქნებიან.“
Hilton Group-ს რამდენიმე მიმდინარე პროექტი აქვს ქვეყნის მასშტაბით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჯგუფის დაინტერესება მაღალია. თქვენი აზრით, როგორია თბილისის და მთლიანად ქვეყნის ტურისტული პოტენციალი?
ნინო მესაბლიშვილი: „ვფიქრობ, თბილისის და მთლიანად ქვეყნის ტურისტული მიმართულება საკმაოდ კარგი ტემპით ვითარდება. სწორედ ამით არის განპირობებული ბრენდის ასეთი დაინტერესება საქართველოს მიმართ. ჩვენი კომპანია არსებული პროექტების გარდა, თბილისში დამატებით სამი ახალი სასტუმროს გახსნას გეგმავს. ჩვენი დაკვირვებით, სწრაფად იზრდება ინტერესი ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდანაც. თანამედროვე ტურისტისთვის დროის საქართველოში გატარება საუკეთესო არჩევანია: გვაქვს გასაოცარი კლიმატი, მისაღები ფასები, მრავალფეროვანი ქართული გასტრონომია, კულტურა და პირდაპირი ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით“.
როგორც ამბობს, უყვარს გამოწვევები. საკმარისად ამბიციურიც აღმოჩნდა და საკუთარი შესაძლებლობები ლიდერის პოზიციებზე ძალიან დინამიკურ ინდუსტრიებში, ჯერ ავტომობილების, ხოლო შემდეგ სასტუმრო ბიზნესში გამოსცადა. არ უშინდება საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. პირიქით, ეს მოცემულობა კიდევ უფრო მეტ შემართებასა და მოტივაციას აძლევს.
„მიმაჩნია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ქალები ძალიან გავძლიერდით, ‒ აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ნინო, ‒ თუმცა, ქალების უმრავლესობას მაინც ეშინია რისკების გაწევის ‒ ალბათ, ეს არის მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი. ნამდვილად რთულია დააბალანსო ოჯახი და სამსახური. ხშირ შემთხვევაში, ქალი არჩევანის წინაშე დგება ‒ ოჯახი თუ სამსახური? კარგად რომ დავფიქრდეთ, არჩევანის გაკეთება სულაც არ არის საჭირო. მე დღემდე მჯერა, რომ ბალანსი შესაძლებელია. ყველაფრის მიუხედავად, შესაძლებელია იყო ძალიან კარგი დედა, მეუღლე და კომპანიაში წამყვან პოზიციაზეც მუშაობდე. ჩვენი კომპანია ამ ბალანსის შესაქმნელად თანამშრომლებს სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს. მაგალითად, როგორიცაა Thrive@Hilton, რომელიც სამუშაოსა და ცხოვრებას შორის ბალანსის შესანარჩუნებლად არის შექმნილი. მოგეხსენებათ, ჩვენი ინდუსტრია 24/7-ზე მუშაობს. სწორედ ამიტომაა ასეთი ტიპის პროგრამები მნიშვნელოვანი. თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ შექმნან საკუთარი ინიციატივები დროის მენეჯმენტთან, პროდუქტიულობასთან, ზოგადად, ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. ჰილტონმა, რამდენიმე წლის წინ, ასევე წარადგინა Women@Hilton ინიციატივა, რომელიც განსაკუთრებით უჭერს მხარს ქალ თანამშრომლებს. Hilton Group-ში, რომელიც სტუმრებს 117 ქვეყანაში ემსახურება, მიგვაჩნია, რომ მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი წარმატებისთვის ‒ არა მხოლოდ წარმომავლობის გათვალისწინებით, არამედ აზროვნების თვალსაზრისითაც. გასულ წელს,
ჩვენ ვუმასპინძლეთ Women@Hilton-ის უზარმაზარ კონფერენციას, რომელსაც ჩვენი გუნდის 3000 წევრი, როგორც მამაკაცი, ასევე ქალი, მსოფლიოს 150 ქვეყნიდან ესწრებოდა. ღონისძიების მიზანი თითოეული ინდივიდისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება იყო, რათა შემდგომში მათ შეძლონ როგორც საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება და მიზნების განხორციელება, ასევე გუნდში სხვების გაძლიერება“.
ნინო ამაყობს, რომ თავად ქმნის მრავალფეროვან გუნდს. სთავაზობს სამუშაოს ყველა ასაკის, მატერიალური შესაძლებლობის, სტატუსის, ეროვნების, სქესისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კანდიდატებს, რაც ჰილტონისთვის უდიდესი პრიორიტეტია. გარდა ამისა, იგი აქტიურად არის ჩართული მათი შემდგომი განვითარების პროცესშიც. სწორედ გუნდის მრავალფეროვნებაში ხედავს ყველაზე დიდ ძალას და სხვა კომპანიებსაც ამისკენ მოუწოდებს.
„ბათუმში, სპეციალური საჭიროების მქონე ბევრი ადამიანი დავასაქმეთ. გუნდის ამ წევრებს განსაკუთრებულად უყვართ საკუთარი სამსახური და უსაზღვროდ ერთგულები არიან. ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, უყურო მათ პროგრესს კომპანიაში, რომელსაც მათი სჯერა“, – აღნიშნავს ნინო.
რა რჩევას მისცემდით იმ ქალებს, რომელთაც ეშინიათ რისკის, თუმცა წარმატების მიღწევაც სურთ?
ნინო მესაბლიშვილი: „ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გარისკონ. ცხოვრება ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს, თუმცა ეს შესაძლებლობები ჯერ უნდა დავინახოთ, შემდეგ კი უნდა გავრისკოთ, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ. წლების წინ, მეც ძალიან გამიჭირდა ჩემი შვილის მიტოვება და სამსახურის გამო საცხოვრებლად ბათუმში გადასვლა. მიწევდა 24 საათი მუშაობა. ეს ყველაფერი ძალიან მღლიდა, თუმცა მქონდა მიზანი, რომლის მისაღწევადაც ყველაფერს ვაკეთებდი. ხანდახან ვფიქრობთ, რომ რაღაცებს ვთმობთ მიზნის
მისაღწევად, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი შედეგს ყოველთვის გამოიღებს და ორმაგად სასარგებლოდ დაგვიბრუნდება.“
თვლის, რომ ადამიანებმა აუცილებლად უნდა ირწმუნონ შენი. „გარშემომყოფების რწმენა, რომ შენ ყველაფერი გამოგივა, ყველა რთულ პროცესს საგრძნობლად ამარტივებს“ – მიაჩნია მას.
„მიეცით საკუთარ თავს გარისკვის საშუალება. გჯეროდეთ საკუთარი თავის და მუდამ იყავით მოტივირებულები. სასურველი შედეგი აუცილებლად დადგება… მე ეს ჩემს თავზე გამოვცადე!“ – გვეუბნება ინტერვიუს დასასრულს ნინო მესაბლიშვილი.
ფოტო: კიკალა სტუდიო