67 წლის ანგელა მერკელი ვაშინგტონს კანცლერის რანგში უკანასკნელად ეწვია. საბოლოო პრესკონფერენციაზე თეთრ სახლში კი აღნიშნა, რომ ჩვეული სტრატეგიები საკმარისი აღარ იქნება ტრანსატლანტიკური ალიანსის წარმატებისთვის.
„უბრალოდ დემოკრატიული იდეალების გაზიარება საკმარისი არ არის“, განაცხადა კანცლერმა „ვაშინგტონის დეკლარაციის“ მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ქვეყნებს მოუწოდებდა, რომ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე, კლიმატური ცვლილებების ჩათვლით, გაერთიანებული ძალებით ემუშავათ. „აუცილებელია რომ ეს იდეალები პრაქტიკულ ქმედებებად გარდავქმნათ“.
მერკელის დოქტრინა რომ არსებობდეს, სწორედ თვითგადარჩენასა და მოქმედებაზე იქნებოდა დაფუძნებული. გერმანიის პირველი ქალი კანცლერი 16-წლიანი კარიერის განმავლობაში 100-ზე მეტ სამიტს დაესწრო, აშშ-ის 4 პრეზიდენტთან ითანამშრომლა, გლობალური ფინანსური კრიზისი დაამარცხა, 2015 წელს გერმანიის საზღვარი მილიონამდე მიგრანტს გაუხსნა და ბრექსიტის მიუხედავად ევროკავშირში პოლიტიკური სტაბილურობა შეინარჩუნა.
Forbes-ის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში ანგელა მერკელი პირველობას წლებია არ თმობს. 2020 წლის ოქტომბერს 14 ევროპულ სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ზრდასრული მოსახლეობის 75% მერკელს რეგიონის სხვა პოლიტიკოსებზე მეტად ენდობა. 2018 წლის ნოემბერში მერკელმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ 2021 წელს კანცლერის პოზიციაზე კენჭს აღარ იყრის.
გამორჩეულმა პოლიტიკოსმა დასავლური სამყაროს ფორმირებაში წამყვანი როლი ითამაშა და ტრანსატლანტიკური კავშირი გააძლიერა. მისი კარიერის პრაგმატული აღმასვლა კი მერკელის მიღწევებზე არანაკლებ შთამბეჭდავია.
ანგელა ჰამბურგში, დასავლეთ გერმანიაში დაიბადა, ლუთერანი მღვდელმსახურისა და მასწავლებლის ოჯახში. ახალგაზრდა მერკელი სოციალისტურ გარემოში გაიზარდა და 1968 წელს მმართველი პარტიის მიერ დაფინანსებულ „თავისუფალ გერმანულ ახალგაზრდობას“ შეუერთდა. „ვერასდროს ვგრძნობდი რომ „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა“ ჩემი სამშობლო იყო“ – უთხრა კანცლერმა გერმანელ ფოტოგრაფ ჰერლინდე კოელბლს, 1991 წელს.
მერკელი კარლ მარქსის უნივერსიტეტში ფიზიკას სწავლობდა. მეცნიერებისადმი ინტერესი ოჯახშიც გაუღვივეს, ძმა მარკუსი ფიზიკოსი, ხოლო და ექიმი იყო. „კარიერა ფიზიკაში იმიტომ მხიბლავდა, რომ სიმართლე აქ ძნელად იცვლება“. დისერტაცია კვანტური ქიმიის შესახებ დაიცვა, არაერთი აკადემიური ნაშრომი გამოაქვეყნა. აღმოსავლეთ გერმანიის მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა, ბერლინის წარმატებულ კვლევით დაწესებულებაში. ის ერთადერთი ქალი იყო თეორიული ქიმიის განყოფილებაში – გარშემომყოფებს ინტენსიური ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა და სამყაროს შესახებ მეტის გაგება სურდა.
1989 წელს რევოლუციური ტალღების საპასუხოდ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო და პირველი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის სპიკერი გახდა აღმოსავლეთ გერმანიიდან. 1990 წელს ბუნდესტაგის წევრადაც აირჩიეს. 1991 წელს ანგელა ქალებისა და ახალგაზრდების სამინისტროს მმართველი გახდა, შემდეგ გარემოს, ბუნებრივი რესურსების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროში გადაინაცვლა და ბოლოს საკუთარი პარტიის გენერალური მდივანი, შემდეგ კი პირველი ქალი მმართველი გახდა. სამინისტროს შიგნით მერკელმა კოლეგების პატივისცემა პირდაპირობითა და წინდახედულობით დაიმსახურა. კანცლერის ბიოგრაფი, ეველინ როლი წერს, რომ პოლიტიკოსს ზედმეტსახელად „გველი ანგელა“ შეარქვეს, რადგან მკაცრი იყო და კრიტიკას არ უფრთხოდა.
2007 წელს მერკელი ევროსაბჭოს პრეზიდენტი გახდა, დიდი როლი ითამაშა ლისაბონის ზავისა და ბერლინის დეკლარაციის მიღებაში. გაუმკლავდა გლობალურ ფინანსურ კრიზისსა და ევროპული სესხის კრიზისს. მერკელის „Energiewende“ პროგრამა კონცენტრირებული იყო ბირთვული ენერგიის აღმოფხვრაზე გერმანიაში, სათბური აირების გამოყოფის შემცირებასა და განახლებადი ენერგიის ინდუსტრიების განვითარებაზე. G7-ის უფროს ლიდერად კი 2014 წლიდან მსახურობდა.
მერკელის კარიერას შეგვიძლია კიდევ ბევრი მიღწევა დავუკავშიროთ, თუმცა, მისი პოლიტიკური წარმატების საიდუმლო სწორედ მეცნიერული გონებაა. ის პრობლემების გადაჭრას მეთოდურად ცდილობს, სხვადასხვა სცენარს წარმოიდგენს, რისკებსა და რეაქციებს აფასებს, გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც ფრთხილად ელოდება სათანადო მომენტს მოქმედების დასაწყებად.
„ყოველთვის მინდოდა მცოდნოდა, თუ მომავალში რა მელოდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სპონტანურობას ანადგურებს. ჩემი ცხოვრების სტრუქტურიზაცია და ქაოსის თავიდან არიდება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო“.
„ის არ არის ქალი ძლიერი ემოციებით“, ამბობს ბერნდ ულრიხი, Die Zeit-ის რედაქტორი. „ზედმეტი ემოცია გონებას ფანტავს. ის ისე უყურებს პოლიტიკას, როგორც მეცნიერი“. მერკელის საბუნებისმეტყველო განათლება პანდემიისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე ხელსაყრელია. მან გარემოს დაცვა „ჩვენი დროის გამოწვევად“ მოიხსენია.
მერკელზე თეთრ სახლში დიდი პატივისცემით საუბრობენ. კანცლერმა 2005 წელს ფრიგიდული ამერიკულ-გერმანული ურთიერთობა ჩაიბარა. ბარაკ ობამასთან სტაბილური დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან კი – შედარებით დაძაბული. მთავარი კონფლიქტის თემა ხშირად სამხედრო ბიუჯეტი იყო. ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი ფუნდამენტურ იდეალებს იზიარებენ, დემოკრატიისა და კოოპერაციას მნიშვნელობას თანაბრად აფასებენ. აშშ-ს პრეზიდენტმა კანცლერს „შესანიშნავი მეგობარი, პერსონალური მეგობარი, ამერიკის მეგობარი“ უწოდა და საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ოვალურ ოფისს მასსავით კარგად იცნობს.
2008 წლის დასაწყიში პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ინიციატივით გამოვიდა, თუმცა მერკელმა ეს პროცესი დაბლოკა რუსეთის სავარაუდო რეაქციის გამო. კანცლერი ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე დესტაბილიზაციის გამოწვევას მოერიდა, თუმცა დამოკიდებულება მალევე შეიცვალა. სამხრეთ ოსეთის ოკუპირების შემდეგ მერკელმა ქვეყნის სამხედრო ალიანსში მისაღებად მზაობა გამოხატა.
კანცლერისთვის პრობლემის სიმძაფრე კიდევ უფრო ცხადი გახდა ყირიმის ანექსიის შემდეგ, როცა რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ომი გაამწვავა. მან სამხედრო ჩარევა გამორიცხა, თუმცა განაცხადა რომ რუსეთის ქმედებები მიუღებელი იყო და ევროპა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა. პუტინის ქმედებები აუცილებლად იმსახურებდა მკაცრ პასუხს დასავლეთისგან. პირველად კანცლერის კარიერის მანძილზე საზოგადოებამ მის პოზიციას მხარი არ დაუჭირა. პირველადი გამოკითხვების თანახმად, გერმანელი მოსახლეობის უმრავლესობას სურდა, რომ მერკელს შუალედური პოზიცია დაეკავებინა რუსეთსა და დასავლეთს შორის.
2018 წლის 23 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციას „უსამართლობა“ უწოდა, თუმცა სიტყვა ოკუპაცია არ უხსენებია. მისი თქმით გერმანია მზადაა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში დაეხმაროს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების მიხედვით. მან ღიად დაუჭირა მხარი ტერიტორიულ მთლიანობას, სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით გაგრძელებასა და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას.
„ევროპა არავის მიატოვებს. ევროპაში თავს გარიყულად არავის იგრძნობს. ევროპა მხოლოდ ერთიანობით მიაღწევს წარმატებას“.
მიუხედავად ამისა, გერმანიის კანცლერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჭრილში პროცესების დაჩქარებისგან თავს იკავებდა, რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულების გამო. ანგელა მერკელი რუსულ ენას შესანიშნავად ფლობს და საბჭოთა კულტურაშია აღზრდილი. თუმცა, აღმოსავლეთ გერმანელი ანგელა კრემლის პოლიტიკას პრაგმატულობით უყურებს. პუტინის ბუნდესტაგში გამოსვლის შემდეგ მერკელმა კოლეგას უთხრა: „ეს ტიპიური „კგბ“-ს რიტორიკაა. ამ ადამიანს არასდროს ენდოთ“. ულრიხმა Die Zeit-იდან თქვა: „ის ყოველთვის სკეპტიკურად იყო პუტინისადმი განწყობილი, თუმცა ის არ სძულს. სიძულვილი ზედმეტი ემოცია იქნებოდა“. საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, კანცლერის პოზიცია შეგვიძლია ერთი წინადადებით შევაჯამოთ: „რუსეთს არაფერი აქვს: არც წარმატებული პოლიტიკა და არც წარმატებული ეკონომიკა“.
როცა გამორჩეული პოლიტიკოსი ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოემშვიდობა, საზოგადოებამ მერკელის კარიერის დასასრულის გარდაუვალობა იგრძნო. კანცლერი ოფისს მომავლის შიშით ტოვებს. „ჩვენი ცხოვრების წესის ფუნდამენტალური ტრანსფორმაცია შეუძლებელია ინოვაციის გარეშე“. თუმცა კანცლერს აწუხებს ცვლილებები საკუთარ ცხოვრებაში – ის მალე ჩვეულებრივი მოქალაქე ხდება. რონალდ დანიელსის კითხვაზე სამომავლო გეგმების შესახებ ანგელამ უპასუხა: „არ ვიცი. ძალიან შეჩვეული ვარ იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. მეშინია, რომ ჩემი ნახვა აღარავის ენდომება“.
თუმცა, ყველაზე გავლენიანმა ქალმა სამყაროში წარუშლელი კვალი დატოვა, პოლიტიკური სივრცე და დიპლომატიური დღისწესრიგი მთლიანად გარდაქმნა. მის მემკვიდრეობას გლობალური მასშტაბები აქვს და შეუძლებელია, რომ შეუმჩნეველი დარჩეს.
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოზიციას 26 სექტემბერს დატოვებს.