თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქალბატონი ინესა მერაბიშვილი უკვე მრავალი წელია, კულტურათა დიალოგის სადარაჯოზე დგას. ამას მისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობა ნათელყოფს, რომლის მიზანიც ქართული კულტურის დასავლეთისთვის გაცნობა და დასავლური კულტურის ჩვენს ქვეყანაში შემოტანაა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დასავლეთევროპული ფილოლოგიის ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, თბილისის ბაირონის სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი Forbes Woman Georgia-ს ესაუბრა მის მიერ განვლილ პროფესიულ გზაზე, სამეცნიერო აღმოჩენებსა და მიგნებებზე და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე.
ქალბატონო ინესა, მოგვიყევით, როდის და როგორ დაიწყო თქვენი სამეცნიერო საქმიანობა?
ჩემი სამეცნიერო მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როდესაც დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრებისთანავე გავხდი პროფესორ მერი იანქოშვილის დისერტანტი. ქალბატონი მერი გახლდათ ძალიან პროგრესული და კვლევის საუკეთესო მეთოდოლოგიით აღჭურვილი მეცნიერი, ეს განსაკუთრებით ეხება ლინგვისტური კვლევის დასავლურ მეთოდოლოგიას, რომელიც აერთიანებდა ენათმეცნიერების ისეთ დარგებს, როგორიცაა სტილისტიკა, სემასიოლოგია, ფსიქოლინგვისტიკა და სხვა. მმართებს დავძინო, რომ ეს სფეროები ჯერ კიდევ სათანადოდ არაა გამოყენებული ქართულ ენათმეცნიერებაში.
პროფესორ მ. იანქოშვილის ხელმძღვანელობით, გულდასმით შევისწავლე მეცნიერების ეს დარგები და შევძელი მათი შემდგომი განვითარება.
იქნებ მოკლედ განგვიმარტოთ რა სიახლის შეტანა შეძელით თანამედროვე ლინგვისტიკაში?
პირველ ყოვლისა, გეტყვით, რომ ანტიკური ხანიდან მოყოლებული დღემდე, იქნება ეს ფილოსოფოსი, მწერალი, თუ ენათმეცნიერი, ყველას აინტერესებს სიტყვის რაობასა და მის მნიშვნელობაში გარკვევა. მეოცე საუკუნეში განსაკუთრებით პოპულარული ხდება სიტყვის მნიშვნელობის ის მოდელი, რომელიც ჯერ კიდევ 1923 წელს ორმა ამერიკელმა ენათმეცნიერმა, ოგდენმა და რიჩარდზმა შემოგვთავაზა. ეს მოდელი სემანტიკური სამკუთხედის სახელითაა ცნობილი და მას უკვე 100 წელი შეუსრულდა. მე იმთავითვე ვიგრძენი ამ მოდელის სუსტი მხარე, კვლევა გავაღრმავე განსაკუთრებით ლინგვოფილოსოფიის, ფსიქოლინგვისტიკისა და ფიზიოლოგიის თვალსაზრისით და შევძელი სიტყვის მნიშვნელობის არსებული მოდელის შეცვლა. ძირითადი კონცეფცია გამოვაქვეყნე საქართველოში 1982 წელს, მაგრამ მისი რეალური აღიარება დაიწყო მაშინ, როდესაც შევძელი მისი გატანა დასავლეთში.
როგორც ვიცით, სიტყვის მნიშვნელობის თქვენი ლინგვისტური მოდელის ირგვლივ გაფართოებული მასალის პუბლიკაცია შემოგთავაზათ წლების წინ ნიუ-იორკის წამყვანმა ლინგვისტურმა ჟურნალმა, რაც ძალიან უწყობს ხელს ამ მოდელის შემდგომ პოპულარიზაციასა და აღიარებას.
დიახ, ეს ასეა, რადგან დადებითი გამოხმაურებები და ახალი პუბლიკაციების შემოთავაზებები გრძელდება, უფრო მეტიც, 2018 წლიდან ნიუ-იორკის ლინგვისტურმა ჟურნალმა შემომთავაზა სარედაქციო კომიტეტის წევრობა და მე მათთან უკვე მეორე ვადით ვთანამშრომლობ.
არანაკლებ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თქვენ თანამედროვე ლინგვისტურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, გახსენით და ახსენით საუკუნის მანძილზე ტაბუდადებული გალაკტიონის უჩვეულო შესიტყვებები, ხოლო მისდამი მიძღვნილ პირველ მონოგრაფიას „გალაკტიონის ენიგმები“ უწოდეთ.
ენიგმა ‒ ბერძნული სიტყვაა და გამოცანას ნიშნავს. ასეთი შესიტყვებებიც მკითხველისათვის გამოცანას წარმოადგენენ, რადგან გამოცნობის გარეშე მათი გაგება შეუძლებელი ხდება. ასეთია, მაგალითად, „სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს“, „ოცნება, ნახაზი საგანთა უარით“, „გადაუგდო ნიავს ყელი“ და მრავალი სხვ.
საკანდიდატო დისერტაციაში ვიკვლიე მე-20 საუკუნის ინგლისური და ამერიკული პოეზია. ნაშრომმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. სრულიად ნათელი შეიქნა, რომ ჩემს ხელთ არსებული სემური ანალიზის პროგრესული მეთოდოლოგიით, შემეძლო გალაკტიონის აუხსნელი შესიტყვებების მეცნიერული ახსნა და პოპულარული ენით მისი მიტანა ფართო მკითხველამდე.
ერთი შეხედვით, გაუგებარია, რას უნდა ნიშნავდეს ცისფერი ღვინოებით სულის ტირილი, მით უმეტეს, რომ თვალშისაცემია სწორედ „ცისფერისა“ და „ღვინოების“ ერთად ხმარება.
მოდით, ვცადოთ და ავხსნათ: ღვინო ყურძნის ნაჟურია და ის ან მოყვითალო-მომწვანო ფერისაა, ან წითელი, მაგრამ არა ცისფერი. რა თვისებები აქვს ღვინოს ისეთი, რომელმაც ის ცისფერთან დააკავშირებინა პოეტს? ცისფერი ‒ ეს ხომ ღვთიური და ციური სივრცის ფერია. ცისფერი არამიწიერი და ამაღლებულია. ეს თვისებები ადამიანს შეიძლება იმ დროს გაუძლიერდეს, როდესაც ღვინის მირთმევის შემდეგ, ის ამაღლებულ და არამიწიერ განწყობაზე დგება. სიტყვის მნიშვნელობაში ასეთი თვისებების გამოყოფას სემური ანალიზი ეწოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელობის შიგნით მისი ცალკეული ნაწილაკები (სემები) კონტექსტის თანახმად, აქტიურდებიან. როგორც ვხედავთ, პოეტის სული ცისფერი ღვინოებით სტირის, რაც მის ამაღლებულ განწყობაზე მიანიშნებს.
შემდგომ ეტაპზე გამიჩნდა სურვილი, ინგლისურად მეთარგმნა გალაკტიონი. ამ დროისათვის ქართულად ნათარგმნი და გამოცემული მქონდა ბაირონის პოეზია. ბაირონის თარგმანს წინ უსწრებდა და მას კვალდაკვალ მიჰყვებოდა თავად ბაირონის პოეზიის კვლევა. საუკეთესო თარგმანი მიიღწევა მაშინ, როდესაც სათარგმნ ტექსტს თავად მთარგმნელი იკვლევს, და მთარგმნელი ძირეულად ორენოვანია.
ერთ-ერთი თანამედროვე თარგმანმცოდნე, პაოლო რონაი ბრძანებს: პოეტი ცდილობს, გამოთქვას გამოუთქმელი. მხატვარი ცდილობს, დახატოს დაუხატავი. მთარგმნელმა უნდა თარგმნოს უთარგმნელი, ანუ ზუსტად ის, რაც ადვილად არ ექვემდებარება თარგმნას. ამდენად, ჩემი მიზანი იყო, ადეკვატურად მეთარგმნა გალაკტიონის უთარგმნელად წოდებული შესიტყვებები. ამ შემთხვევაში მე დამეხმარა ის ლინგვისტური თეორია, რომელიც თავად განვავითარე, საკუთრივ ის, რომ სიტყვის მნიშვნელობაში იმთავითვე ასახულია გარე სამყაროს ამსახველი „ლინგვისტური ხატი“, როგორც გნოსეოლოგიური ანაბეჭდი, რომელიც განაპირობებს სიტყვის ხატოვანებას, ამიტომაც, ცისფერი ღვინოებით სულის ტირილი მე ისევ ამ ხატებით ვთარგმნე: “The soul wept out with light blue wines”, და არა მიახლოებული შინაარსით.
გალაკტიონის თარგმანების პირველი კრებული გავუზიარე ჩემს ინგლისელ კოლეგებს, რომლებმაც ის მოიწონეს და აიტაცეს. დღეს გალაკტიონის ჩემს თარგმანს ლონდონი გამოსცემს და ის ამაზონზე ხელმისაწვდომია. ეს მახარებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი თარგმანია, არამედ, განსაკუთრებით, იმიტომ, მე ამით საქართველოს გავუწიე სამსახური და და მისი უდიდესი პოეტი გავიტანე დასავლეთში და იქ ვამკვიდრებ.
როგორც მოგეხსენებათ, 2011 წელს ლონდონის ერთ-ერთ სასახლეში, ინგლისელმა ლორდებმა, პროფესორებმა და დიპლომატებმა გალაკტიონის 120 წლისთავის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს. ამ ღონისძიების ინიციატორი გახლდათ ინგლისელი პოეტი და დრამატურგი, ლორდ მერევორსი.
ხუთიოდე წლის შემდეგ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს და საკუთრივ, ელჩის, ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილის ინიციატივით, გალაკტიონ ტაბიძის უკვე 125 წელი აღინიშნა. ბუნებრივია, ორივე შემთხვევაში მე ვრცელი მოხსენებით წარვდექი ინგლისური საზოგადოების წინაშე. მათივე ინიციატივით, 2018 წელს, ისევ ვრცელი საჯარო ლექციით, გალაკტიონი გავაცანი ევროპის საბჭოს.
ბაირონს თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს – ბრძანდებით ბაირონის საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს ბაირონის საზოგადოების პრეზიდენტი, ბაირონის სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი – მოგვიყევით, როგორ დაიკავა მან თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი?
ბედმა ისე ინება, რომ ჩემი პირველი სადისერტაციო ნაშრომის ოპონენტად დაინიშნა იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი ანგლისტი, ილია გალპერინი. სწორედ პროფესორმა გალპერინმა თავად შემომთავაზა სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობა მისი ხელმძღვანელობით, ხოლო საკვლევ ტექსტად ლორდ ბაირონის პოეზია შემომთავაზა. ეს შემოთავაზება მე დიდ პატივად მივიღე და შევუდექი მუშაობას.
აქვე ჩაგეკითხებით, ბაირონის კვლევის კუთხით, რა მიგნებას გამოარჩევდით?
მე აღმოვჩნდი მკვლევარი, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში მიადგა ბაირონის ცხოვრების მივიწყებულ ეპიზოდს, რომელიც საქართველოსთვის სრულიად უცნობი იყო. ეს ეპიზოდი შესულია ბიოგრაფიულ წიგნში, რომელიც გამოქვეყნდა ლონდონში 1825 წელს, ზუსტად ერთი წლის თავზე ბაირონის გარდაცვალებიდან.
წიგნში ვრცლად აღწერილია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა მოგზაურობისას 22 წლის ბაირონი ტროას ალექსანდრიაში მონათა ბაზარზე გასაყიდად გამოყვანილ თბილისელ გოგონას, რომელიც მწარედ მოთქვამდა და შველას ითხოვდა.
ბაირონმა გოგონა გამოისყიდა, მიაბარა შვედი კონსულის ოჯახს და დაიწყო ფიქრი, თუ როგორ ჩამოეყვანა საქართველომდე. დავიწყე ამ ეპიზოდის ისტორიულობის გადამოწმება. როდესაც აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სინამდვილეს ასახავს, ვიფიქრე, ბაირონი ამ ემოციურ ეპიზოდთან დაკავშირებით აუცილებლად დაწერდა ლექსს. ამ საკითხის კვლევაში ძალიან დამეხმარა მისი წერილების თორმეტტომეული.
მივაგენი წერილს, სადაც ბაირონი მეგობარს წერს, რომ ქალი გარდაიცვალა. იმავე დღეს წერს ლექსს მიძღვნილს ქალისადმი. აქ უკვე გასაგები ხდება, რომ ეს არის ქართველი ქალი, ვისი სიკვდილიც პოეტმა ასე განიცადა. თუმც, ამის დამტკიცებას დიდი კვლევა და ძიება დასჭირდა.
გარდა ზემოხსენებული საკითხების კვლევისა, თქვენ ბაირონის მთარგმნელიც ბრძანდებით… სხვა რომელ საკვლევ საკითხებს გამოარჩევდით, რომლებზეც აქამდე გიმუშავიათ?
ბოლო 5 წელია, რაც რუსთველის ტექსტს ვიკვლევ. შარშან მქონდა მოხსენება მეცნიერებათა აკადემიაში, რათა პასუხი გამეცა კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოვიხსენიებდეთ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს: რუსთველი, შოთა რუსთველი თუ შოთა რუსთაველი? მრავალსაუკუნოვან წყაროებზე დაყრდნობით, გამოწვლით ვიკვლიე საკითხი და დასკვნას აქვე მხოლოდ ორი სიტყვით მოგახსენებთ: პოემის ავტორი საკუთარ თავს ოთხჯერ წარმოგვიდგენს და ყველა შემთხვევაში მხოლოდ, როგორც რუსთველს. კვლევამ ისიც ნათელყო, რომ იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში არსებულ ფრესკაზე სახელი „შოთა“ „რუსთველისაგან“ განცალკევებით მოიხსენიება და სინტაქსურად მას არ განსაზღვრავს. ამდენად, ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, თუ რა სახელი ერქვა პოეტს, ვიცით მხოლოდ ის, რომ „ვეფხისტყაოსნის“ავტორი რუსთველია. ეს უკანასკნელი, შესაძლოა, იყოს არა მისი გვარი, არამედ ფსევდონიმი.
წელს, ჩემი ლექცია უკვე მიეძღვნა შემდეგ საკითხს: რატომ უწოდა ავტორმა პოემას „ვეფხისტყაოსანი“. აი აქ კი უაღრესად ღრმა კვლევის ჩატარება იყო საჭირო პოემის, თუნდაც ფილოსოფიური საფუძვლების გათვალისწინებით.
გვიამბეთ კათედრის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობთ.
ეს კათედრა თითქმის 35 წლის წინ დავაფუძნე. მანამდე დასავლეთ ევროპის ფაკულტეტზე, რომელსაც ახლა ინსტიტუტი ეწოდება, თარგმანის კათედრა არ არსებობდა. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ვხელმძღვანელობ.
ჩვენს პროგრამებზე გამორჩეულად დიდი მოთხოვნაა. თარგმანის კრიტიკა, რა თქმა უნდა, ორ დღეში ვერ გადაიქცევა ისეთ დარგად, რომელიც ამ მიმართულებით ყველაფერს გააკეთებს, ამას დრო სჭირდება. დღეს საქართველოში არ გვაქვს თარგმანის კრიტიკის სკოლა და როგორც შემიძლია ვზრდი არმიას. მასში განსაკუთრებით მოვიაზრებ სადოქტორო პროგრამაზე შემოსულ სტუდენტებს.
მოგვიყევით თქვენ მიერ დაფუძნებულ ბაირონის სკოლაზე. როდის და როგორ გაჩნდა მისი დაარსების იდეა?
წინა საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ჩამომიყალიბდა აზრი იმის შესახებ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ, თუნდაც სპეციალური სკოლების დაფუძნებითა და გაძლიერებით, უკეთ უნდა მოამზადოს ახალგაზრდა ინგლისური ენის დაუფლებაში, რაც აუცილებლად იმ ქვეყნების კულტურის შესწავლასა და ათვისებას მოითხოვს, სადაც ინგლისური მშობლიურია. იგულისხმება, ძირითადად, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს პროექტი 1991 წელს გამოვაქვეყნე და მისი რეალიზაცია სახელმწიფოს საკითხად დავსახე. მიუხედავად პროექტის მოწონებისა, ქვეყანაში მალევე დიდი არეულობა განვითარდა და მას სახელმწიფო დონეზე განვითარება არ ეწერა. შემდგომ წლებში ფეხს იკიდებდა კერძო სასწავლებლების დაარსება, მათ შორის საჯარო სკოლის პარალელურად. ამდენად, საქვეყნო საქმედ მიჩნეული პროექტი საკუთარ თავზე ავიღე და დავაფუძნე „თბილისის ბაირონის სკოლა“, როგორც ინგლისური ენისა და კულტურის შემსწავლელი დამატებითი სასწავლებელი, რომელსაც მივანიჭე მსოფლიოს დიდი მოაზროვნისა და ჰუმანისტის, ლორდ ბაირონის სახელი. ეს ინიციატივა ვაცნობე ბაირონის საერთაშორისო საზოგადოებას, რომელმაც დიდი მხარდაჭერა გამომიცხადა.
როდესაც საქართველოში პირველად ჩატარდა ბაირონოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი 2014 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ასოცკაციან დელეგაციას მსოფლიოს ოცი ქვეყნიდან მასპინძლობდა, აგრეთვე თბილისის ბაირონის სკოლა. ევროპელ და ამერიკელ პროფესორებთან ერთად, ბრიტანეთის დელეგაციას წინ მოუძღოდნენ ბაირონის პირდაპირი შთამომავლები, საკუთრივ, მისი ტიტულის მემკვიდრე ლორდ ბაირონი მეუღლითურთ და ბაირონის პირდაპირი შთამომავალი, ლორდთა პალატის წამყვანი წევრი, გრაფი ლიტონი მეუღლითურთ.
რისი მიღება შეუძლიათ მოსწავლეების სკოლისგან, გარდა იმისა, რომ ინგლისურ ენას სრულყოფილად დაეუფლებიან?
გულდასმით ვასწავლით ინგლისურ ენას, ამ ენაზე აკადემიურ წერას და მჭერმეტყველებას. განსაკუთრებით ღრმად ვასწავლით ბაირონის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მის ეპოქას და თავად ინგლისურ კულტურას, მის ისტორიასა და ლიტერატურას, ასევე ამერიკულ ლიტერატურასა და ისტორიას. კულტურის ცნება ჩვენთან ფართო გაგებით იხმარება, რადგან ლიტერატურისა და ხელოვნების გარდა, ვასწავლით ამ ქვეყნების პოლიტიკურ წყობას, დიპლომატიის შესავალს და სხვ.
ბავშვები ესთეტიკურად სასიამოვნო გარემოში სწავლობენ. სკოლას აქვს საკუთარი თეატრი. ჩვენი მოსწავლეები წარმატებულები არიან არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც. როდესაც ისინი კონკურსს გადიან უცხოელების წინაშე, კომისიას უჭირს დაჯერება, რომ ამ ახალგაზრდებმა ინგლისური საქართველოში ისწავლეს. ბაირონების საგვარეულო გერბზე შემდეგი დევიზია ლათინურად გამოსახული:
CREDE BYRON ‒ ენდეთ ბაირონს!
ვინც გვენდობა, იმედს არ ვუცრუებთ.