არის შემთხვევები, როცა ინტერვიუს შესავალზე ბევრს ფიქრობ და დაწერა მაინც ჭირს. გინდა ესეც თქვა, ისიც, ყველაფერი ჩაატიო, ყველაფერს შეეხო. ეს ის შემთხვევაა.
არაფრით გამოვა დაწერო მომღერალი მანანა მენაბდე და ამით წარადგინო რესპონდენტი. ან დაწერო მწერალი მანანა მენაბდე და ეს უფრო ზუსტი აღმოჩნდეს. ან მხატვარი, ან რეჟისორი. წარმოუდგენლად იშვიათია, ადამიანი ხელოვნების ამდენ სფეროში მუშაობდეს და თითოეულ მათგანში ზედმიწევნით მკაფიო და დამაჯერებელი იყოს.
ამიტომ სურვილი გიჩნდება ინტერვიუს, ფოტოებთან ერთად, მისივე ნახატიც დაურთო, მისი იგავ-არაკების ციკლიდან საყვარელი ეპიზოდი მოიშველიო, მუსიკალური კომპოზიცია გააყოლო…
თუმცა რომელი ერთი?!
იქნებ „პატარა ბიჭი დამეკარგა“, „ისევ შენ და ისევ შენ“, ან „თეთრი ვარდები“, ან, არ ვიცი, პირველი რაც გაგახსენდება.
და გაგახსენდება ბევრი, უამრავი. ყველა ერთმანეთზე უკეთესი, ყველა ხაზგასმით სახასიათო და ამაღელვებელი.
თუმცა ბიოგრაფიის პირველი ეპიზოდები მანანა მენაბდის ცხოვრების მთავარ საქმეს ‒ მუსიკას უკავშირდება, დები იშხნელების ოჯახში დაბადებას და კითხვას, როგორი იქნებოდა ცხოვრების სცენარი, რომ არა ქართული რომანსების შემსრულებლების გარემოცვაში გატარებული ბავშვობა.
რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული ბედი? რომ არა ასეთ ცნობილ ოჯახში დაბადება, ფიქრობთ, რომ შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად, სხვა სცენარით განვითარებულიყო?
მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თავისი ხასიათით იბადება. დაახლოებით წლინახევრის ასაკში ის უკვე მეტ-ნაკლებად ამჟღავნებს, თუ როგორ ადამიანად შეიძლება შედგეს. ჩემთვის, მაგალითად, არავის უთქვამს, წადი, იმღერე და მომღერალი გამოდიო. ზოგიერთ ოჯახებსა და მშობლებს სიგიჟემდე სურთ, მათი ბავშვი სცენაზე იდგეს და მღეროდეს. მსგავსი დაძალება ჩემთან არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის ასაკში უკვე მამას დაწერილ სოლფეჯიოებს ვმღეროდი, ოთხი წლისამ ბებიების, დები იშხნელების ‒ მთელი რეპერტუარი ვიცოდი, ამას ხაზს არავინ უსვამდა. არავის დავუყენებივარ სკამზე და უთქვამს, სტუმრებისთვის იმღერე ან ლექსი წაიკითხეო. ეს ბუნებრივად ხდებოდა.
რა შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი მთავარი საქმე, თუ არა სიმღერა?
იცით, უფალმა ერთი მხრივ დამაჯილდოვა, მეორე მხრივ კი საშინელ დღეში ჩამაგდო, იმიტომ, რომ ბევრი რამე ხელმეწიფება. ხუთ სფეროში ვმუშაობ. ესაა წერა, მხატვრობა, ფოტოგრაფია, რეჟისურა და სიმღერა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც იმიტომ დაწერს, რომ მერე იტრაბახოს. თუ რამეს ვაკეთებ, მინდა ყველაფერი მაღალ დონეზე იყოს. ამისთვის თავაუღებლად ვმუშაობ. უქმად ყოფნა ვერც კი წარმომიდგენია.
ამას მიგაჩვიეს?
ერთი მხრივ, მიმაჩვიეს, იმიტომ, რომ მე არამომუშავე ჩემი ოჯახის წევრი არასდროს მინახავს. ისინი წვებოდნენ 10 საათზე და დგებოდნენ დილის 6-ზე. აი, ეს კი ვერ ვისწავლე მათგან. ესაა ჯანმრთელი, ძალიან კარგი რეჟიმი, ჩემი აზრით.
თქვენ გვიან იძინებთ?
ხან ასე, ხან ისე. საერთოდ, ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ. ძალიან ზუსტი. მიღირს საკუთარი დრო, ძალიან ვაფასებ მას და ამიტომ სხვისი დროც ჩემთვის ღირებულია.
რის გამო იღებთ ყველაზე მეტ კომპლიმენტს როგორც მომღერალი?
ძალიან ხშირად უსვამენ ხაზს ჩემს ბუნებრიობას სცენაზე. იცით, მაკიაჟსაც რომ ვიკეთებ, მინდა ეს ბუნებრიობა ჩემსა და მაყურებელს შორის არ დაირღვეს. კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი ‒ რატომღაც ჩვენ გვსურს ვიყოთ როგორც ევროპელები და ამერიკელები… ღმერთო ჩემო, რატომ არ გვინდა ვიყოთ უბრალოდ ქართველები და თავისუფლები?!
რა არის თავისუფლება თქვენთვის?
თავისუფლება ‒ ეს შეზღუდვაა ანუ კანონების მკაცრი დაცვა. თუმცა ახლა არ იფიქროთ, რომ ამას გეუბნებით და ფრთები ამომდის. იყო პერიოდი, სულ სხვანაირად ვუყურებდი ამ საკითხს, მაგრამ მაშინაც კი ჩემი შინაგანი ღირსება არასდროს დამიკარგავს.
წლებთან ერთად მუსიკალური გემოვნება შეგეცვალათ?
გემოვნება, ფაქტობრივად, არ იცვლება. თუკი მოდას აჰყვები, მაშინ ‒ კი, მაგრამ თუ შენი სტილი გაქვს, ეს სტილი რჩება. მაგალითად, ნანი ბრეგვაძემ საკუთარი სტილი შეინარჩუნა ახალგაზრდობიდან დღემდე და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ამას მიაგენი ‒ წერაში იქნება, ხატვაში თუ სხვა რამეში, ესე იგი, რაღაცისთვის მიგიღწევია.
შემოქმედებით განწყობას რა ადგილი უკავია თქვენს საქმიანობაში? მუზას რასაც ვეძახით. ელოდებით ხოლმე ამ განწყობას?
იცით, მუზა ტყუილად არ მოდის. ამაზე ერთი კარგი მაგალითი მახსენდება. ბერლინში ცხოვრების დროს წმინდა მამების წიგნს ვკითხულობდი. იქ იმას გამოეცხადა ფრთიანი ანგელოზი, აქ-ამას. ვფიქრობდი, რაღა ამათ ეცხადებათ და მე არა, რატომ უნდა დავიჯერო, რომ ნამდვილად ასე იყო-მეთქი. მერე ეკლესიური რომ გავხდი და ამ საკითხს ჩავუღრმავდი, სიცილით მოვკვდი საკუთარ სიბრიყვეზე. ის ანგელოზი, ის მუზა გამოგეცხადება მხოლოდ მაშინ, როდესაც მუშაობ. რა არის, ბოლოსდაბოლოს, უფალი? წვერებიანი ბაბუა ხომ არ არის, ვაკის პარკში სკამზე ჩამომჯდარი. უფალი ‒ სიყვარულია და მეტი არაფერი. როდესაც შენ ყოველდღიურ შრომაში სიყვარულს დებ ‒ ნაწერებში, სიმღერაში, ხმის დამუშავებაში ‒ მაშინ ეს მუზა დაგისკუპდება წინ და უცებ რაღაცას გაგაკეთებინებს. არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, რომ თავისით, მარტივად ხდება რამე. აბა, ლიტერატურის მუზეუმში ნახეთ ჩვენი სასახელო პოეტებისა და მწერლების ხელნაწერები და დარწმუნდებით, თუ როგორ მუშაობდნენ და ხვეწდნენ ისინი თითოეულ სიტყვას. უნდა იშრომო და მაშინ მოვა მუზა. ანალოგიურად, ვინც სულს ავარჯიშებს, ასუფთავებს, ის ხედავს იმ ანგელოზს. არ მოვა ის ანგელოზი შენთან, სანამ შენ არ აამუშავებ შენს სულს. ყოველდღე უნდა შედგე ადამიანად. ამას კი ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება.
რას უკავშირდება ის, რომ ეკლესიური გახდით? რატომ გაგიჩნდათ ამისი სურვილი?
ბერლინში ვიყავი, 1998 წელი იყო, დიდი მარხვის პერიოდი. გადავწყვიტე ცხოვრებაში პირველად მემარხულა. სიგარეტს ვეწეოდი. ვიფიქრე, თუ მოვწიე, რანაირად უნდა გამოვცადო ამ დიდი მარხვის სიმშვენიერეც და სისასტიკეც-მეთქი. შევინახე სიგარეტის კოლოფი და ვიფიქრე, მარხვა რომ ჩამთავრდება, მერე დავუბრუნდები-მეთქი, მაგრამ აღარასდროს გამიხედავს იმ ყუთისკენ. აღარ მომინდა. მე ვფიქრობ, რომ უფალი თავის ძალას, თავის სიკეთეს ყველას სხვადასხვანაირად გვანახებს. ჩვენ, სამწუხაროდ, მის ნიშნებს ვერ ვშიფრავთ და, შესაბამისად, ბევრ რამეს ვერ ვხვდებით, ამიტომ ახსნას სხვაგან ვეძებთ. სხვა რას იტყვის, ის გვაინტერესებს. არადა, მთავარი ისაა, შენ რას იტყვი საკუთარ თავზე. როცა მარტო რჩები, ხომ ზუსტად იცი, რომ მოიტყუე, ვიღაცას უყვირე, ვიღაცას ცუდად მოექეცი.
მოგცათ თუ არა ჰარმონიის შეგრძნება საკუთარ თავთან რელიგიაში ჩაღრმავებამ?
იცით, რა, სიმართლეს გეტყვით, საკუთარ თავთან ჰარმონია სულ მქონდა. მაგრამ მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ არ შეიძლება გაგიტაცოს საკუთარმა თავმა.
ამ ცდუნების წინაშე მდგარხართ?
როგორ არა! ალბათ, ყველა მდგარა და უფიქრია, აუ, რა მაგარი ვარო! ამ დროს არავინ ხარ, უხილავი მწერი ხარ. მე თუ მკითხავთ, ძლიერი ‒ ხეა, რომელიც მარტოსული დგას. უძლებს ყინვას და სიცხეს, ნაყოფს უშურველად გაძლევს, არაფერს ითხოვს შენგან სიყვარულის გარდა!
ბედისწერის თუ გჯერათ?
ფატალისტი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი კანონზომიერია.
1991 წელს დიდი ხნით წახვედით გერმანიაში, რამ მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება?
საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ძალიან დიდხანს პერსონა ნონ-გრატა ვიყავი, მაგრამ მაგის გამო არ წავსულვარ. ჩემი 13 წლის დისშვილი – თეონა გარდაიცვალა სისხლის გათეთრებით, ამიტომ ძალიან გამიჭირდა დარჩენა. თუმცა მივხვდი ერთ რამეს: სხვაგან შეიძლება გადახვიდე, მაგრამ შენი თავიდან ვერსად გადახვალ. 15 წელი ვიცხოვრე გერმანიაში, მაგრამ თან დამქონდა ჩემი თბილისი და ჩემი საქართველო.
რთული იყო იქ ცხოვრება?
საკმაოდ. მიუხედავად იმისა, რომ ჰაინრიხ ბიოლის სტიპენდიატი ვიყავი, საერთაშორისო ფესტივალებზე გამოვდიოდი, პარალელურად, სადარბაზოებს ვხეხავდი და პაუზების დროს იგავ-არაკებს ვწერდი. ქუჩაში გიტარის თანხლებით ვმღეროდი. არადა, უკვე ცნობილი მანანა მენაბდე ვიყავი, მაგრამ ეს სრულიად არ მამცირებდა და არც ახლა, როდესაც ვიხსენებ, ამისი სულ არ მრცხვენია. პირიქით, ამ გამოცდილებამ უფრო მეტი ღირსება შემძინა და ადამიანად ჩამომაყალიბა.
ოდესმე მნიშვნელოვანი შანსი გაგიშვიათ ხელიდან?
დიახ, მქონდა შანსი სამუდამოდ წავსულიყავი აქედან. 1969 წელს, დაკეტილი რომ იყო ყველაფერი, დიუკ ელინგტონმა მომისმინა და შემომთავაზა, წამოდი ამერიკაში ჩემთან ერთად და ვარსკვლავად გაქცევო. მაგრამ ვერ გავბედე. მე ხომ არ ვიცოდი, რომ საზღვრები გაიხსნებოდა. ვიფიქრე, მშობლები არ შეავიწროვონ-მეთქი. დიუკს ფრენკ სინატრას ცნობილი რომანსი “I’m a Fool to Want You” ვუმღერე. რომ მოისმინა, მკითხა, საიდან ხარო. „ჯორჯიადან“ ვარ-მეთქი, ვუპასუხე. ეგონა შტატ ჯორჯიას ვგულისხმობდი და მაშინ ყველაფერი გასაგებიაო, მითხრა. ავუხსენი, ეს ჯორჯია-საქართველოამეთქი, სტალინი ვუხსენე. არც ერთი იცოდა და არც მეორე. როცა დავშორდით, გზად ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო, რა ბედნიერია, არც სტალინი იცის, არც ბერია და არც საბჭოთა წყობა-მეთქი.
რთულია თქვენთან ურთიერთობა?
ზოგისთვის რთული ვარ, მაგრამ ზოგიერთები მეუბნებიან, რომ ჩემს გვერდით მშვიდდებიან. საერთოდ, ურთიერთობებში ძალიან მკაცრი ვარ, არ მიყვარს მატყუარა და არაპუნქტუალური ადამიანები. თუ ჩემთან, მაგალითად, რეპეტიციაზე ვინმემ ზედიზედ ორჯერ დაიგვიანა, მას ვეთხოვები. ის ვეღარასდროს იმუშავებს ჩემთან. მორჩა და გათავდა.
საკუთარი თავის მიმართაც მკაცრი ხართ?
ძალიან მკაცრი. თუმცა პერფექციონისტი არ ვარ. პირიქით, მგონია, რომ ზედმეტი პერფექციონიზმით სილაღე იკარგება და ჰაერი. მაგალითად, როცა ვხატავ, ლაქს არასდროს ვუსვამ ნახატს. არ მიყვარს ეფექტები.
მოსმენა უფრო გიყვართ თუ საუბარი?
სიმართლეს გეტყვით, მიყვარს კარგი საუბარი, მაგრამ იშვიათი ფუფუნებაა ვიღაცასთან სიჩუმეს მოუსმინო. მამა განსაკუთრებულად მენატრება ამის გამო. მასთან შემეძლო ჩუმად ვყოფილიყავი და მასთან ეს სიჩუმე მუდამ სავსე იყო. ჩვენ ვმეგობრობდით. ერთ ენაზე ვსაუბრობდით. ბევრი რამ ვისწავლე მისგან ‒ ყურის დაგდება, დათმობა, მიტევება.
მარტო ცხოვრობთ?
დიახ, მრავალი წელია როგორც განდეგილი. სრულიად ასკეტურად.
ასე გინდოდათ თუ ასე გამოვიდა?
ასე მინდოდა, თუ ასე გამოვიდა, ვერ გეტყვით… თუმცა ბევრ რამეზე ვთქვი უარი იმიტომ, რომ ადამიანური სახე არ დამეკარგა.
გახსნილი ადამიანი ხართ?
იცით, რა მასწავლა ცხოვრებამ? ‒ ყველაფრის თქმა არ შეიძლება. ზოგჯერ სიმართლემაც შეიძლება საქმე გააფუჭოს, მეორე ადამიანს ავნოს და დაანგრიოს ის. ადამიანს ყველანაირად უნდა გაუფრთხილდე. არ ვიცი რა ანახა კოვიდმა ადამიანებს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ შემახვედრა საკუთარ თავთან.
რაზე იცინით ყველაზე ხშირად?
საკუთარ თავზე.
თვითირონია მნიშვნელოვანია?
თვითირონია თუ არ გაქვს, ვერაფერს გააკეთებ, ვერც იმღერებ, ვერც დაწერ, ვერც ურთიერთობას შეძლებ. როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა საკუთარი თავი?!
ადამიანებში რა გხიბლავთ?
გულწრფელობა, და უნარი ‒ გასცეს საკუთარი თავი მეორე ადამიანისთვის. სხვისით სიხარული. მოკლედ სიყვარული.
რაში ხედავთ ქალის ძალას?
ქალის ძალა სისუსტეშია.
თქვენ სუსტი ხართ?
ზოგმა ჩემმა მეგობარმა მამაკაცმა იცის, რომ სუსტი ვარ და ზუსტად იმ მამაკაცებს ვუტარებივარ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ‒ ხელით. ის, რომ მე შარვალი ჩავიცვი, ის, რომ ბუნტი ავტეხე, ის, რომ როდესაც მინი ეცვათ, მე მიდი მოვირგე, კუბოკრულ კაბას იმავე ფერის ქუდი და ჰალსტუხი შევუხამე, ის, რომ ვცდილობდი რაღაც „სხვა“ მეკეთებინა, ‒ თავდაცვა იყო… მაგრამ…გამოწვევა გამოვიდა.
ვისგან არ რისგან იცავდით თავს?
საზოგადოებისგან, ღმერთო ჩემო, საზოგადოებისგან!
მტრული იყო ეს საზოგადოება თქვენ მიმართ?
თეთრი ყვავის ამბავი იყო, განსხვავებულებს სჯიან. მარია ანტუანეტა განსხვავებულობას შეეწირა. კიდევ კარგი, მე-20 საუკუნე იყო, თორემ გილიოტინა არ ამცდებოდა.
რადგან ბედისწერის გჯერათ და იმისაც, რომ ჩვენი ცხოვრების წიგნები წინასწარაა დაწერილი, იმაზე თუ ფიქრობთ, რა წერია მომდევნო გვერდზე?
არის თემები, რომლებსაც ადამიანი არ უნდა შეეხოს. ასე ვფიქრობდი ყოველთვის. მომავალზე უკვე ნაფიქრია, თუ აწმყოში იქცევი ისე, როგორც შეგეფერება და გეკადრება. მთავარი აწმყოა. ახლა, ამ წამს, მე ვარ თქვენთან ერთად და ესაა მთავარი.