მელინდა გეითსი გენდერული თანასწორობისთვის მილიარდ დოლარს დახარჯავს

„2018 წელს Fortune 500 კომპანიების მმართველებს შორის უფრო მეტი მამაკაცი იყო, რომლებსაც ჯეიმსი ერქვათ, ვიდრე საერთო ჯამში ქალები. 2019 წელს ამავე სიაში მხოლოდ ერთი ფერადკანიანი ქალი აღმასრულებელი დირექტორი მოხვდა. ქალები აშშ-ს მოსახლეობის 51 პროცენტს შეადგენენ, ხოლო კონგრესში ადგილების მხოლოდ 24 პროცენტს ფლობენ.“

ჟურნალ TIME-ში გამოქვეყნებულ ესეში მილიარდელმა ქველმოქმედმა – მელინდა გეითსმა პირობა დადო, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში აშშ-ში ქალების გაძლიერებისთვის 1 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს.

„ჩემი რეაქცია მსგავსი ფაქტების მიმართ, აღშფოთებისა და ოპტიმიზმის რთული ნაზავია. ვფიქრობ, მარტო არ ვარ. ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ  ჩვენი ქვეყანა მრავალი გზით კვლავ აგრძელებს ქალების შეფერხებას ძალიან გულგასატეხია”

გენდერული თანასწორობა გეითსების ოჯახისთვის დიდი ხანია პრიორიტეტია. ამ მიმართულებას მხარს უჭერდნენ ბილ და მელინდა გეითსის ფონდისა და Pivotal Ventures- ის მეშვეობით, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.

„მსურს მომავალში ვიხილო მეტი გადაწყვეტილების მიმღები ქალი. ქალები, რომლებიც გააკონტროლებენ რესურსებს, შექმნიან კანონებსა და პერსპექტივებს. მე მჯერა, რომ ის პოტენციალი, რომლებიც ქალებს აქვთ, იმსახურებს ინვესტირებას.”-მელინდა გეითსი.

Pivotal Ventures– ის მეშვეობით გეითსი და მისი გუნდი 1 მილიარდი აშშ დოლარით დააფინანსებენ ისეთ ორგანიზაციებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც სამ ძირითად პრიორიტეტზე იმუშავებენ. მაგალითად, დაფინანსდებიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც ებრძვიან სამუშაო ადგილზე ქალების სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციას; ეხმარებიან ქალებს გადალახონ ბარიერები და მიაღწიონ წარმატებას; მუშაობენ კაცებით დომინირებულ ინდუსტრიაში ქალების რიცხვის გაზრდაზე.

მელინდა გეითსისა და მისი მეუღლის, Microsoft– ის დამფუძნებელის ბილ გეითსის ქონება  107 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.  2018 წელს მელინდა გეითსი Forbes-მა ყველაზე გავლენიან ქველმოქმედ ქალად დაასახელა. მთლიანობაში გეითსებს ქველმოქმედების სახით 45,5 მილიარდი აშშ დოლარი აქვთ გაღებული.

წყარო: Time.com