„რაც უფრო რთულია გზა, მით უფრო გიტაცებს“ – ესაა პასუხი კითხვაზე, რამდენად რთულია სამეცნიერო გზა. ენათმეცნიერი, ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი დამანა მელიქიშვილი განვლილ გზაზე გვიყვება და ამბობს, რომ ბედნიერებაა ემსახურო საქმეს, რომელთანაც ინტერესი და სიყვარული გაკავშირებს.
დამანა მელიქიშვილი გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მრავალი საპატიო წოდებისა და პრემიის მფლობელია. მათ შორისაა დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია (2000), პრემია „პარნასი“ (2007), შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდია (2008), დამსახურებული პროფესორის წოდება (2009), ღირსების ორდენი (2018).
იგი ქართულ და უცხო ენებზე გამოცემული მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი კვლევებით არამარტო საქართველოში, უცხოეთშიც ბევრი ქართველოლოგი ხელმძღვანელობს.
კითხვას – რა შეუძლიათ ქალებს – ვეღარ ვუსვამ, უადგილო მეჩვენება, როცა დიალოგი მაქვს ადამიანთან, რომელიც ახერხებს ცხოვრების ყველა ეტაპზე ემსახუროს საყვარელ საქმეს და თან ორი შვილის დედა, შვიდი შვილიშვილის ბებია და შვიდი შვილთაშვილის დიდი ბებიაა.
ქალბატონო დამანა, ვინ ან რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი?
დეიდაჩემი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი და პედაგოგი, ბაბო (ბარბარე) მჭედლიძე თავის ერთ- ერთ მოგონებას, რომლის სათაურია „ჩემი ქუთაისი“, ასე იწყებს: „მეცხრამეტე საუკუნიდან მომავალი ვარ…“ გაგიკვირდებათ, მაგრამ მეც, როგორც ჩემი წინაპრების წრეში გაზრდილმა, შემიძლია ვთქვა, რომ მეცხრამეტე საუკუნიდან მოვდივარ, მეოცე მათთან ერთად გამოვიარე და, აი, ახლა, ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლებიც გავლიე…
გზა იმ სამყაროსკენ – ქართული ფილოლოგიისაკენ, რომელსაც დღემდე ვემსახურები, გამიკვალა სწორედ დეიდაჩემმა, ბაბო მჭედლიძემ, რომელიც ძველად ქუთაისში, ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში და ვაჟთა გიმნაზიაშიც ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას, ჩემს ბავშვობაში კი – თბილისის პირველ ვაჟთა სკოლაში მოღვაწეობდა (მეც დავსწრებივარ მის ღია გაკვეთილს, რომელიც ეხებოდა „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის ხელოვნებას). დეიდაჩემის ძველი, მდიდარი ბიბლიოთეკა იყო ჩემი განათლების პირველი კერა. სწორედ მან მიწინასწარმეტყველა მომავალი პროფესიაც: უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვიყავი, როცა მაჩუქა წიგნი – „საენათმეცნიერო საუბრები“ წარწერით: „დამანას- მომავალ ენათმეცნიერს!“ (სხვათა შორის, ეს უცნაური სახელიც მან დამარქვა).
უნივერსიტეტის კარი კი აკადემიკოსმა ვარლამ თოფურიამ გამიღო, გამოჩენილმა ენათმეცნიერმა-ქართველოლოგმა, რომელიც მაშინ, 1957 წლის ზაფხულში, თავმჯდომარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმღებ კომისიას ოქროს მედალოსანთა გასაუბრებაზე. მანვე განსაზღვრა ჩემი მომავალი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის სფერო- ქართველური ენათმეცნიერება და ქართული სამწერლობო ენის ისტორია: იგი იყო ხელმძღვანელი ჩემი საკანდიდატო დისერტაციისა: „იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი“, რომელიც დავიცავი 1967 წელს; სადოქტორო ნაშრომი კი ეხებოდა ძველი ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის განვითარების გზებს და გელათის საღმრთისმეტყველო-ფილოსოფიურ სკოლას.
რამდენად რთულია სამეცნიერო გზა და რამდენად გაცნობიერებული გქონდათ ის სირთულე მაშინ, როცა ეს გზა აირჩიეთ?
მართალი რომ გითხრათ, სირთულეზე არ მიფიქრია და, შესაბამისად, გაცნობიერებაც არ დამჭირვებია: როცა შენი არჩევანი შემთხვევითი არ არის, როცა ის გიყვარს- ეს სპორტია, ხელოვნებაა თუ მეცნიერული კვლევა-ძიება ნებისმიერ დარგში, სირთულეს ვერ გრძნობ: პირიქით, რაც უფრო რთულია გზა, მით უფრო გიტაცებს, გაინტერესებს და ამ ძიებაში გრძნობ კმაყოფილებას. ჩემი აზრით, ცხოვრების გზაზე ნებისმიერი არჩევანისა თუ საქმის წარმატებასა და შედეგს ამ საქმის ინტერესი და სიყვარული განსაზღვრავს: თუ არჩევანში არ შემცდარხარ და საშუალება მოგეცა, რომ შენთვის საინტერესო და საყვარელი (არა აქვს მნიშვნელობა, რომელი სპეციალობა, საგანი თუ თემა) აირჩიე – შედეგს მიაღწევ, მაგრამ ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, რაც მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა.
როგორ ფიქრობთ, ინტერესისა და დიდი შრომის გარდა, კიდევ რა არის საჭირო მეცნიერებაში წარმატების მისაღწევად?
თუ „წარმატებაში“ მხოლოდ მეცნიერის შრომით მიღწეულ შედეგზეა ლაპარაკი, ანდა სიხარულზე, რომელსაც მკვლევარი თავისი შრომის დროს განიცდის, როგორც უკვე ვთქვი, საქმის სიყვარული, ინტერესი და ცოდნაა გადამწყვეტი; მაგრამ, თუ „წარმატებაში“ იგულისხმება შრომით მიღწეული შედეგის დაფასება, აღიარება და პრაქტიკაში გამოყენება – ეს, უკვე შესაბამისი დარგის სპეციალისტებისა და სახელმწიფო სტრუქტურების კომპეტენციასა და ინტერესებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, სამეცნიერო საზოგადოება ხშირად არ არის ხოლმე მზად ახალი იდეებისა და კვლევის ახალი შედეგების მისაღებად და ძველის, ტრადიციულის გადასასინჯად.
რამდენად დაფასებულია სამეცნიერო საქმიანობა საქართველოში დღეს და რას მიიჩნევთ ამ რთული შრომის მთავარ კომპენსაციად?
ამ კითხვაზე პასუხი დღეს ცოტა არ იყოს, გამიჭირდება: თუ დაფასებაში გულისხმობთ სამეცნიერო საქმიანობისათვის ხელის შეწყობას, ვიტყვი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ 30 წლის განმავლობაში, პირველი ათეული წელი და ამ საუკუნის დასაწყისში ფინანსურ და ინტელექტუალურ კრიზისში მყოფი სამეცნიერო და სასწავლო ცენტრების სტიქიური დაშლისა და არცთუ გააზრებული რეორგანიზაციის პერიოდი დაიწყო; დაიშალა აკადემიის სამეცნიერო ინსტიტუტები და მათთან ერთად გაუქმდა სამეცნიერო დარგები… სამაგიეროდ, გამრავლდა კონკრეტულ მომენტში ფინანსურ სარგებელზე ორიენტირებული კერძო „უნივერსიტეტები“… ასეთ პირობებში შეუძლებელია ილაპარაკო განათლების სისტემისა თუ მეცნიერული კვლევების განვითარების ერთიან სახელმწიფოებრივ კონცეფციაზე და რაიმე შესაბამის მატერიალურ თუ მორალურ კომპენსაციაზე, გარდა იმისა, რომ არსებობს მცირე საშუალება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობისა. ამ მხრივ გამოირჩევა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი“, რომელიც საშუალებას იძლევა სამეცნიერო პროექტები წარადგინონ არა მხოლოდ შემდგარმა მეცნიერებმა, არამედ ახალგაზრდებმაც – სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა, დოქტორანტებმა. თუმცა, ამ ფონდის მუშაობაც ბევრი თვალსაზრისით დასახვეწია.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია სამეცნიერო სფერო დღეს ახალგაზრდებისათვის?
როგორ გითხრათ: ეს ისევ და ისევ ახალგაზრდის ინტერესს უკავშირდება. დღეს ახალგაზრდები უფრო პრაგმატულნი არიან. პრაქტიკულ სპეციალობებს და საგნებს ირჩევენ. მცირეა რაოდენობა იმათი, ვინც ჰუმანიტარული მეცნიერებების გზას ირჩევს: მაგალითად, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების სფეროში მეცნიერული მიმართულებით მუშაობას, ქართული და ქართველური ენობრივი სამყაროს შესწავლასა და კვლევას; ანდა, ვინც ძველი ქართული ტექსტების, ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებზე მუშაობით ინტერესდება. ეს მართლაც დიდ შრომას მოითხოვს – გარდა ძველი ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნისა, ძველი ბერძნული ენის, აღმოსავლური ენების ცოდნას… მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ ერთ ნაკადში ორი-სამი ამ სფეროთი გატაცებული და თავგამეტებული გონიერი სტუდენტიც კმარა იმისათვის, რომ დარგმა იარსებოს და განვითარდეს, შესაბამისად – განვითარდეს ჩვენი ეროვნული თვითშეგნების განცდა.
რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც სამეცნიერო სარბიელზე შეგხვდათ?
ბიუროკრატია და ინდიფერენტიზმი იმათგან, ვისაც ეს საქმე ეხებოდა. ასევე, ტრადიციის გავლენა და დოგმატიზმი მეცნიერებაში.
გარდა სამეცნიერო საქმისა, პარალელურად გიწევდათ ოჯახზე, შვილებზე ზრუნვა, რაც, ალბათ, არანაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. როგორ ახერხებდით ამ ყველაფრის შეთავსებას და დაბალანსებას? და არის თუ არა ამ სირთულის დაძლევა ქალისათვის უფრო რთული, ვიდრე მამაკაცისათვის?
რა თქმა უნდა, ეს პრობლემები, საზოგადოდ, ქალისთვის უფრო რთული დასაძლევია გასაგები მიზეზების გამო. ხშირად, დღე რომ არ მყოფნიდა, ლექციების შემდეგაც, ოჯახური საქმეებისაგან დაღლილს, ღამეები მითენებია ჩემს სამეცნიერო სტატიებსა თუ წიგნებზე მუშაობისას. მაგრამ დიდი მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ საქმეს მიადვილებდა ჩემი ოჯახის წევრების თანამონაწილეობა და დახმარება.
როგორ ფიქრობთ, რა ხდება გადამწყვეტი პირობა იმისათვის, რომ ადამიანმა ცხოვრება სამეცნიერო სფეროს დაუკავშიროს? რამდენად დიდ როლს ასრულებს თუნდაც ოჯახური ტრადიცია ამ დროს? თუ ფიქრობთ, რომ ემსახურო მეცნიერებას – ეს არის მოწოდება?
როცა პიროვნების არჩევანს ოჯახური ტრადიციაც ახლავს, პრობლემების დაძლევა უფრო ადვილდება, რადგანაც ნიადაგი მომზადებული აქვს და ჩვეულ და ნაცნობ გარემოში კომფორტულად გრძნობს თავს. მაგრამ ეს არ კმარა, თუ ადამიანი ბავშვობიდანვე გამომძიებელი გონების ვარჯიშსა და შრომას არ არის მიჩვეული. ახალგაზრდას, თუ იგი ნამდვილად „მოწოდებული მკვლევარია“ და დილით იმ აზრით იღვიძებს, რომ წუხანდელი ნაფიქრი გააგრძელოს, წინააღმდეგობები და ცხოვრებისეული გამოცდები არ უნდა აშინებდეს და არ უნდა აბრკოლებდეს. ამიტომ, მგონია, რომ ყველაზე გადამწყვეტი მაინც სიყვარული და ინტერესია, რაც, ჩემი აზრით, ადამიანს მოსვენებას არ აძლევს და მეცნიერების რთულ ლაბირინთებში მოგზაურობისაკენ უბიძგებს და მოუწოდებს.