თავისუფლება როგორც ციხესიმაგრე | ინტერვიუ თამთა მელაშვილთან

თამთა მელაშვილის მესამე რომანი და 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლიტერატურული ტექსტი ‒ „შაშვი შაშვი მაყვალი“ ‒ პანდემიის კარჩაკეტილობაში დაიწერა. ავტორი ამბობს, რომ უბრალოდ არ იცოდა სხვა რა უნდა ეკეთებინა. როგორც კი წიგნს წაიკითხავ, მაშინვე იმას გაიფიქრებ, რომ კიდევ კარგი, ამ ტექსტის დასაწერად დრო და განწყობა გამოიძებნა.

რომანის მთავარი გმირი, შუახნის მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქში ცხოვრობს და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უდრტვინველ ყოველდღიურობას მოულოდნელი ინციდენტი ყირაზე აყენებს.

ამბავს ეთერო ყვება, პირველ პირში. მისი მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილება, სანუკვარი თავისუფლება და მშვიდ სიბერეზე ნუგეშივით გადანახული ოცნება თან მთავარი ამბავია ამ წიგნში და თან მხოლოდ ერთი, ისიც რიგითი ხაზი. პროვინციული ქალაქის უძრავი და ინერტული ყოფა ათასგვარი სოციალური თუ პიროვნული დილემის წინაშე აყენებს რომანის მთავარ გმირს და მკითხველს მის უპირობო გულშემატკივრად აქცევს.

ეთეროსთან ერთად აფიქრებს, აოცნებებს და მასთან ერთად გამოაცლის ყველა საყრდენს თავსდამტყდარი მოულოდნელობით.

დანარჩენი წიგნშია და თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, წინ დიდი სიხარული გელით.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რა შეგრძნებები, რა ემოციები უკავშირდება განვლილ ბოლო თითქმის ორ წელს, სოციალურ იზოლაციას?

მგონი, ყველანაირი შეგრძნება და ემოცია გამოვცადე ‒ უკიდურესი სასოწარკვეთიდან დაწყებული, პატარა სიხარულებით ტკბობის უკეთ დასწავლით დამთავრებული. ასე კონკრეტულად ჩემს ცხოვრებაში რა შეცვალა ‒ ახლა ვერ ვიტყვი. ალბათ, მეტი დრო უნდა გავიდეს, რომ ვიცოდე და უკეთესი სახელდება გავაკეთო, ვიდრე ახლა შემიძლია. თუმცა, ფაქტია, რომ რაღაც ჩვენს ცხოვრებაშიც, ქვეყანაშიც და გლობალურადაც ‒ შეიცვალა, მაგრამ ბევრი რაღაც იგივე დარჩა. იყო რაღაცებიც, რისი უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინიც გვქონდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

რამდენად აქტიურად წერთ ამ ეტაპზე?

ახლა არ ვწერ, ახლა ახალ რომანზე ვფიქრობ, ოღონდ ჯერჯერობით ფრაგმენტულად. „შაშვი შაშვი მაყვალის“ წერა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა. იმ პერიოდში სხვა არაფერი არსებობდა ჩემთვის. წინა რომანებისგან განსხვავებით, ამ ტექსტისგან დისტანცირებასაც შედარებით დიდი დრო დასჭირდა, თუმცა ამ ეტაპსაც გადავაბიჯე. ახლა ახალი რომანების გმირებს უფრო ახლოს ვხედავ, ვიდრე „შაშვის“ მთავარ გმირს ‒ ეთეროს, რომელიც საკმაოდ დიდხანს მყავდა გვერდით.

ახალი წიგნით თუ ვიმსჯელებთ, პანდემიის პერიოდი პროდუქტიული იყო წერის თვალსაზრისით ‒ ამ პერიოდს დაემთხვა თუ პირიქით, ამ პერიოდმა განსაზღვრა ახალ მნიშვნელოვან ტექსტზე მუშაობა?

შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ განსაზღვრა. ამ რომანის წერა პანდემიის დასაწყისშივე დავიწყე. ოთხ კედელში გამოკეტილმა უბრალოდ არ ვიცოდი სხვა რა უნდა მეკეთებინა. მქონდა იდეა და წერის პირობები. ჩემს პრივილეგიას პირობებთან დაკავშირებით სრულიად ვაცნობიერებ. ბევრ ქალ ავტორს პანდემიაში, გაორკეცებული საოჯახო შრომისა და შვილებზე ზრუნვის გამო, წერის საშუალება არ ჰქონია.

რა გარემოში წერთ? რა გჭირდებათ იმისთვის, რომ წეროთ? არის თუ არა კონკრეტული გარემო წერის აუცილებელი პირობა? ან განწყობა? თუ ერთგვარი ჩვევა ხდება წერა რაღაც ეტაპზე?

განსაკუთრებული მოთხოვნები, რიტუალები და აკვიატებები წერის დროს არ მაქვს, თუმცა საკუთარ თავზე დაკვირვებამ აღმომაჩენინა, რომ დილის საათებში უფრო ვწერ და ოთახში მაინც, თუ სახლში არა, მარტო უნდა ვიყო. წერისთვის თავისუფალი დრო და საკუთარი, პირადი სივრცე ის ძირითადია, რაც ყველა ავტორს სჭირდება. რამე კონკრეტული წესები, მგონია, რომ წერისთვის არ არსებობს. ყველა ავტორმა თვითონ უნდა იპოვოს თავისი „წესი“, თავი რომ კომფორტულად და ჰარმონიულად იგრძნოს.

რამდენ ხანს წერდით ბოლო რომანს? როგორ გახსენდებათ მუშაობის პროცესი?

დაახლოებით ათი თვე. წერის პროცესი ყოველთვის კარგად მახსენდება. ძალიან მიყვარს ეს მდგომარეობა ‒ წერით შეპყრობა, როცა სხვა უფრო მნიშვნელოვანი არაფერი ხდება შენს ცხოვრებაში. თუმცა, ეს არაა მარტივი და ერთგვაროვანი პროცესი. საკმაოდ რთულია და ემოციურადაც დატვირთული.

რამ განსაზღვრა ამ რომანის თემატიკა?

ყოველთვის ძალიან მაკლდა შუახნის ქალები ლიტერატურულ ტექსტებში. ამას განსაკუთრებულად მაშინ მივაქციე ყურადღება, როცა შუახნის ასაკს მეც მივუახლოვდი. ამიტომ რაც მაკლდა, მისი გამოგონება თავად გადავწყვიტე. პრინციპში „შაშვი“ საკუთარ თავსაც დავუწერე. ეს ის ტექსტია, რომლის წაკითხვა მე თვითონაც მინდოდა.

როგორ აღიქვამთ რომანის მთავარ გმირს ‒ როგორც ავტორი; როგორც მკითხველი; როგორც ქალი?

მიყვარს. და ძალიან მიხარია, როცა იგივეს მკითხველი მეუბნება, ვისაც ეთერო უყვარდება. ეთერო არაა ერთმნიშვნელოვნად ჩაგრული ქალი. კი, მის თავზე ბევრი წნეხია და გარშემო ბევრი საფრთხე, მაგრამ მას თავად აქვს შექმნილი პატარა სივრცეები, სადაც თავისუფლებით ტკბობა შეუძლია. ეთეროს მარტოობითაც შეუძლია ტკბობა. ძალიან მიხარია, როცა ამასაც ამჩნევს მკითხველი, რომ მარტოობა ზოგიერთი ადამიანისთვის ტრაგედია არაა, როგორც ამას კულტურა გვასწავლის ხოლმე. პირიქით ‒ თავისუფლების, სიამოვნების, თვითრეფლექსიის საშუალება შეიძლება იყოს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ბევრმა წაიკითხა თქვენი ახალი წიგნი. მერე მათი რჩევით კიდევ სხვებმა წაიკითხეს და ბევრმა დაწერა და ილაპარაკა ამ წიგნზე. როგორ ფიქრობთ, რატომ მოეწონათ ეს წიგნი? რა იპოვეს მასში?

მიხარია, რომ წიგნი ძალიან სხვადასხვანაირ ადამიანებს მოეწონათ. სტატუსითაც, მდგომარეობითაც. ამას ნამდვილად არ ველოდი. ალბათ, ყველასთვის ნაცნობი მაინც ის მდგომარეობაა, რომელიც მთავარ გმირთან ძალიან გამოკვეთილია ‒ სათავისოდ და სასხვისოდ, სხვის დასანახად ცხოვრება. ხშირად სხვის დასანახად ცხოვრება იმდენად ყოვლისმომცველი ხდება ხოლმე, რომ სხვა დანარჩენისთვის ადგილი აღარ რჩება. ალბათ, ეს ეცნო და ეს მიიტანა ყველაზე ახლოს გულთან მკითხველმა.

სად პოულობთ შთაგონებას?

ეს ჩემთვის ძალიან არაცნობიერი პროცესია და არ ვიცი. ვერ გაგცემთ ზუსტ პასუხს.

კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ?

მგონია, რომ ჯანსაღად. კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ავტორისთვის, მით უმეტეს, ჯანსაღი კრიტიკა.

ბევრს კითხულობთ?

კი, ვკითხულობ. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კითხვა და მგონია, რომ კარგი მკითხველი ვარ. ძირითადად თანამედროვე ლიტერატურას ვკითხულობ. არ ვიცი ადამიანმა რა უნდა აკეთოს იმაზე უკეთესი, ვიდრე მხატვრული ლიტერატურის კითხვაა.

რას ეძებთ ხოლმე წიგნში და როდის ხდება წიგნი თქვენი საყვარელი წიგნი და მწერალი ‒ თქვენი საყვარელი ავტორი?

სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტექსტი იყო ჩემთვის ყველაზე საყვარელი. ძალიან მიყვარს, როცა წიგნის წაკითხვა ცხოვრებაში განსაკუთრებულ მომენტს ემთხვევა ‒ როცა წიგნი და ეს მომენტი თანხვედრაშია ერთმანეთთან და ძალიან ბევრ რამეზე გეხილება თვალი. ამ დროს წიგნი იმაზე მეტს გასწავლის, ვიდრე, თუნდაც, საკუთარი გამოცდილება. ასეთი წიგნი ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე იყო, მაგრამ ყველაზე პირველი ელფრიდე იელინეკის „საყვარლები“ მახსენდება. ეს წიგნი ახლა რომ ჩამვარდნოდა ხელში, ისეთი შთამბეჭდავი და გონზე მომყვანი ვერ იქნებოდა, როგორც ათი წლის წინ, იმ განსაკუთრებულ მომენტში, როცა პირველად წავიკითხე.

შეგიძლიათ დაიწყოთ წიგნის კითხვა და მიატოვოთ, თუ არ მოგეწონათ?

რა თქმა უნდა. ძალიან ბევრია ასეთი წიგნი, მათ შორის კლასიკაც, მათ შორის აღიარებული და ცნობილი მწერლების ტექსტებიც. თუ ტექსტი არ მომწონს, მასზე დროს ნამდვილად ვერ დავკარგავ. დრო კი, წლებთან ერთად, ძალიან ძვირფასი ხდება ჩემთვის. გარდა ამისა, კითხვა ჩემთვის ძვირფასი სიამოვნებაა და მას ტანჯვად ნამდვილად ვერ გადავაქცევ.

ეთანხმებით და აღიარებთ თუ არა მწერლების დაყოფას მამაკაც და ქალ ავტორებად?

კონტექსტს გააჩნია. მეტწილად გვიწევს ამ დაყოფის გაკეთება იმ არათანაბარი პირობების გამო, რაშიც ქალები და კაცები ვართ, მათ შორის ლიტერატურაშიც.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რაზე წერენ ქალები უკეთ, ვიდრე კაცები?

ქალები ქალებზე უკეთ წერენ. ქალები იცნობენ საკუთარ თავსაც და კაცებსაც. ზოგადად, უკეთ იცნობენ ადამიანებს. კაცები მეტწილად მხოლოდ საკუთარ თავს იცნობენ და შესაბამისად, რაც გამოსდით, საკუთარ თავზე წერაა.

რამდენად მნიშვნელოვანია თვითორგანიზება ნებისმიერ საქმეში და, მათ შორის, ხელოვნებაშიც?

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში, მით უმეტეს, ჩვენს კონტექსტში და გარემოებებში. თავისთავად, მნიშვნელოვანია ხელოვნებაშიც და მგონია, რომ ამ მხრივ, მწერლები ყველაზე თვითორგანიზებული ჯგუფი ვართ.

მუზა არსებობს?

არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს.

რა უნდა იყოს ის მთავარი ორიენტირი, რაც ნებისმიერ ფასად, ყველანაირ მოცემულობაში უნდა შეინარჩუნოს ქალმა, ნებისმიერი წნეხის თუ ბარიერის პირობებში?

ამის მზა რეცეპტი ვერ იარსებებს. არსებობს სიტუაციები, როცა „ნებისმიერ ფასს“ ან „ყველანაირ მოცემულობას“ აზრი ეკარგება. ქალად ყოფნა არაა ადვილი და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს, პირველ რიგში, ქალებს.

რას ეტყოდი იმ ქალებს, ვისაც ეშინია, ვისაც გამბედაობა არ ჰყოფნის?

ამ შემთხვევაშიც სიტუაციას გააჩნია. ყველა ქალს, მიუხედავად სტატუსისა და მდგომარეობისა, როგორც ქალს ‒ რაღაცის ეშინია და რაღაცისთვის გამბედაობა არ ჰყოფნის. თუმცა, მგონია, რომ ამის გადასალახავად ძალას ყოველთვის ვპოულობთ ხოლმე. სხვანაირად ვერც გადავრჩებოდით.

როგორ ფიქრობთ, სხვების აღქმით განსხვავებული ან უცნაური ხართ? და უპირობოდ გულისხმობს ხელოვნება ამ განსხვავებულობას?

ვიღაცისთვის ვარ უცნაური, ვიღაცისთვის ძალიან ჩვეულებრივი ვარ. უფრო სტერეოტიპი მგონია, რომ ხელოვანი უცნაური უნდა იყოს და ზოგიერთი ირგებს კიდეც ამ სტერეოტიპს მშვენივრად, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ვისაც როგორ უნდა, ისე მოიქცევა და ისე გაუკეთებს საკუთარ თავს რეპრეზენტაციას.

წიგნის სათაური, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდა“, თუმცა ორიგინალში არა აქვს ასეთი შთამბეჭდავი სათაური, როგორც ქართულ თარგმანში.

რა ასოციაციები გქონდათ ბავშვობაში სიტყვა „მწერალთან“ დაკავშირებით?

არ მახსოვს. არა მგონია რამე განსაკუთრებული ასოციაცია მქონოდა. არასოდეს მიფიქრია, მით უმეტეს, ბავშვობაში, რომ მწერალი ვიქნებოდი და ალბათ, ამიტომაც არ მიმიბამს ამ სიტყვაზე რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა.

გჭირდებათ გარკვეული რუტინა წონასწორობისთვის?

ძალიან მინიმალური. მაგალითად, დილით ყავის დალევა სიმშვიდეში.