ახალი ლიბერთისთვის | ინტერვიუ თამარ მეგრელიშვილთან

ზუსტად 20 წელი ხდება, რაც მარკეტინგშია. ამ საქმეში ერთდროულად ხედავს მეცნიერებას და ხელოვნებას. ბუდაპეშტში მარკეტინგის მიმართულებით მაგისტრატურის გავლის შემდეგ, კიდევ უფრო მტკიცედ დარწმუნდა, რომ ეს ზუსტად ის არის, სადაც საკუთარ თავს ხედავს და რაც მთავარია, ამდენი წლის შემდეგაც არ ჰბეზრდება.

ინტერვიუზე მისულს, გამომიტყდა, რომ კომუნიკაციებში მისი გამოცდილების გამო თვითპრეზენტაციისას ზედმეტად კრიტიკულია. უკვე მესაინტერესოება ჩემი რესპონდენტი ‒ ყველას პატივს ვცემ, ვისაც საკუთარ თავზე გულწრფელად გაღიმება გამოსდის.

მეც მაღიმებს.

ყველაზე დიდი გამოწვევის შესახებ კითხვაზე კურიოზსაც მიყვება, რომ დიდ ბრიტანეთში, Royal Mail-ში სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით პროექტის დირექტორად დაიწყო მუშაობა. სულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც შეხვედრის მთავარი შედეგები უნდა ჩაენიშნა და შემდეგ, ანგარიშის სახით 300 ათასი სტეიკჰოლდერისთვის გაეგზავნა, მსჯელობა ისეთი სპეციფიკური, ტექნიკური და მისთვის სრულიად უცხო აბრევიატურებით წარიმართა, რომ როგორც თვითონ იხსენებს ‒ „არცერთი სიტყვა არ იყო ჩემთვის ნაცნობი და ფაქტობრივად ამ შეხვედრაზე თითქოს არც ვყოფილვარ“. თუმცა, არ გატყდა, კოლეგები დაიხმარა და როცა 8 თვის შემდეგ პროექტი წარმატებით დაიხურა, „ყველაზე სასიამოვნო თანამშრომლობისთვის“ მადლობებით დაემშვიდობნენ.

ემიგრაციაში სამჯერ წავიდა და საქართველოში სამჯერვე დაბრუნდა.

პირველად სამსახური თბილუნივერსალბანკში ელოდა. შემდეგ საქართველოს ბანკის ბრენდი შექმნა და პირველი IPO-ს გამოცდილებაც მიიღო. ბოლოს ‒ ახალი ლიბერთის პერსპექტივამ მოხიბლა.

რატომ? ‒ ამ კითხვაზე პასუხი Forbes Woman-ის მთავარი თემის ამბავია. ამ პასუხის უკან კი გამოცდილი მარკეტერის ახალი დიდი გამოწვევა დგას.

ინტერვიუ პირველ ქალ მარკეტერ ბანკირთან, თამარ მეგრელიშვილთან ჩავწერე.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რატომ ლიბერთი?

ბოლო 10 წელი ემიგრაციაში გავატარე. როცა დგებოდა „რა იქნებოდა, რომ“ (What if) მომენტი, ჩემს ფიქრებში მომდევნო პროექტად ხშირად ამოდიოდა ლიბერთი. ვფიქრობ, რომ ამ მასშტაბის ცვლილება, რომელიც ლიბერთის რებრენდინგს მოჰყვება და ის პოზიტიური ეფექტი, რომელსაც უკვე ეს ცვლილება მოუტანს მომხმარებელს მთელს ქვეყანაში – ძალიან საინტერესოა და ამ პროცესის მონაწილე მინდოდა ვყოფილიყავი.

რა არის მთავარი ცვლილება?

პირველ რიგში, ეს ცვლილება არის ადამიანების აღქმაში, რომელიც კონკრეტული ქმედებების თუ პროცესების განხორციელების შემდეგ აუცილებლად მოხდება. ცვლილება ასე თავისით, ბუნებრივია, არ მოვა. ბრენდის ახალი იდენტობა უნდა შეიქმნას, პარალელურად დაინერგოს ახალი პროდუქტები, სერვისი, შეიქმნას ახლებური სივრცეები, კომუნიკაციის არხები და სტილი, დამოკიდებულებები.

რა პროცესის წინაშე დგახართ?

პროცესი ერთი მხრივ, რთულია, მაგრამ მეორე მხრივ – ადვილიც, რადგან გვაქვს მიზანი და ზუსტი ხედვა, სად გვინდა, რომ მივიდეთ. ბრენდი არის ამბავი, რომელსაც კომპანია ჰყვება – ეს არის მომხმარებლისთვის, თანამშრომლისთვის, საზოგადოებისთვის, საკუთარი თავისთვის მიცემული დაპირება. რა თქმა უნდა, ამბავს ამყარებს – ბრენდის ატრიბუტები, იქნება ეს ლოგო, მომხმარებლის გამოცდილება, პროდუქტები თუ სერვისები, საკომუნიკაციო პლატფორმა.

ნულიდან იწყებთ?

არა, რა თქმა უნდა, ნულიდან არ ვიწყებთ. ლიბერთი ძალიან ძლიერ საწყისებზე დგას – პირიქით, კარგი პოზიციიდან ვაგრძელებთ – ყველაფერი გვაქვს: ძლიერი ინფრასტრუქტურა, ფართო ქსელი, თანამედროვე ციფრული არხები და რაც ყველაზე მთავარია, გვყავს გუნდი, რომელსაც აერთიანებს ღირებულებები და ერთი ხედვა, ერთი ფილოსოფია.

რევოლუცია თუ ევოლუცია?

ევოლუცია – პატარა რევოლუციური გადახრებით და ისიც, ძირითადად, კრეატიულობის ნაწილში. გვესმის – ქვეყანაში სიდიდით მესამე, სისტემური ბანკი ვართ, რომელიც ემსახურება 1.6 მილიონ ადამიანს, მაგრამ რეალურად დიდ ბანკებზე რვაჯერ პატარები ვართ და სწორედ ამიტომ ჩვენი რესურსიც კრეატიულად უნდა მივმართოთ.

ახალი ლიბერთი – ახლა ამ ფრაზას ამკვიდრებთ – რა იქნება ახალი?

თითქმის ყველაფერია ახალი. როგორც აღვნიშნე, ახალი გუნდი, ახალი ღირებულებები, ახალი სტრატეგია, ახალი სეგმენტების საჭიროებებზე მორგებული განახლებული პროდუქტების სერია, როგორც საცალო, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელი, ტრანსფორმაციის გრძელვადიანი პროგრამა. ასევე, ჩვენ კორპორაციული პასუხისმგებლობის ახალი სტრატეგია დავაანონსეთ: ვთქვით, რომ შეიქმნება სპეციალური CSR-საბჭო, სადაც ტოპ მენეჯმენტის გარდა, გადაწყვეტილებებს მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ სეგმენტებისა და სექტორების წარმომადგენლები, რომელთა ხმაც უმნიშვნელოვანესია, რომ ისმოდეს. ამით უფრო მიზნობრივი იქნება ის რესურსი, რასაც CSR–ზე მივმართავთ და უფრო ეფექტურად, გრძელვადიან შედეგებს მოვუტანთ საზოგადოებას. ჩვენი მომხმარებლების დაკვეთაც არის, რომ სწორედ მათთან ერთად შევქმნათ ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის. ეს მიდგომა პროდუქტებზეც გავრცელდება. სულ მალე ლიბერთის მომხმარებლებს ექნებათ უნიკალური ბარათი, რომელსაც არ აქვს ანალოგი არც ამ ქვეყანაში და არც ამ რეგიონში. კვლევისა და მსოფლიო გამოცდილების გააზრების შედეგია ის, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავუუმჯობესოთ ჩვენს მომხმარებელს ცხოვრება და შევთავაზოთ გადახდის ისეთი ხელსაწყო, რომელიც თან გაამარტივებს საკრედიტო პროდუქტის მოხმარებას და თან დიდ სარგებელს დაუბრუნებს მის მომხმარებელს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რა კორპორაციული ღირებულებების მატარებელია ლიბერთი?

ლიბერთის ღირებულებები ჩვენ არ გვიკარნახია. ჩვენ აზრი ვკითხეთ როგორც არსებულ მომხმარებელს, ასევე პოტენციურ მომხმარებელს – ზუსტად ვიცით, რა განსხვავებაა დღეს მათ სურვილებსა და არსებულ ბრენდს შორის. არაერთხელ გამოვკითხეთ ბრენდის მიმართ აღქმები და დამოკიდებულებები ჩვენს თანამშრომლებს, მენეჯმენტს და შევთანხმდით იმაზე, რომ ლიბერთი იქნება მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი (დღესაც არის და გვინდა, ასეთად დარჩეს), პასუხისმგებლიანი და ინოვაციური, რაც იმას მოიაზრებს, რომ თანამედროვეობას არ უნდა ჩამოვრჩეთ და ახალი პროდუქტები და პლატფორმები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. რაც განგვასხვავებს ალბათ ბაზარზე ის არის, რომ ერთი ახალი კომპონენტი, რომელიც ჩვენი ბრენდის ღირებულებებს დაემატა – ეს არის მზრუნველი. ეს კომპონენტი შეიძლება, ზოგადად, ბანკთან მიმართებით დამკვიდრებული არ არის – მაგრამ გამომდინარე სწორედ იმ პასუხისმგებლობიდან და იმ ადამიანებიდან, რომლებსაც ჩვენ ისტორიულად ვემსახურებით, ჩავთვალეთ, რომ დროა, ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მაღალ რეგისტრში ავიყვანოთ.

ტრადიციული სეგმენტიო, თქვენვე ახსენეთ და აქვე გკითხავთ, რამდენად ადვილია თქვენთვის თქვენი საქმის შესრულება, როცა იცით, რომ მომხმარებელთა დიდი ნაწილი უფროსი თაობის წარმომადგენელია – ვისაც უკვე ჩამოყალიბებული ჩვევები და დამოკიდებულებები აქვს და შესაძლოა, არც სიახლის მიღებისთვისაა ბოლომდე ღია?

ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, მოვემსახუროთ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი აზრით ყველაზე მეტად სჭირდება დაფასება და ყურადღება. რაც შეეხება, სიახლეების მიღებას – აქ ვერ დაგეთანხმებით: პანდემიის პირობებში, როცა ლოქდაუნი გამოცხადდა და დახურულ სივრცეებში შეზღუდვები დაწესდა, დავდექით იმ გამოწვევის წინაშე, რომ ტრადიციული არხები, მეტ-ნაკლებად მაინც, ციფრული არხებით ჩაგვენაცვლებინა. ნებისმიერ ფასად, ჩვენთვის უმთავრესი ამოცანა და საზრუნავი იყო უფროსი თაობის ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. კოლოსალური სამუშაო გავწიეთ, მათ შორის, ჩვენი ათასობით წინა ხაზის თანამშრომელი ადგილზე ამეცადინებდა ჩვენს მომხმარებლებს დისტანციური არხების მოხმარებაში. ამას დავუმატეთ სწორი კომუნიკაცია და სწორი მიდგომა, პროცესში ჩავრთეთ ახალგაზრდებიც და საბოლოოდ, მოკლე დროში და ეფექტურად შევძელით ის, რომ უფროსი თაობის ადამიანებს ახალი ჩვევები შევძინეთ.

და მაინც – განვითარებად ქვეყანაში ბანკები დიდად არ უყვართ – გასაგებიცაა, უფრო ვალის ინსტრუმენტად აღიქმება, ვიდრე დოვლათის დაგროვების – ამ გამოწვევას როგორ პასუხობს და როგორ უპასუხებს ლიბერთი?

მხოლოდ ლიბერთი ამ გამოწვევას ვერ უპასუხებს. თუმცა, ძალისხმევას არ ვაკლებთ: ვთანამშრომლობთ სხვა ბანკებთან, არსებობს ისეთი ერთობლივი სივრცეები, კომიტეტები, სადაც სწორედ მსგავს საკითხებს განვიხილავთ. ფინანსური განათლების კუთხით, მნიშვნელოვნად ვთანამშრომლობთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ლიბერთის განსაკუთრებით სჭირდება, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს და კარგად ესმოდეს, როგორც სესხის აღების და დაფარვის პროცედურები და პირობები, ასევე დაგროვების შესაძლებლობებიც.

ქალი მენეჯერი – მნიშვნელოვანი აქცენტი ამ ჟურნალისთვის. რას ნიშნავს თქვენთვის Forbes Woman-ის ყდაზე მოხვედრა?

ეს ჩემთვის დიდი პატივიც არის და დიდი პასუხისმგებლობაც. ეს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მაქვს ჩემი კომპანიის წინაშე, ჩემი გუნდის წინაშე, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. მეორე მხრივ, ეს იმის ნიშანიც არის, რომ აქამდე სწორი გზით ვიარეთ. ამასთან, რა დაპირებებსაც დღეს გავცემთ ჩვენ – მთელი გუნდი, ამ ყველაფერზე კი თქვენს მკითხველს მომავალში ანგარიში უნდა ჩავაბაროთ – ესეც პასუხისმგებლობაა. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ გოგოების და ქალების წინაშეც, ვინც თქვენს გამოცემაში გარკვეულ ინსპირაციასაც ნახულობს, რომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლია შენით, ისე რომ არავინ დაგეხმაროს – საკუთარი ცოდნით, თუ მონდომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

რთულია თვითდამკვიდრება?

საქმიან გარემოში გამიმართლა. მეორე მხრივ, ბავშვობიდან სათხილამურო სპორტით ვიყავი დაკავებული პროფესიონალურ დონეზე და შესაბამისად, ბუნებრივად მაქვს გამომუშავებული უნარი, რომ გენდერულ განსხვავებებს დიდი მნიშვნელობა თავად არ მივანიჭო. ბუნებრივად ვერგები იმ ოთახს თუ სივრცეს, სადაც კაცებიც არიან. სხვათა შორის, ევროპის უდიდეს კომპანიებში ჩატარებულ 2020 წლის კვლევას გავეცანი – 668 კომპანია გამოიკვლიეს გენდერული ინდექსის მიმართულებით – ევროპაშიც კი ქალების მხოლოდ 17%–ია, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებ ოთახებში, მაგიდასთან სხედან ან თავად იღებენ გადაწყვე­ტილებებს. და კიდევ უფრო მცირეა იმ ქალების რაოდენობა, ვინც ტოპ მენეჯერულ პოზიციებზე არიან – CEO-ები. თუმცა ეს კვლევაც, ჩვენი ეს დიალოგიც და, ზოგადად, Forbes Woman-ის არსებობაც ხომ იქითკენ არის მიმართული, რომ ქალების წარმომადგენლობა გაიზარდოს და ამ თემაზეც ღიად ვისაუბროთ – რაც ძალიან კარგია და ამ მიმართულებით პროგრესის ნიშანია.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

როგორ ფიქრობთ, მარტივდება ეს პროცესი?

თვითდამკვიდრება რთულია, ზოგ ქვეყანაში განსაკუთრებით – მათ შორის, ჩვენთან. ბევრი რამ მოქმედებს ამაზე – განწყობები, აღქმები, გამოცდილებები, ნაწილობრივ აზიური გავლენები, ტრადიციები – რაც უფრო შორს გავდივართ ქალაქიდან, მით უფრო ღრმაა ეს გავლენები – კონკრეტული სტიგმები და სტერეოტიპები. თუმცა, უდავოა, რომ წინ მივდივართ და მსოფლიოც წინ მიდის. თუკი წამყვან ევროპულ ქვეყნებში გენდერულ საკითხებზე უკვე ძალიან ხმამაღლა საუბრობენ, ყვირიან კიდეც – ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 5–6 წელიწადში, ეს ხმა ჩვენთანაც აუცილებლად ხმამაღლა გაისმება.

თქვენს ბანკში როგორი გარემოა ამ თვალსაზრისით?

ლიბერთი აბსოლუტურად განსხვავებული ორგანიზაციაა ძალიან ბევრი იმ ორგანიზაციისგან ყველა ქვეყანაში, სადაც მიმუშავია. არ მინდა, კომპლიმენტებად ჩამეთვალოს, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივია „სპონსორდება“ CEO-სგან და ბორდისგან. გენდერული თანასწორობა, და არა მხოლოდ, ზოგადად, თანასწორობა, ამ ბანკში უფრო დიდი სურათის ნაწილია – როგორი კომპანია გვინდა რომ გვქონდეს. აქ პირველ რიგში ფასდება პროფესიონალიზმი, გადაწყვეტილების მიღების უნარი, ინიციატივა, ცოდნა – თავის გამოჩენის სხვა ფორმები, გუნდურობა და ყველაფერი ის, რაც მენეჯერს უნდა ახასიათებდეს. რაც უფრო მრავალფეროვანია ჩვენი გუნდის წევრების გამოცდილება, მით უფრო საინტერესო იქნება შედეგები და ეს ვფიქრობ, ჩვენი კულტურის ის ნაწილია, რომელსაც აქტიურად ვნერგავთ. ასევე, ჩვენ ვართ UN Women WEPs-ის პრინციპების ხელმომწერი ერთ-ერთი პირველი კომპანია საქართველოში, რაც, პირველ რიგში, ლიდერი ქალების მხარდაჭერას და გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

კვლევები ახსენეთ და მეც მაქვს წაკითხული ბევრი კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ ქალები კაცებზე ნაკლებრისკიანი არიან და ამიტომ ჩამორჩებიან მათ კონკურენციაში. ეთანხმებით?

არა, მე არ მიმაჩნია, რომ რისკიანობა ყველა შემთხვევაში არის ძლიერი მხარე. მხოლოდ ამ ნიშნით ვერ განსაზღვრავ წარმატებას ან წარუმატებლობას. ზოგჯერ, პირიქით, თანმიმდევრულობა და სიმშვიდე უფრო დაგიფასდება.

ბევრი რისკიანი გადაწყვეტილება მიგიღიათ?

დიახ, პირად ცხოვრებაში. მარტო ერთი სამჯერ წავედი ემიგრაციაში – სამჯერ ჩავალაგე ჩემოდანი და სამჯერ წავედი.

მიუხედავად იმისა, რომ აქ შემდგარი ადამიანი იყავით?

დიახ.

რატომ წახვედით?

თითქოს არ მყოფნიდა მასშტაბი. მაინტერესებდა, სხვაგან როგორ ხდება, რა შესაძლებლობებია, როგორი ვიქნები. გარდა ამისა – ვფიქრობდი, რომ ჩემი შვილისთვის ასე უფრო საინტერესო ცხოვრებას შევქმნიდი.

მაგრამ ყველა ჯერზე დაბრუნდით, არა?

დიახ, ამ ჯერზე ლიბერთისთვის დავრჩი. მაინტერესებს ამ გამოწვევას როგორ გავართმევ თავს.

თქვენს ძლიერ მხარედ რა მიგაჩნიათ?

მიყვარს დიდი სურათის დანახვა. ყოველთვის, როცა რაღაც კონკრეტულ, თუნდაც პატარა დავალებაზე ვმუშაობ ან ვფიქრობ – ყოველთვის ვითვალისწინებ, ჩემ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დიდ სურათში როგორი ეფექტი ექნება. ასევე, მოსმენის უნარი. მნიშვნელოვანია, რომ მენეჯერს ესმოდეს თავისი გუნდის, ასევე ყველას ჰქონდეს თანასწორობის განცდა. ვაფასებ და ძალიან მიყვარს, როცა ახალს ვსწავლობ ჩემი გუნდის წევრებისგან.

ვითდამკვიდრების ნაწილი რომ ამოვწუროთ ‒ რის მომხრე უფრო ხართ: განათლების გზით სვლის, თუ კორპორაციებში კვოტების შემოღების და ამ გზით ქალების წარმომადგენლობის ზრდის?

ორივე. ჯერ ერთი, არა მარტო ქალები უნდა განვანათლოთ, არამედ კაცებიც. ქალებისთვის კი კიდევ უფრო მეტი პლატფორმა უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ გოგოებმა და ქალებმა ისწავლონ საკუთარი უფლებები, შესაძლებლობები და ამ შესაძლებლობებზე წვდომა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

რამდენად კონკურენტული ბრენდია დღეს ლიბერთი და დაგეგმილი ტრანსფორმაციის კვალდაკვალ, როგორ გაიზრდება ამ ბრენდის ღირებულება?

დღეს ლიბერთი არის ძალიან კონკურენტული კომპანია და ბიზნესი – რომელსაც აქვს ძლიერი ინფრასტრუქტურა, აქვს მონაცემები, ჰყავს 1.6 მილიონი მომხმარებელი, აქვს შესაბამისი ბრენდის ცნობადობა, ჰყავს გუნდი, რომელსაც აქვს ახალი ხედვა სტრატეგია, მიზანი. მაგრამ როგორც ბრენდს, ვფიქრობ, განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება, რადგან მას როგორც ბრენდს, რომელსაც აქვს ახალი დაპირება, ახალი სული, ახალი tone of voice ‒ რეალურად ახლა ეყრება საფუძველი და ახალ ნაბიჯებს დგამს როგორც „ახალი ლიბერთი“, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს თავისი განსაკუთრებული ისტორია და წლების განმავლობაში დაგროვილი იმიჯი. ამიტომ, ყველაფერი წინ გვაქვს და იმედი მაქვს შევქმნით ისეთ ბრენდს, რომელიც დროს გაუძლებს.

მოთხოვნას პასუხობთ, ეს დაინახეთ და ამიტომ წამოიწყეთ ტრანსფორმაცია თუ პირიქით, აპირებთ შეცვალოთ ბრენდი და შემდეგ გააჩინოთ მასზე მოთხოვნა?

კომპლექსურია ეს საკითხი. ტრანსფორმაციის პროცესში ორივე მხარე მონაწილეობს. დიდი ცვლილებების მიზეზი პირველ რიგში ხედვის განახლება და ახლებური სტრატეგიული ფიქრი და აზროვნებაა. ამ პროცესშიც კი – ლიბერთის, როგორც ბრენდის ყველა დადებითი მხარე უნდა შენარჩუნდეს. თუმცა, დროს ხომ ვერ შევაჩერებთ? ამიტომ ერთდროულად გვიწევს როგორც არსებული მომხმარებლის დაკვეთის შესწავლა, ისე პოტენციური სეგმენტის განჭვრეტა და ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის გამორჩეული იქნება, მაგრამ არ დაკარგავს ბიზნეს-ფოკუსს და მიაღწევს, მათ შორის, ფინანსურად გამართულ შედეგებს და, რაც მთავარია, გამორჩეულ ამბავს მოჰყვება.

დღეს მონაცემები მეფობს. მონაცემთა ანალიზი ყველაფრის საფუძველია. ლიბერთის ეს მონაცემები აქვს – იყენებთ?

მარტივად რომ ვთქვა, დაგროვილი მონაცემები განვაახლეთ, ერთ ადგილას დავაგროვეთ, ვაანალიზებთ. პარალელურად ისეთ ხელსაწყოებს და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ვამატებთ, რომლებიც მომხმარებლის ქცევებსაც გვასწავლის და ამ ქცევებზე დაყრდნობით, მათთან კომუნიკაციასაც გაამარტივებს. ასე რომ გეთანხმებით, მონაცემების ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია, მარკეტინგის და კომუნიკაციის მიმართულებით ‒ განსაკუთრებით. ამასთან, ჩვენი ახალი სტრატეგიაც სწორედ მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული პროცესების, სერვისების და პროდუქტების შექმნას ითვალისწინებს ‒ ეს კი მონაცემების გარეშე შეუძლებელია.

ვისთვის არის ლიბერთი დღეს და ვისთვის იქნება მომავალში? როგორია ლიბერთის მომხმარებელი?

ლიბერთი დღესაც და მომავალშიც იქნება თავისი მომხმარებლისთვის. ეს არის ნებისმიერი ადამიანი. ჩვენი მისიაა გავაუმჯობესოთ ადამიანების, ოჯახების და მათი ბიზნესების ცხოვრება საქართველოში. მათ სჭირდებათ ფინანსური პარტნიორი, რომელიც ისე დაეხმარება ცხოვრების გაუმჯობესებაში, როგორც ამას თავად ხედავენ ‒ ფინანსური თუ არაფინანსური კუთხით. თუკი დღეს კონკრეტულ სეგმენტებს ვემსახურებით, ჩვენი ხედვაა, ეს მოცვა გაიზარდოს და ნებისმიერი ადამიანისთვის გვქონდეს შესაბამისი შეთავაზებაც, პროდუქტიც, სერვისიც, არხიც ‒ სადაც მათ მოუნდებათ ჩვენთან როგორც ბანკინგი, ისე კომუნიკაცია.

ანუ ეს ბანკი მომავალში იქნება არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი, მრჩეველი – ასეა?

დიახ, და მეგობარიც. მიზანი სწორედ ეგ არის.

რას უსურვებთ ლიბერთის და საკუთარ თავს?

დასახული მიზნების მიღწევას ‒ იმიტომ, რომ დანამდვილებით ვიცი, ეს სასარგებლო იქნება ჩემთვისაც, ლიბერთისთვისაც და ქვეყნისთვისაც.