ასეთი პატარა გოგო და უკვე დირექტორი?
“მე, მარიამ მამუკაშვილი ვარ, 25 წლის, კომპანია „Mega Holding-ის“ დამფუძნებელი. ხშირად ვმალავ ამას, რადგან უჭირთ დაიჯერონ, როგორ შეიძლება სრულიად მარტომ მართო კომპანია, დიდი გუნდითა და უამრავი პასუხისმგებლობით.
ჩემი ისტორია ბიზნეს სამყაროში 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც გადავწყვიტე, გავბედე და ჩემი იდეის განხორციელებას შევუდექი. ბევრ წინააღმდეგობას შორის, ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ფინანსური რესურსის არ ქონა წარმოადგენდა. საწყის ეტაპზე, არც თანამშრომლები მყავდა და სრულიად მარტო ვმუშაობდი სახლიდან, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცოდი – ყოველი შემდეგი დღე წინაზე უკეთესი უნდა ყოფილიყო. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზარდა და ჩამოყალიბდა „Mega Holding”, რომელიც დღეს 4000-ზე მეტი დასახელების, სხვადასხვა პროდუქციას უწევს რეალიზებას საქართველოს მასშტაბით.
ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან და მათი სურვილის შესაბამისად, უფასო საკურიერო მომსახურებით ყოველდღიურად მათთვის აუცილებელი და საჭირო პროდუქციით მომარაგებას უზრუნველვყოფთ.
ამჟამად ხუთი დეპარტამენტი გვაქვს. ესენია:
1)სახანძრო – უსაფრთხოების
2)სასტუმროების
3)საგანმანათლებლო
4)სპორტის
5)პირველადი მოხმარების სანიტარულ-ჰიგიენური პროდუქციის”.
მარიამ, მოგვიყევით „Mega-Holding-ის“ გუნდსა და მიზნებზე.
მარიამ მამუკაშვილი: „დაარსების დღიდან, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მყოლოდა გუნდი, რომელსაც ყოველდღე სამსახურში მოსვლა გაახარებდა და მოტივაციას მისცემდა. დიახ, ვფიქრობ, რომ წარმატება სწორედ ასეთ სიმარტივეებშია. ისეთი სამუშაო გარემო უნდა შექმნა, სადაც თავად იმუშავებდი დიდი სიამოვნებით. სხვა შემთხვევაში, არც გუნდის ჩართულობა და მუშაობის ხარისხი იქნება მაღალი და არც საბოლოო შედეგი – ეფექტური. შესაბამისად, ყველაზე მეტ დროს ჩემს თანამშრომლებთან ურთიერობას ვუთმობ.
რაც შეეხება კომპანიის მიზნებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლისთვის შევქმნათ კომფორტული გარემო. მარტივი გზა თქვენი კომფორტისთვის – ესაა ჩვენი სლოგანიც“.
რა გაძლევთ თქვენი საქმის კეთების მოტივაციას?
მარიამ მამუკაშვილი: „პირველ რიგში, წარმატება, შემდეგ კი ის გრძნობა, რომ მე ეს შევძელი. თავიდან არავის სჯეროდა ჩემი, არავინ ფიქრობდა რომ დამოუკიდებლად შევძლებდი კომპანიის დაარსებასა და მართვას, მაგრამ როდესაც ვხედავ შედეგს, ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. ზოგადად, მიღებული შედეგი ყველაზე დიდი მოტივაციაა, მაგრამ ამავე დროს, მხოლოდ შედეგით ტკბობა რომ არ გამოგვივიდეს, სულ უფრო მეტის კეთებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, მუდმივად გაზრდას და განვითარებას ვცდილობდეთ. ხშირად ვამბობ ხოლმე: ეს დასაწყისია, წინ კი იმაზე ბევრად მეტი შრომა მელის, ვიდრე აქამდე ყოფილა. საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება გუნდზეც გადადის. ეს კი ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვებაა“.
რა სირთულეებს უკავშირდება მრავალპროფილური კომპანიის მართვა?
მარიამ მამუკაშვილი: „ასე ვიტყოდი: თან ფრთხილი უნდა იყო, თან რისკიანი. თუმცა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ბევრი უნდა იფიქრო, თუ არ გარისკე, რთულია რამე გამოგივიდეს ბიზნესში, ამიტომ აუცილებელია ოქროს შუალედის დაცვა“
როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს მომხმარებელთან?
მარიამ მამუკაშვილი: „როგორც თანამშრომლებთან, ასევე ჩვენს მომხმარებლებთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. მუდმივ რეჟიმში ვეკითხები, არიან თუ არა კმაყოფილები პროდუქციით, რამეს ხომ არ შეცვლიდნენ და რა არის მათი საჭიროებები. ზოგადად, ვთვლი, რომ ყველა დამსაქმებელი ასე უნდა იქცეოდეს. სხვანაირად ვერ დაიდება შედეგი“.
რა არის „მეგა-ჰოულდინგის“ სამომავლო გეგმები?
მარიამ მამუკაშვილი: „ვგეგმავთ მიმართულებების დამატებას. ახლა 4000-მდე სხვადასხვა პროდუქტი გვაქვს. ამ წლის გეგმა კი აღნიშული ციფრის გაორმაგებაა. ასევე გვინდა, რომ მთელი საქართველო მოვიცვათ და თითოეულ რეგიონში ერთი ფილიალი მაინც გავხსნათ, რომელიც ადგილობრვ ბაზარს მოემსახურება.
და კიდევ, გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავასაქმოთ და ამით წვლილი შევიტანოთ საქართველოში არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა, ხოლო სტუდენტებსა და დედებს მათზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს ვთავაზობთ“.
როგორც ქალი, რა წინააღმდეგობებს აწყდებით საქმეში და როგორ ცდილობთ მათთან გამკლავებას?
მარიამ მამუკაშვილი: „თავიდან, ძალიან მიჭირს ნდობის მოვიპოვება. იმის გამო, რომ საკმაოდ ახალგაზრდა და თან ქალი ვარ ბევრისთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელია “ქალმა როგორ უნდა მართოს ბიზნესი”?!
იმისთვის, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ, ბევრი უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, დავიჯეროთ ჩვენი შესაძლებლობების და ერთი წუთითაც არ დავუშვათ, რომ თუ რაიმე გულით გვინდა, შეიძლება არ გამოგვივიდეს“.
როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი?
მარიამ მამუკაშვილი: „უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების. თუმცა, პარალელურად სულ უნდა ვსწავლობდეთ, ვცდილობდეთ განვითარებას და ვმუშაობდეთ იმაზე, რომ რაც ვიღაცისთვის წარმოუდგენელი და არარეალურია, ჩვენთვის ძალიან რეალური გახდეს. ასე თუ მოვიქცევით, ბევრად მეტის გაკეთებას შევძლებთ, მეტად წარმატებულები ვიქნებით“.
თქვენს თანატოლებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს თავიან საქმეში, რა რჩევას მისცემდით?
მარიამ მამუკაშვილი: „ვეტყოდი, რომ მზად იყვნენ ძალიან რთული გზის გასავლელად. მაშინ, როდესაც სხვები ერთობიან და ისვენებენ, მათ შეიძლება თავდაუზოგავი შრომა და მუშაობა მოუწიოთ, ფსიქოლოგიურად უნდა იყვნენ მზად ამისთვის, მაგრამ ამ გზის გავლა ნამდვილად ღირს. ზოგჯერ, დათმობაზე წასვლას და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას კარგ შედეგებამდე მივყავართ. მაშინაც კი, თუ არავის სჯერა თქვენი. გახსოვდეთ, რომ უძინარ ღამეებს აუცილებლად შეცვლიან ნათელი დღეები“.