პირველი ქართველი სტუდენტი – მედეა ღამბაშიძე 100 წლის წინ საკუთარ ოცნებას დაემშვიდობა

მედეა ღამბაშიძე იყო პირველი, ვინც 1918 წელს დაარსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მან 19 წლის ასაკში პირველმა შეიტანა განცხადება თსუ-ში და პირველი სტუდენტური ბარათიც მისცეს. მედეა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა.

მედეა ღამბაშიძე დედასთან ერთად | ფოტო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი / Facebook

„ჩავეწერე სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. მახსოვს, მინდოდა ყველა ლექციის მოსმენა, აკაკი შანიძის ლექციით დავიწყე. მისივე რჩევით დავიწყე სომხური ენის სწავლა. 3 გაკვეთილის შემდეგ გადავედი არაბულზე. გ. ახვლედიანთან დავიწყე სანსკრიტის სწავლა. ძალიან მომწონდა ლურსმული წერა. მახსოვს კიდევ შალვა ნუცუბიძის სიცოცხლით სავსე ლექციები ფილოსოფიაზე და დიტო უზნაძის ნაზი, საინტერესო ლექციები ფსიქოლოგიაზე. ვისმენდი აგრეთვე ბატონ ივანე ჯავახიშვილის ლექციებს საქართველოს ისტორიის შესახებ.“

მედეას მშობლები სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს უსასყიდლოდ კითხულობდნენ. მამა –  ვახტანგ ღამბაშიძე, ჰიგიენის კათედრას ხელმძღვანელობდა. დედა – ვანდა ღამბაშიძე, ივანე ჯავახიშვილის მოწვევით ინგლისურ ენას ასწავლიდა სტუდენტებს.

მედეა ღამბაშიძეს პირად მოგონებებში აღწერილი აქვს უნივერსიტეტის გახსნის დღე, სადაც ამ მოვლენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„პირველ საათზე, დიდი ზეიმით გაიხსნა ქართული უნივერსიტეტი. აუარებელ საზოგადოებას ვეღარ იტევდა ქართული უნივერსიტეტის შენობის კედლები. პარაკლისის შემდეგ, უნივერსიტეტი გახსნა ქუთაისის მკვიდრმა და შემდგომ  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა: „ეს დღე დაუვიწყარ დღედ დარჩება ქართველი ერისათვის… ამ უნივერსიტეტმა უნდა აღანთოს ქართველ ერში გონებრივი განახლებისა და აღორძინების ლამპარი. მან უნდა გადმონერგოს ჩვენში ევროპის გონების საგანძური. არასოდეს არ ყოფილა ასე საჭირო და ძვირფასი ჩვენთვის სამეცნიერო ტაძარი, როგორც დღეს – ამ ძველის დანგრევისა და ახალის წარმოშობის ჟამს – როდესაც ქართველმა ერმა უნდა მოიპოვოს არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლება, არამედ უნდა განახლდეს მისი სულიც და ფართოდ გაშალოს ფრთები მისი შემოქმედების გენიამ…“

სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციის გამო, მედეა ღამბაშიძეს უნივერსიტეტის დამთავრება არ დასცალდა. სამი წლის შემდეგ მთელი ოჯახით ემიგრაციაში მოუწია წასვლა. თავდაპირველად ოჯახი კონსტანტინოპოლში წავიდა, სადაც მედეამ და მისმა მშობლებმა  წითელ ჯვარში დაიწყეს მუშაობა. შემდეგ  ქართველი ინტელიგენციის სხვა წევრებთან და პირველი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პარიზში გაექცნენ საბჭოთა რეპრესიებს. როგორც მათი მოგონებებიდან ჩანს, ოჯახს პარიზში ძალიან უჭირდა და სამშობლოში დაბრუნებაზე ყოველდღე ოცნებობდა, თუმცა ეს ოცნება ვერასდროს აიხდინეს.