Med City/მედ სითი | ახალი ონლაინ პლატფორმა სამედიცინო სფეროს შესახებ

მარცხნივ: თათა ცინცაძე. ფოტოგრაფი – მახო ყიფშიძე;
მარჯვნივ: თათა დვალიშვილი. ფოტოგრაფი – ლაშა ღუღუნიშვილი.

Med City/მედ სითი ორი მეგობრის მიერ შექმნილი ახალი პლატფორმაა ონლაინ სივრცეში, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობისა და სამედიცინო სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ.

Facebook-ჯგუფი სულ რაღაც 1 თვეა, შეიქმნა და მასში უკვე 30 ათასზე მეტი მომხმარებელია გაწევრიანებული. კორონავირუსის მიერ შექმნილი სიტუაციდან გამომდინარე, პლატფორმამ და სამედიცინო სფეროს სპეციალისტებთან გამარტივებულად ონლაინ დაკავშირებამ ჯგუფის წევრებში კიდევ უფრო დიდი ინტერესი გააჩინა. აქ გაწევრიანებული არიან არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სვამენ კითხვებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, არამედ გამოცდილი სპეციალისტები, სამედიცინო სფეროს თითქმის ყველა მიმართულების წარმომადგენელი ექიმები და სამედიცინო სფეროში მომუშავე სხვა პერსონალი.

მკაცრი წესებისა და შემქმნელების მიერ გაწეული დაუღალავი შრომის შედეგად, მედ სითის ხარისხიანი პლატფორმა ჯგუფის წევრებში ნდობას აჩენს.

პროექტის შექმნის მთავარ მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე თავად დამაარსებლებს, თათა დვალიშვილსა და თათა ცინცაძეს ვესაუბრეთ.

როგორ და როდის გაჩნდა მედ სითის შექმნის იდეა? და რა არის ჯგუფის მთავარი მიზანი?
თათა დვალიშვილი: მედ სითის შექმნის იდეა ძალიან დიდი ხანია, გვაქვს მე და თათას, უბრალოდ, პანდემიის პირობებში ეს ყველაფერი დაჩქარდა. გვინდოდა, შეგვექმნა სამედიცინო პლატფორმა, რომელიც იქნებოდა ინოვაციური ქართულ სოციალურ სივრცეში. ლოქდაუნმა ხელი შეგვიწყო იდეის განხორციელებაში, რადგან გადავედით სახლიდან მუშაობაზე და გამოგვიჩნდა უფრო მეტი დრო. ჯგუფის მთავარი მიზანი მომხმარებლებსა და სამედიცინო სფეროს შორის დისტანციური კომუნიკაციის ხელშეწყობაა.

ჩვენი ჯგუფის მეშვეობით ადამიანები უფრო მარტივად უკავშირდებიან სამედიცინო სფეროს ნებისმიერ წარმოამდგენელს, არა მარტო ექიმებს, არამედ სადაზღვევო აგენტებს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და ა.შ. ამ ჯგუფის უმთავრესი მიზანი იყო საზოგადოებისთვის გაგვეცნო სამედიცინო სფეროში არსებული სხვადასხვა ინოვაციური მეთოდების, თანამედროვე მიმდგომების, კვლევების, აპარატურის შესახებ;

ასევე, გაგვევრცელებინა ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული უნიკალური ოპერაციების შესახებ, რისი მეშვეობითაც შევძლებთ საქართველოში ამ სფეროს პოპულარიზებას და მის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. გარდა ამისა, ხუთშაბათობით გვაქვს რუბრიკა „გაიცანი ექიმი“.

თათა ცინცაძე: ამ რუბრიკების მეშვეობით ძალიან გვინდა, წინ წამოვწიოთ ჩვენი ახალგაზრდა ექიმები და გავაცნოთ ხალხს ისინი.

შექმნის დროს გქონდათ თუ არა ფინანსურ მოგებაზე გათვლა?
თათა ცინცაძე: შექმნის დროს ნამდვილად არ გვქონია ფინანსურ მოგებაზე გათვლა. თუმცა ახლა უკვე გვიკავშირდებიან დიდი ჰოსპიტალები, პატარა კლინიკები, ლაბორატორიები, ფარმაცევტული კომპანიები. ჯგუფზე მოთხოვნის გაზრდის შესაბამისად, ავიყვანეთ დამატებით დიზაინერი, რაც, მოგეხსენებათ, ფინანსურადაც უნდა დაბალანსდეს. მსგავსი დაინტერესების შემთხვევაში ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ჩვენი ჯგუფის წევრები სარგებლობდნენ განსაკუთრებული პირობებით.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ჯგუფის წევრები. შესაბამისად, ყველა დაინტერესება აუცილებლად მორგებული უნდა იყოს, პირველ რიგში, მათზე.

Facebook-ზე არაერთი მსგავსი ჯგუფი არსებობს. როგორ ფიქრობთ, რითი გამოირჩევა თქვენი პროექტი სხვებისგან?
თათა ცინცაძე: ჩვენ გვაქვს განსხვავებული კონცეფცია – პირველები ვართ, ვინც სამედიცინო სფერო ონლაინ სივრცეში გადაიტანა. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჯგუფი არსებობს დღესდღეობით Facebook-ზე, მედ სითი შინაარსითა და მიზნებით მათგან სრულიად განსხვავდება. ჩვენთან ძალიან არის დაცული ვიზუალური მხარე, არ იდება სქრინები, არ იდება უარყოფითი პოსტები, არ იდება მედიკამენტების შესახებ რჩევა, მხოლოდ სპეიცალისტების რეკომენდაციები. ასევე, ჯგუფში მოქმედებს ძალიან მკაცრი წესები. იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცას მედიკამენტზე რჩევა, ალტერნატიულ მედიცინაზე, არატრადიციულ მეთოდებზე სურს დაწერა, მსგავსი შინაარსის პოსტები არ დასტურდება. ხოლო კომენტარის სახით მსგავსი არასწორი რეკომენდაციის და სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე რჩევის გაცემის შემთხვევაში, კომენტარი აუცილებლად იშლება.

თათა დვალიშვილი: სწორედ მკაცრი წესების დამსახურებაა, რომ ჯგუფში არასდროს არის ქაოსი, კონფლიქტი ჯერ-ჯერობით არ წარმოქმნილა და არ დაგვჭირვებია სიტუაციის გასანეიტრალებლად ჩარევა. ასევე, ჩვენი ჯგუფის პროფილი არ გულისხმობს ანონიმური პოსტების დადებას. ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლით, რომ ჯგუფი ემსახურებოდეს ისეთი შინაარსის პოსტების დადებას, რომელიც იდენტობის დაფარვას საჭიროებს. ჯგუფი არის სრულიად ღია და გახსნილი, ხოლო მომხმარებლები, ძირითადად, საყოველთაო ჩივილებითა და პრობლემებით მოგვმართავენ.

ყველაზე ხშირად რა საკითხებით ინტერესდებიან და რა სახის კითხვებს სვამენ ჯგუფის მომხმარებლები?
თათა დვალიშვილი: დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ კითხვები ყველაზე ხშირად ეხება Covid-19-ის ვირუსს. ძირითადად, კითხვებს სვამენ ინფექციონისტების, თერაპევტების, უროლოგების მიმართ.

ხომ არ შიშობთ, რომ პანდემიის დასრულებისა და Covid-19-ის დამარცხების შემდეგ ჯგუფმა, შესაძლოა, აქტუალურობა დაკარგოს?
თათა დვალიშვილი: გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი იდეა პანდემიის დაწყებამდე გაჩნდა, ჩვენი გათვლა არ ყოფილა ჯგუფის კორონავირუსისკენ მიმართვა. ჯგუფში გაერთიანებულია მედიცინის, თითქმის, ყველა მიმართულების სპეციალისტი, გინეკოლოგები, ალერგოლოგები, იმუნოლოგები, უროლოგები და ა.შ. რაც ჩვენს ჯგუფს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. ასე რომ, მას შემდეგ, რაც კორონავირუსს დავამარცხებთ და ამის შესახებ ღელვა ჩაცხრება, ვფიქრობთ, დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება. ვაპირებთ, ძალიან ბევრი სიახლის შემოთავაზებას რუბრიკების სახით და არა მარტო, ვაპირებთ, უფრო ფართო მასშტაბები მოვიცვათ.

როგორ ახერხებთ ჯგუფის ხარისხისა და სანდოობის შენარჩუნებას?
თათა დვალიშვილი:

ხარისხი ჩვენთვის ცხოვრების პრინციპია. ამას დაუღალავი შრომით ვახერხებთ.

ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჯგუფის წევრების მიმართ. ამას ემატება ის, რომ თათას აქვს ძირითადი სამსახური, მე მყავს მცირეწლოვანი შვილი, რაც კიდევ უფრო დიდ შრომას მოითხოვს ჩვენგან, თუმცა, ყოველთვის ვცდილობთ, ბოლომდე დავიხარჯოთ, რათა ჩვენი ჯგუფის წევრებს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხი და მოვიპოვოთ მათგან ნდობა. არცერთ პოსტს უკომენტაროდ არ ვტოვებთ, რისი კონტროლიც, მოგეხსენებათ, ძალიან რთულია.

თათა ცინცაძე: თავად ჩვენ თითოეულ პოსტს აუცილებლად ვპასუხობთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რჩევის გაცემამდე ვუთანხმდებით სპეციალისტს წინასწარ.

რა მეთოდით არჩევთ, როგორ აკავშირებთ კითხვის ავტორს მისთვის საჭირო სპეციალისტთან?
თათა ცინცაძე: მე და თათა არ ვართ ექიმები, მედიცინასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, მე გაყიდვების მიმართულებით ვმუშაობ, ხოლო თათა – პიარის კუთხით. მიუხედავად ამისა, ბავშვობიდან ძალიან გვიყვარდა მედიცინა, ვკითხულობდით ლიტერატურას, პირადი გამოცდილება გვაქვს ექიმების მიმართ. შესაბამისად, ზუსტად ვიცით, რომელ სპეციალისტს უნდა დავაკავშიროთ პოსტის ავტორი.

თვლით თუ არა, რომ თქვენმა იდეამ, შესაძლოა, პაციენტსა და ექიმს შორის არსებული კომუნიკაციის ბარიერზე დადებითი გავლენა იქონიოს და ამასთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიოს?
თათა დვალიშვილი: დიახ, რა თქმა უნდა, ამას თავად სამედიცინო პერსონალისგანაც ვისმენთ და სწორედ ესეც იყო ჩვენი იდეის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. მაგალითად, როგორც ჩვენი თერაპევტი, მაკა ცუცქირიძე, ამბობს, ამ ჯგუფმა სრულიად დაანგრია ექიმსა და პაციენტს შორის არსებული ბარიერი და დაახლოვა ისინი. ექიმებიც განსაკუთრებულ ზრუნვას ავლენენ ჩვენს ჯგუფში.

თათა ცინცაძე: ეს, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ ჯგუფში არ არის არეულობა, ყველაფერი მოწესრიგებულია და ყველა ექიმს სიამოვნებს ასეთ პლატფორმაზე აქტიურობა.

მართალია, ჯგუფი, სულ რაღაც, 1 თვეა, შეიქმნა, მაგრამ შეგიძლიათ, თქვათ, რომ მიაღწიეთ მიზანს, რომელიც ჯგუფის ჩამოყალიბებადე, იდეის შექმნის დასაწყისშივე დაისახეთ?
თათა ცინცაძე: ჯგუფი, სულ რაღაც, 1 თვეა, რაც არსებობს და უკვე 30 ათასი მომხმარებელი ჰყავს. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ხარისხიანი მომსახურების დამსახურებაა. ჩვენ მოვიპოვეთ ნდობა და ვაწვდით მომხმარებელს ისეთ ინფორმაციას, რომლის გადამოწმებაც აღარ სჭირდებათ.

თათა დვალიშვილი:

ჩვენმა იდეამ მოლოდინს გადააჭარბა. ასე მალე პოპულარობას და წინსვლას არ ველოდით, თუმცა ეს, ალბათ, დაუღალავი შრომის შედეგია. უდიდესი შრომის შედეგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედ სითი უკვე ბრენდია და სხვადასხვა კომპანიები თანამშრომლობას გვთავაზობენ.

ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა. თუმცა პროექტს საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია და პანდემიის დასრულების შემდეგ ვგეგმავთ ძალიან ბევრ სიახლესა და სიურპრიზს.