გამოიწვევს თუ არა გენდერული თანასწორობა გლობალური ეკონომიკის ზრდას

მაკენზის გლობალური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მსოფლიოში გენდერული უთანსაწორობის აღმოფხვრის შემთხვევაში 2025 წლისთვის გლობალური მშპ შესაძლოა 12 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდოს. ორგანიზაციის აზრით, მიზნის მისაღწევად და გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად საჯარო, კერძო და სოციალური სექტორების მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო.

გენდერული უთანასწორობა არა მხოლოდ აქტუალური სოციალური და მორალური საკითხია, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევაცაა.

“სრული პოტენციალის“ სცენარში, რომლის მიხედვითაც ქალები და მამაკაცები იდენტურ როლს იკავებენ მსოფლიო შრომით ბაზარზე, 2025 წლისთვის გლობალური მშპ შესაძლოა 26%-ით ანუ 28 ტრილიონით გაიზარდოს.

ათწლეულების განმავლობაში მიღწეული წინსვლის მიუხედავად, უთანასწორობის უფსკრული ქალებსა და მამაკაცებს შორის ეკონომიკასა და საზოგადოებაში მაინც ღრმაა.

მაკენზის გლობალურმა ინსტიტუტმა შეიმუშავა გენდერული თანასწორობის 15 ინდიკატორი 95 ქვეყნისთვის და აღმოაჩინა, რომ მათგან 40-ს აქვს გენდერული უთანასწორობის მაღალი ან ძალიან მაღალი მაჩვენებელი ინდიკატორების მინიმუმ ნახევარში. ინდიკატორები იყოფა ოთხ კატეგორიად:

  • თანასწორობა სამსახურში
  • აუცილებელი სერვისები და ეკონომიკური შესაძლებლობები
  • სამართლებრივი დაცვა და პოლიტიკური ხმა
  • ფიზიკური უსაფრთხოება და ავტონომია

მაკენზის ინსტიტუტის აზრით, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა ექვსი ტიპის ინტერვეცია მიმდინარე პროცესებში:

  • ფინანსური წახალისება და მხარდაჭერა
  • შესაბამისი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა
  • ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა
  • ადვოკატირება და დამოკიდებულებების ფორმირება
  • ფართო შესაძლებლობების ინიცირება
  • შესაბამისი კანონების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და დებულებების შემუშავება.

ასევე, ორგანიზაცია დამატებით გვთავაზობს პოტენციური ჩარევის 75-მდე გზას, რომლებიც შეიძლება შეფასდეს და მორგებული იყოს თითოეული ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ კონტექსტზე.

გენდერული უთანასწორობის მოგვარება მოითხოვს ცვლილებებს როგორც ბიზნესში, ასევე ახალ კოალიციებში. კერძო სექტორს მოუწევს უფრო აქტიური როლის შესრულება მთავრობებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რის შედეგადაც კომპანიებს შეეძლებათ სარგებელი მიიღონ  პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით.