ხშირად მოისმენთ ფრაზებს – ,,მათემატიკა ჩემი არაა“, ,,ვერ ვიტან მათემატიკას“, ,,მათემატიკის სწავლის უნარი არ მაქვს“ და ა.შ.
მათემატიკისადმი მოსწავლეთა დამოკიდებულებებს მეცნიერებიც იკვლევენ, განსაკუთრებით ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, როცა ახალგაზრდები უფრო და უფრო ნაკლებ ინტერესს იჩენენ მათემატიკის შესწავლისადმი.
მართლაც, არის თუ არა მოსწავლის დამოკიდებულება და გარემოსგან შექმნილი წარმოდგენები კავშირში წარმატებასთან მათემატიკის სწავლისას?
საქართველოში მოსწავლეების 34% სწავლობს კლასში, სადაც მასწავლებელი მიიჩნევს, რომ გოგოებს ნაკლებად ეხერხებათ მათემატიკა, ვიდრე ბიჭებს. ხოლო მოსწავლეთა 43%-ს ჰყავს ისეთი მასწავლებელი, რომელიც მიიჩნევს, რომ მათემატიკის სწავლას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება.
სახელმწიფო შეფასება საგანმანათლებლო კვლევაა, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. 2015 და 2018 წლის კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავადგინოთ რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება მათემატიკისადმი, როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან.
უკანასკნელ წლებში შეიცვალა მოსწავლეთა მიერ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევის მაჩვენებლები, კერძოდ: 2015 წელს IX კლასელ მოსწავლეთა მხოლოდ 29,3% ფლობდა მინიმალურ ცოდნას მათემატიკაში; 30,3% კი – მინიმალური დონის დაძლევასაც ვერ ახერხებდნენ. 2018 წელს მინიმალური ცოდნა უკვე მოსწავლეთა 46%-ს გააჩნია, მინიმალურზე დაბალი კი – 23%-ს.
შეცვლილია მოსწავლეების განწყობები და დამოკიდებულებებიც მათემატიკის მიმართ. სახელმწიფო შეფასების მიხედვით, 2016 წელს, დებულებას: ,,მათემატიკაში ძლიერი არ ვარ – დაეთანხმა მოსწავლეთა 59%. ხოლო 2018 წლისთვის ეს მაჩვენებელი 12,6%-ით შემცირდა. ადრინდელთან შედარებით, 2%-ითაა შემცირებული იმ მოსწავლეთა რაოდენობაც, რომლებიც თვლიან, რომ მათემატიკა მათი თანაკლესელებისთვის უფრო მარტივია.
კვლევის თანახმად, მათემატიკაში მაღალ შედეგებს ის მოსწავლეები აჩვენებენ, რომლებსაც უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვთ ამ საგნის მიმართ; მოსწავლეთა ნახევარზე მეტი კი მათემატიკას რთულ საგნად მიიჩნევს და საერთოდ არ აპირებს სამომავლო კარიერის დაკავშირებას მასთან.
საქართველოში მოსწავლეების 34% სწავლობს კლასში, სადაც მასწავლებელი მიიჩნევს, რომ გოგოებს ნაკლებად ეხერხებათ მათემატიკა, ვიდრე ბიჭებს. ხოლო მოსწავლეთა 43%-ს ჰყავს ისეთი მასწავლებელი, რომელიც მიიჩნევს, რომ მათემატიკის სწავლას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება.
2015 წელს იმავე აზრს, რომ მათემატიკა ყველასთვის არაა და მის შესასწავლად სპეციალური ნიჭი უნდა ჰქონდეს ბავშვს იზიარებდა მშობლების 81%.
შეიძლება ითქვას, რომ ეს მაჩვენებლები დიდად არც 2018 წელს გაუმჯობესებულა. მსგავსი შეხედულებების მქონე მშობელთა რაოდენობა მხოლოდ 4%-ით შემცირდა.
მოსწავლეთა მათემატიკისადმი ნეგატიური დამოკიდებულებები ხშირად გამოწვეულია სოციალური გარემოთი და ადრეულ ასაკში შექმნილი მოლოდინებით, რომ მათი უნარები მათემატიკის შესასწავლად საკმარისი არ არის.