დიზაინერის პროფესიაში მთავარი შთაგონებაა. შთაგონება, რომელიც პროფესიულ ხელწერას განსაზღვრავს და ინდივიდუალიზმს კვეთს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანების სურვილების ზუსტად გაგება, მათი წარმოდგენების ზედმიწევნით დანახვა და ამ ყველაფრის კონკრეტულ პროექტში გადმოტანა. ანი მაჭავარიანი ინტერიერის იმ დიზაინერებს შორის არის, რომელიც ყველა დამკვეთს ამ პრინციპით უდგება, საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება კი მისი წარმატების საფუძვლად იქცა.
მომავალი პროფესია ფაქტობრივად, ბავშვობიდან აირჩია, როცა ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ბავშვობაშივე იცოდა, რომ ხატვას ვერ შეელეოდა და მისი პროფესიული განვითარებაც ამ გზით გაგრძელდებოდა. თუმცა, მთავარ და გადამწყვეტ ინსპირაციად დედის მეგობარს ასახელებს და სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე აბარებს. ანი ამ პროფესიაში მაგისტრის ხარიხის მფლობელია.
„რაც შეეხება კონკრეტულად ინტერიერის დიზაინს, ამ სფეროს მიმართ ინტერესი ოდნავ მოგვიანებით გამიჩნდა და რაც უფრო ხშირი შეხება მქონდა დიზაინთან, ჩემი საქმე სულ უფრო მეტად მიყვარდებოდა“.
ანის, როგორც ინტერიერის დიზაინერის კარიერა სამშენებლო კომპანია „დემაქს ჯგუფში“ იწყება. იმ წლებს დიდი გამოცდილების პერიოდს უწოდებს. დეველოპერულ კომპანიასა თუ დიზაინის სტუდიებთან თანამშრომლობის პარალელურად, ანიმ ჩათვალა, რომ მის კარიერაში საკუთარი კომპანიის დაფუძნების დრო დადგა. პროცესი მარტივი არ იყო, თუმცა როგორც გვეუბნება, მიზანს მიაღწია, ასეა ყოველთვის, როცა ადამიანი თავდაუზოგავად შრომობს.
„რა თქმა უნდა ამ გზაზე იყო ბევრი სირთულე და წინააღმდეგობა, როგორც მომხმარებლებთან, ასევე ხელოსნებთან მუშაობის პროცესში. დღევანდელი რეალობისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ქართველი მომხმარებელი დიზაინის მნიშვნელობასა და დანიშნულებას ბოლომდე ვერ იაზრებდა, რაც ბუნებრივია სირთულეებს ქმნიდა“.
სირთულეები უკან მოიტოვა და ანი მაჭავარიანის AM Interior Studio ახლა ბაზარზე მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ანის გუნდი 6 წევრისგან შედგება, აქედან 5 დიზაინერია, ჯამში შვიდივე კი ქალები არიან. AM Interior Studio მხოლოდ დიზაინზე არ მუშაობს, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში კომპანია სარემონტო სამუშაოებს სრულად იბარებს და ასე მათ ანგარიშზე უკვე არაერთი საინტერესო, თანამედროვე და განსხვავებული პროექტია.
„ჩვენთვის მთავარია ყველა მომხმარებელს შევთავაზოთ მათზე მორგებული გარემო და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი სურვილები. საქმეში მუდმივად ორიენტირებულები ვართ ხარისხსა და სიახლეებზე. მუდმივად ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტენდენციებს, ყველაფერს, რის შესაძლებლობასაც ქართული რეალობა გვაძლევს“.
თუმცა, როგორც ანი გვეუბნება, ყველა ახალი ტენდენცია ყოველთვის არ ნიშნავს საუკეთესოს, ამიტომაც საკუთარ გუნდთან ერთად მუდმივად ოქროს შუალედსა და ბალანსს ეძებს. AM Interior Studio-ს გოგონები მუდმივად კვალიფიკაციის ამაღლებასა და განვითარებაზე ზრუნავენ, ცდილობენ მნიშვნელოვანი პრეზენტაციები და გამოფენები საქართველოსა თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ თითქმის არასოდეს გამოტოვონ. შედეგად კი ჩამოყალიბდა გუნდი, რომელსაც საერთო საქმის სიყვარული აერთიანებს და კომპანიის წარმატების გზაზე ყველას საკუთარი როლი აქვს.
„ჩვენს კომპანიაში ყველას უყვარს საკუთარი საქმე და ვფიქრობ, ყოველთვის საუკეთესო შედეგს ამიტომაც ვდებთ. AM Interior Studio-ს დიზაინერები არიან მეგი ნაგერვაძე, თათა ბექაური, ნათია გაბუნია, ნინი ტყემალაძე და სალი მიქელაძე. ოფის მენეჯერის პოზიცია ლიკა გეწაძეს უკავია, მე კი კომპანიის დამფუძნებელთან ერთად აღმასრულებელი დირექტორიც ვარ“.
ანი გვეუბნება, რომ ინტერიერის დიზაინერის ყოველდღიურ პროფესიულ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს დამკვეთის გემოვნებასა და ცხოვრების სტილს. ბუნებრივია ხედვებს შორის თანხვედრა საქმეს ამარტივებს და შედეგიც საუკეთესო დგება. თუმცა, ყოველთვის ასე არ არის. ანი კონტექსტიდან ამოვარდნილი მოთხოვნის შემთხვევაში კომპრომისზე არ მიდის, ეს მისი დაუწერელი კანონია.
„ჩვენ ვმუშაობთ როგორც ქართველ, ასევე არაქართველ მომხმარებელთან. მიდგომა ყველა დამკვეთთან ინდივიდუალური გვაქვს. ჩვენი ხედვითა და შთაგონებით შექმნილი მათზე მორგებული გარემო, ყოველთვის გვეხმარება მომხმარებლების კეთილგანწყობის მოპოვებაში“.
აქსიომაა, რომ სამომხმარებლო სფეროში მომხმარებლის კეთილგანწყობას ჯაჭვური ეფექტი აქვს, ბევრი კმაყოფილი დამკვეთი კიდევ უფრო ბევრი შეკვეთის საფუძველია. ანის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე ვკითხეთ, გამოყოფისგან თავი შეიკავა, მიზეზი გასაგებია, გვეუბნება, რომ მის კარიერაში ყველა პროექტს საკუთარი როლი აქვს და თითოეულმა მათგან პროფესიულად გაზარდა.
მიუხედავად პროგრესისა, როგორც ირკვევა, ინტერიერის დიზაინის კუთხით კლიენტთა მიმართვიანობის კულტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. თუმცა, ანის მიაჩნია, რომ განვითარების ტენდენცია მზარდია. ანი გვიხსნის, რომ ამ ეტაპზე ყველაზე ტრენდული ბუნებასთან და ბუნებრივ მასალებთან სიახლოვეა. შესაბამისად დიზაინერებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ინტერიერში მეტი სიმწვანე და სიცოცხლე შეიტანონ, მეტად გამოიყენონ ბუნებრივი ქვა და ხის ტექსტურა.
„ასევე არანაკლებ ტრენდულია, მეტად ორიენტირება განათებების მრავალფეროვნებაზე. ინტერიერში განათება უდიდეს როლს თამაშობს“.
და უდიდეს როლს თამაშობს პროფესია ანის როგორც ხელოვანის ცხოვრებაში. ახალგაზრდა დიზაინერი გვეუბნება, რომ მისი საქმე მხოლოდ პროფესია კი არა, მთელი ცხოვრებაა, ის არის ჰობიც და საყვარელი საქმიანობა დასვენების დროსაც კი.
„დიზაინერის და არამხოლოდ დიზაინერის ცხოვრებაში წარმატება დიდი შრომის, მუდმივი სწავლის და განვითარების სურვილის შედეგად მოდის. თუ ადამიანს საკუთარი საქმე უყვარს და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე მჯერა, რომ ასეთი ადამიანი წარმატებას აუცილებლად მიაღწევს“.
AM Interior Studio-ს წინ ბევრი ამბიციური გეგმა აქვს. გოგონები აქ გაჩერებას არ აპირებენ, მათი მოტივაციის ძირითადი წყარო აქამდე შესრულებული წარმატებული პროექტებია. ამიტომაც უფრო წინ და უფრო შორს იყურებიან, უახლოეს პერიოდში გეგმავენ, რომ მასშტაბურ პროექტებს შეეჭიდონ და საკუთარი სიტყვა იმ ბაზარზეც თქვან, სადაც მათი ხედვისა და შთაგონების დიზაინერებს ელოდებიან!