სოფიო მაჭარაშვილის პროფესიული კარიერა პირველი დღიდან დღემდე განათლების სფეროს უკავშირდება. პროფესიით ექიმ-პედიატრი უნივერსიტეტის დასრულებისთანავე სამუშაოდ, მამის მიერ 1992 წელს დაფუძნებულ, პროფესიულ კოლეჯში მიდის, ოჯახური ბიზნესი მისთვის მაშინ საინტერესო იყო. თუმცა აქ არ ყოფილა განსაკუთრებული პრივილეგიები. კარიერული კიბე საწყისი საფეხურიდან დაიწყო, ჯერ მედდის საქმის მიმართულებით სტუდენტებს თეორიულ კურსს უკითხავდა, შემდეგ იყო ადმინისტრაციული განყოფილება, შესაბამისად კომუნიკაცია სტუდენტებთან და ლექტორებთან, შემდეგ ‒ სასწავლო მიმართულებით ხელმძღვანელის პოზიცია და გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებელი საქმიანობის დრო დადგა!
რისკზე წასვლა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა სოფიო მაჭარაშვილის ხასიათის შტრიხებია, წავიდა ოჯახური ბიზნესიდან, თუმცა არა განათლების სფეროდან. 2015 წელს პროფესიულ ავტორიზებულ კოლეჯს ‒ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას“ აფუძნებს და უკვე მეცხრე წელია ამ სასწავლებლის დამფუძნებელიც და რექტორიც არის. ეს დროში აკადემიური ხარისხის ამაღლებას ემთხვევა, კოლეჯის მართვასთან ერთად სოფო დოქტორანტურაში აბარებს და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხს იღებს.
„ხშირად გვესმის, რომ ადამიანები მშობლების გარეშე წარმატებას ვერ აღწევენ, მამამ ნამდვილად დიდი საქმე გამიკეთე, სწორ რელსებზე დამაყენა, თუმცა ჩემი არჩევანი დამოუკიდებლად სვლაა. მინდოდა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, შემდეგ ოჯახის და საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა, რომ ბიზნესის წარმატებულად მართვა დამოუკიდებლადაც შემეძლო“.
დამოუკიდებლობას მეტი პასუხისმგებლობა მოჰყვება, ეს ასეა ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც. თუმცა სოფო გვეუბნება, რომ საგანმანათლებლო ბიზნესის კიდევ უფრო რთული და სპეციფიკურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროფესიული განათლება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროდ ითვლება. როგორც სოფო ამბობს, პრიორიტეტულობას მუდმივი რეფორმები მოჰყვება, რეფორმებს კი ფეხის აყოლა სჭირდება.
„რეფორმები და განვითარება კარგია, მაგრამ რამდენად კარგიც არის, იმდენად რთულია ფეხის აყოლა. ხშირად გვიწევდა დაწყებული საქმის დაშლა და თავიდან აწყობა. ბევრმა ამ პროცესს ვერ გაუძლო, ჩამორჩა და ფუნქციონირება შეწყვიტა“.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია“ 2019 წლიდან საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელია. მსურველებს ამ სასწავლებელში შესაძლებლობა აქვთ სახელმწიფოს დაფინანსებით დაეუფლონ აღმზრდელის, შრომის უსაფრთხოების პროფესიებს, ასევე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, შეისწავლონ საბაჟო, სამშენებლო, ელექტრობა და საოფისე საქმე, მიიღონ საექთნო განათლება და სხვა. პროფესიული კოლეჯი თბილისში ორი საკუთარი შენობითა და ორი განყოფილებით არის წარმოდგენილი, სასწავლებელს განყოფილება აქვს ქალაქ საჩხერეშიც. აქ მუდმივი განვითარება მთავარი საზრუნავია, სოფოს მიზანია არ გაჩერდეს. ასეც ხდება, გვიყვება რომ წარმატებით არ კმაყოფილდება, ერთ მიზანს მეორეს აწევს და ასე მუდმივად.
„როგორც კი ერთი წარმატებით დაკმაყოფილდები, ეს შენი გაქრობის წინაპირობა იქნება. თუ თვითკმაყოფილებას მიეცემი, პროცესები გაგექცევა, ბაზარზე ადგილს დაკარგავ. ამიტომ ჩვენთან წარმატება ერთდღიან სიხარულად ასოცირდება, მეორე დღეს ახალ გეგმაზე ფიქრი იწყება. ამ მიდგომის შედეგია ის, რომ წარმატებული კოლეჯის სახელი გვაქვს, ეს არ არის ჩემი შეფასება, ასე გვაფასებენ სხვები“.
წარმატების საუკეთესო საზომი რიცხვებია, სოფიო მაჭარაშვილის კოლეჯში დარეგისტრირებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. განათლების სამინისტროს მიერ პროფესიული სასწავლებლებისთვის დადგენილ კვოტას აქ ყოველ წელს ითვისებენ,თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად არ რჩება.
გამოცდილებამ ასწავლა, რომ წარმატება თავდაუზოგავ შრომასა და საქმის სიყვარულს მოაქვს. ეს ბოლო იმითაც დასტურდება, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია დამატებით სამსახურადაც აქცია და საკუთარი ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემიდან საზოგადოებას პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე პირადად ესაუბრება.
სოფიო მაჭარაშვილის აქტივობა მის პროფესიულ კოლეჯს წლების წინ გასცდა, მუდმივად ზრუნავს, იმისთვის რომ საზოგადოების გაჯანსაღებაში საკუთარი, თუნდაც მოკრძალებული წვლილი შეიტანოს. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო რატომაც, ორი წლის წინ ბიზნესფედერაციას ‒ „ქალები მომავლისთვის“ ‒ შეუერთდა. ახლა მისთვის სტერეოტიპი სრულად დამსხვრეულია, რომ არსებობს ქალისა და კაცის პროფესიები და რომ ქალები წარმატებული ხელმძღვანელები ვერ არიან. ფედერაციაში გაწევრიანებამ სოფო საპირისპიროში დაარწმუნა, რადგან სწორედ აქ ერთიანდება ასამდე ქალი აბსოლუტურად ყველა დარგიდან, დაწყებული ესთეტიკური ცენტრით, დასრულებული სამთო მოპოვებითი მრეწველობით.
„აქ ვხედავ ბევრ წარმატებულ და ძლიერ ქალს. ეს მაძლევს სტიმულს, რომ მათ მივბაძო. ჩვენს ფედერაციაში განსაკუთრებით ძვირფასია ურთიერთობები, არის შემთხვევები, როცა ბიზნესსაქმიანობა სწორედ ერთმანეთის დახმარებით გრძელდება.ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანი ქალების გაძლიერებაა, ამის დასტურია ის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად 25 ქალი გადაამზადეს. მალე მზად იქნება ჩვენ შორის დადებული თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი და გადამზადების პროცესიც გაგრძელდება. გვინდა რომ ჩვენი აკადემიის ბაზაზე ჩატარებული ტრენინგების შედეგად ქალებში გავაძლიეროთ მეწარმეობის უნარები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შევასწავლოთ ქართული ენა და ვისაც სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარებაც შევთავაზოთ. ბუნებრივია, ყველაფერი ეს უსასყიდლოდ. ამას ჩემს სოციალურ პასუხისმგებლობად და საზოგადოების ფორმირებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობად განვიხილავ. მჯერა, რომ ბედნიერი ქალი ბედნიერ ოჯახთან და ეკონომიკური დოვლათის შექმნის წინაპირობაა“.
ფსიქოლოგიურ დახმარებას სოფო ქალებს მხოლოდ ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში არ სთავაზობს. პირველი თებერვლიდან მის პროფესიულ სასწავლებელში ფსიქოლოგ-კონსულტანტი საქმიანობს, რომელიც კოლეჯის ყველა თანამშრომელს ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს. ამ გადაწყვეტილებამდე მენეჯმენტი სამყაროს აჩქარებულმა ტემპმა მიიყვანა, სოფო ფიქრობს, რომ ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ რეალობას მოერგონ.
„რთულია ოჯახი და სამსახური ერთმანეთისგან გამიჯნო, რადგან სამსახურში ხშირად უფრო მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე სახლში. ფსიქოლოგი გვეხმარება, რომ სამსახურის საქმეები ოჯახში არ წავიღოთ და პირიქით. როცა ასე არ ხდება, ეს თანამშრომლის მოტივაციასა და შრომისუნარიანობაზე აისახება“.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა დროში და თითქმის ყველა ხელისუფლება პროფესიულ განათლებას სახელმწიფოს პრიორიტეტებს შორის ასახელებს, სოფო გვეუბნება რომ სფეროს მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით პოპულარობა აკლია, თავად ამას სტერეოტიპის არსებობით ხსნის ‒ რომ თითქოს პროფესიული განათლება პრესტიჟული არ არის.
„დროა, სახელმწიფომ იფიქროს, რომ ბევრ პოზიციაზე კვალიფიკაციის საჭიროება გააჩინოს. მაგალითად, სამშენებლო კომპანიებში ჯერ ისევ კვალიფიკაციის არმქონე თვითნასწავლი ადამიანები არიან დასაქმებულები, ამიტომაც მაგალითად, ხელოსნისთვის განათლებაზე ზრუნვა პრიორიტეტული არ არის, ის სამსახურს ისედაც შოულობს. მეორე და აუცილებელია, დამსაქმებლებმა გავაცნობიეროთ, რომ იმ პოზიციაზე, სადაც შეიძლება პროფესიული განათლების მქონე პირი დასაქმდეს, მაინც და მაინც უმაღლესის დიპლომი არ მოვითხოვოთ“.
დამწყებების დასაქმებისას ცალკე პრობლემაა დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილება. პროფესიული სასწავლებელი ამ პრობლემის გადაჭრაზეც ზრუნავს. კერძოდ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში“ სწავლების დუალური პროგრამა მოქმედებს, რაც ნიშნავს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, რის შედეგადაც სტუდენტს სასწავლებლიდან დიპლომთან ერთად სამუშაო გამოცდილებაც მიაქვს.
მალე ასე იქნება საჩხერეშიც, სადაც ამ დროისთვის არსებული პროგრამები მაშინ გაფართოვდება, როცა აკადემიას საკუთარი შენობა ექნება. სასწავლებელმა მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა,იქმნება პროექტიც და მალე მშენებლობაც დაიწყება. რატომ საჩხერე? კითხვაზე ჩემი სავარაუდო პასუხი სწორი აღმოჩნდა. სოფიო მაჭარაშვილი წარმოშობით საჩხერიდან არის, ამ ქალაქის სიყვარულმა კი რეგიონის განვითარების სურვილამდე მიიყვანა, არ მოსწონს, რომ მთელი ქვეყანა დედაქალაქშია თავმოყრილი, ამიტომაც სჯერა, რომ ამ ნაბიჯით ადგილობრივების ნაწილს მათივე ქალაქში შეინარჩუნებს. ბევრს ფიქრობს უმაღლეს განათლებასა და უცხოენოვანი პროგრამების დამატებაზეც.
ინტერვიუს ბოლოს, როცა ვთხოვეთ, დამწყები საქმიანი ქალებისთვის რჩევა მიეცა ბალანსის მნიშვნელობაზე გვესაუბრა.
„აუცილებლად უნდა შეძლონ ბალანსის დაცვა, ქალი როგორც ოჯახის წარმომადგენელი და ქალი, როგორც საქმიანი ქალი. და როგორც უკვე გითხარით, მთავარია განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, არ მოგერიდოთ გაბედული ნაბიჯების გადადგმა, არ შეგეშინდეთ წარუმატებლობის, პირიქით, წარუმატებლობა გამოცდილებად აქციეთ“.