საქართველოში შესაძლოა პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების წარმოება დაიწყოს

Photo by Macau Photo Agency

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, სამკერვალო სექტორის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა, პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების ადგილობრივი წარმოება დაიწყოს.

ნათია თურნავას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ ვირუსისგან დამცავ საშუალებებზე მსოფლიოში მოთხოვნის ზრდისა და დეფიციტის გამო მიიღო.

„გამოიკვეთა რამდენიმე სახის ალტერნატიული მასალა, რომელთაგან შეიძლება ადგილზე, საქართველოში, ჩვენს ფაბრიკებში დამზადდეს კარგი სტანდარტის პირბადეები და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ადგილობრივ მეწარმეებს, სამკერვალო კომპანიებს, განახორციელონ ეს პროექტი, რათა ჩვენს ბაზარზე შემცირდეს დეფიციტი და მოსახლეობას საქართველოში დამზადებული პირბადეები და ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებები, მათ შორის სადეზინფეცქიო ხსნარები შევთავაზოთ.“ – განაცხადა თურნავამ შეხვედრაზე.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი სამკერვალო საწარმოს მენეჯმენტმა პირბადეების სრულიად უსასყიდლოდ დამზადების სურვილი გამოთქვა.